დაახლოებით ერთი წელია, რაც მსოფლიომ პანდემიასთან თანაცხოვრება ისწავლა. თუმცა საკითხავია, რამდენად მარტივია იმ პრობლემებთან ერთადაც არსებობა, რომელიც მის გამოჩენას ახლდა. კოვიდ 19-ის გავრცელებამ ეროვნული ეკონომიკა და ბიზნესი ხარჯებითა და ვალებით დატვირთა. ლოქდაუნი და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები კი ის ბეწვის ხიდია, რომლის გავლაც ბიზნეს სექტორს ძვირი უჯდება.
გაზრდილი უმუშევრობა, ინფლაცია, მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება – ეს იმ პროცესთა ნაწილობრივი ჩამონათვალია, რომელიც ეკონომიკური ზრდის შემცირებაზეა პასუხისმგებელი. ეკონომიკა სხვადასხვა მოვლენების ჯაჭვური ურთიერთქმედებით იმართება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს ეკონომიკურ რეცესიასთან.
ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი კი მთლიანი შიდა პროდუქტია. მთლიანი შიდა პროდუქტი იმ საქონლისა თუ მომსახურების საბაზრო ღირებულებას ასახავს, რომელიც ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ მონაკვეთში იწარმოება. რაც უფრო იზრდება დროის გარკვეულ პერიოდში წარმოებული საქონლის რაოდენობა, იზრდება ცხოვრების დონეც. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ მცირდება მშპ ეკონომიკური ზრდაც გარკვეულწილად ფერხდება.
ISET-PI-ის პროგნოზით, 2020 წლის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი -5.5% იქნება, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში ზრდა დაახლოებით -3.4%-ს შეადგენს. მათივე ვარაუდით, ორთვიანი ლოქდაუნი გაცილებით ცუდ შედეგს მოიტანს.
პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან პანდემიის ფონზე ეკონომიკური სურათი გაურკვევლობებითაა სავსე. არაპროგონოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობა და სხვადასხვა რეგულაცია არსებულ ვითარებას უფრო ართულებს. ეკონომიკური ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი რამდენჯერმე იცვლება და ამაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს ზეგავლენას.
პირველი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საგარეო საქონლით ვაჭრობაა. არაერთი ქვეყნის მმართველმა ძალამ პანდემიის მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად ზომები გაამკაცრა. კრიზისის ფონზე სასაქონლო ვაჭრობა შეჩერდა. აკრძალვები არ შეეხო მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს. ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის წლიური მაჩვენებელი 13.4 %-ით შემცირდა.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირების გამო, შეფერხდა საწვავის მიღება რუსეთიდანაც. შეჩერდა ავტომობილების იმპორტის პროცესი თურქეთიდან. ამ დროის განმავლობაში საქონლის იმპორტმა 12.1%-ით დაიკლო.
ფულადი შემოსავალიც ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური პროგნოზის გასაკეთებლად. წლის დასაწყისში ფულადი გზავნილების შემოდინების პროცესი შენელდა, თუმცა ტემპი მალევე აღდგა. ოქტომბრის თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების წლიური მაჩვენებელი 12.5% -ით გაიზარდა. ძირითადად შემოდინება ფიქსირდებოდა უკრაინიდან, იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან. ხოლო გზავნილების რაოდენობის შემცირება შეინიშნებოდა ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან.
პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ ბუნებრივია, რომ ტურიზმის სექტორიც დააზარალა. ვიზიტორთა რაოდენობამ წინა წლის მონაცემებთან შედარებით 91.6%-ით იკლო. გარდა ამისა, წლის განმავლობაში საგარეო მიმოცვლის კურსი გამუდმებით იცვლებოდა. ნოემბრის თვის წინასწარი მონაცემებით ლარის წლიური კურსი სხვა სავაჭრო კურსებთან მიმართებით გაუფასურებულია. ლარის წლიურმა ღირებულებამ 12.7%-ით იკლო ევროსთან მიმართებაში, ხოლო დოლართან 8%-ით. კურსი შემცირდა 2 მთავარ სავაჭრო პარტნიორთანაც – თურქეთთან და რუსეთთან 3.5%-ით. სიტუაციის გასაუმჯობესებლად ნოემბერი-დეკემბრის თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 223.6 მილიონი დოლარი გაყიდა .
გაიზარდა წლიური ინფლაციის მაჩვენებელიც. პროგნოზი, რომ ინფლაციის ტემპი 3% იქნებოდა არ გამართლდა. ნოემბრის თვის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა. გარდა ამისა, აქვე ჩნდება მსოფლიო ფასების ინდექსი. გვაქვს ორი სახის – მეტალის ფასების ინდექსი და აგროკულტურული მატერიის ფასების ინდექსი. მეტალები საქართველოს ექსპორტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, ხოლო საკვები და საწვავი კი იმპორტის. შესაბამისად ერთის ფასების აწევა დადებითი შედეგის მომტანი იქნება ჩვენთვის, ხოლო მეორის კი – უარყოფითი. წლიური მონაცემებით მეტალის ფასმა 18.4%-ით მოიმატა, მაშინ როცა აგროკულტურული პროდუქტების ფასები 9.3 %-ით შემცირდა.