Apple-მა შესაძლოა ახალი ელექტრო-მანქანა ჰიუნდაისთან ერთად აწარმოოს

ოთხშაბათს CNBC-იმ სანდო წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ Apple სულ უფრო უახლოვდება Hyundai Motor Group-თან გარიგებას, რაც თვითმავალი ელექტრო-მანქანის წარმოებას უკავშირდება.

Photo Credits to Jim Wilson/The New York Times

შეთანხმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, EV ბრენდირებული იქნება, როგორც Apple და აიწყობა Kia-ს ქარხანაში, ვესტ ფოინთში, ჯორჯიის შტატში, იტყობინება CNBC.

წყაროებისვე განცხადებით, გარიგება ჯერ დასრულებული არ არის. Apple-მა შესაძლოა სხვა ავტომწარმოებელთან გადაწყვიტოს პარტნიორობა დამატებით ან სულაც Hyundai-ს მაგივრად. ტექ. კომპანია ცდილობს ააწყოს მანქანა ჩრდილოეთ ამერიკაში და მანქანათმშენებლობაში იპოვოს ისეთი პარტნიორი, რომელიც საშუალებას მისცემს მას საკუთარ ხელში აიღოს პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის სადავეები.

რაც შეეხება თავად მანქანის სპეციფიკას, ერთ-ერთმა წყარომ CNBC-ს განუცხადა, რომ Apple-ის მანქანები არ ითვალისწინებს მძღოლის ყოლას, თუმცა, შესაძლოა იყოს კომერციული ხასიათის. წყაროთა განცხადებით, რომლებიც კარგად იცნობენ გარიგების არსს, Apple წარმოების დაწყებას 2024 წლისთვის გეგმავს, მაგრამ არ არის გამორიცხული თარიღმა გადაიწიოს.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე Apple-ის აქციების ფასი 2% –ზე მეტით გაიზარდა.

ჭორები იმის შესახებ რომ Apple გეგმავს EV-ს წარმოებას წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში სპეკულაციები კიდევ უფრო გაძლიერდა.

დეკემბერში, Reuters–მა უცნობი წყაროების მითითებით, რომლებიც იცნობენ ტექნიკური გიგანტის გეგმებს, განაცხადა, რომ Apple გეგმავს თვითმართვადი EV-ს წარმოებას 2024 წლისთვის. წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მანქანა არ იქნებოდა კომერციული ან თვითმართვადი ტაქსი, არამედ სამომხმარებლო მანქანა. იმის ნაცვლად, რომ კონკურენცია გაუწიოს რობო-ტაქსის ფირმებს, როგორიცაა Waymo, Apple უფრო მეტ კონკურენციას გაუწევს ელექტრომობილების მწარმოებლებს, როგორიცაა Tesla და Rivian.