საქსტატი: 2020 წელს საქართველოში პენსია და სოციალური პაკეტი მილიონამდე ადამიანმა მიიღო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში სტატისტიკისა და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 958,317 პირი შეადგინა. მათგან პენსიის მიმღები იყო 783,705 მოქალაქე, რომელთაგან 71% ქალი, ხოლო 29 პროცენტი კაცია. მონაცემების მიხედვით, პენსიის მიმღებთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში ფიქსირდება, დაახლოებით 29 პროცენტი. შემდეგ მოდის იმერეთი 16.4 პროცენტით, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი და კახეთი.

სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 174,612 შეადგინა, საიდანაც 35% ქალები შეადგენენ, ხოლო 65 პროცენტს – კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 72.5 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.6 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 8.9 პროცენტს – ომის მონაწილეები, 5.7 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. პენსიების მიმღებთა მონაცემების მსგავსად, სოციალური პაკეტით მოსარგებლე ადამიანთა უმეტესობა თბილისის რეგიონიდანაა.

2020 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 330,943 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 146,619. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 63.1 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 32.7 ათასით განისაზღვრა.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში 3,716,900 ადამიანი ცხოვრობს.