საქსტატი: 2019 წელს ენერგორესურსების მოხმარება გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში მოიცავს ენერგორესურსების ისეთი სფეროების კვლევას, როგორიცაა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ნავთობი, ბიოსაწვავი და სხვა.

2019 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.1 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, 15.3 ათასი ტონა ქვანახშირი და 9.6 მილიონი მ3 ბუნებრივი აირი.

კვლევის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში, მოხმარება თითქმის ყველა ენერგორესურსზე გაიზარდა. ნავთობპროდუქტების მოხმარება, 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 8.8 %-ით გაიზარდა და 1 355.9 ათასი ტონა შეადგინა. ზრდა შეინიშნება ბუნებრივი აირის მოხმარებაშიც, რომელიც შარშანდელთან (1 809,2 მილიონი მ3) შედარებით, 8.7%-ით გაიზარდა (1 942.0 მილიონი მ3). რაც შეეხება ელექტორენერგიის მოხმარებას, მან 12 059.3 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რითაც 2018 წლის (11 937,3 მილიონი კილოვატსაათი) მაჩვენებელს 1.0%-ით გადააჭარბა. მაჩვენებელი მხოლოდ ბიოსაწვავისა და ნარჩენების მოხმარებაზე, 9.3%-ით, შემცირდა.

რაც შეეხება ენერგორესურსების წარმოებას, მონაცემებით ელექტროენერგიის სფერო (ჯამური წარმოების 73.3%) ლიდერობს, რომელიც 2018 წელთან შედარებით (76.3%), 3%-ით გაიზარდა. ხოლო, ბიოსაწვავისა და ნარჩენებისგან წარმოებულმა ენერგიამ, რომელიც უმეტეს წილად, შეშის სახითაა წარმოდგენილი, 18.4% შეადგინა.

ანგარიშში აგრეთვე წარმოდგენილია ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი, რომლის მიხედვითაც ენერგიის მოხმარებაში სატრანსპორტო სფერო ლიდერობს (30.9%). სხვა სფეროებში პროცენტული მაჩვენებლები ასე ნაწილდება – შინამეურნეობა 28.3%, მრეწველობა – 19.3%, კერძო და სახელმწიფო მომსახურება – 15.6%, მშენებლობა – 5.3%, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 0.6%.