კორუფციასთან მებრძოლი ახალგაზრდა ქალი სომალიდან

32 წლის ამინა მოჰამედ აბდი, სომალის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და აქტიური კრიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი და კანონმდებელი 275 ადგილიანი პალატიდან, რომელიც ამჟამად იბრძვის მესამე ვადისთვის საპარლამენტო არჩევნებში ერთადერთი ქალია ექვსი კანდიდატიდან. Reuters-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად ეკითხებიან, თუ როგორ არის შესაძლებელი ქალი კლანის წარმომადგენელი გახდეს, რაზეც ამინა დაჟინებით პასუხობს, რომ კლანს მხოლოდ მამაკაცები არ უნდა წარმოადგენდნენ.

Photo Credits to Reuters

2012 წელს, 24 წლის ასაკში მან სომალის პარლამენტში ადგილისთვის ბრძოლაში ჰავიეს კლანის ორი კანდიდატი დაამარცხა. ოთხი წლის შემდეგ კი მოიგო არჩევნები ჰირანში, რეგიონი დედაქალაქ მოგადიშუს ჩრდილოეთით.

მისი დაინტერესება პოლიტიკით და სურვილი, აღადგინოს საკუთარი ქვეყანა და შექმნას კარგი მომავალი მოდის ადრეული ბავშვობიდან. ამინა გაიზარდა 1992 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის დროს. როგორც თავად ყვება, 8 წლის ასაკში სკოლიდან მოსულს სახლი ცარიელი დახვდა, რადგან ოჯახმა ომის დაწყებისას ქალაქი დატოვა. მოგვიანებით ბიძასთან ცხოვრობდა, რომელიც თავადაც პარლამენტარი იყო და სწორედ მან შთააგონა ამინას პოლიტიკური კარიერის არჩევა მომავალში.  „მე გავიზარდე ქვეყანაში სადაც არ იყო მთავრობა. ჩვენს შვილებს კი აუცილებელია ჰყავდეს მთავრობა, რათა მიიღონ ძირითადი უფლებები, როგორიც არის – უსაფრთხოება, სუფთა წყალი და ხარისხიანი განათლება“ – ამბობს ამინა. ეს და სხვა მრავალი სურვილი მან თავის გამოსვლებში გააჟღერა, როგორც პარლამენტში, ასევე მის საზღვრებს მიღმა. სახელმწიფოს უწოდა კორუმპირებული და უძლური, რადგან სომალის 15-მილიონიან მოსახელობას ვერ იცავს. რიგითი მოქალაქეებისთვის ამინა სამაგალითო, ჭკვიანი და მამაცი ქალია.