ჩინეთი, რუსეთი და საუდის არაბეთი შესაძლოა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უერთდებიან

ჩინეთს, რუსეთსა და საუდის არაბეთს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის დიდი შანსი აქვთ. ჟენევაში, არასამთავრობო ორგანიზაციის, UN Watch-ის მიერ, ორგანიზებულ ბრიფინგზე, აღმასრულებელმა დირექტორმა სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ გაეროს კენჭისყრაზე ჩინეთს ხმა არ მისცენ. ჩინეთი ჰონგ-კონგში პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვაშია მხილებული. სახელმწიფომ გაეროს წესდებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპები დაარღვია.

Photo Credits to AP

დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსეთის კანდიდატურამაც, ვინაიდან სახელმწიფო ალექსეი ნავალნის მოწამვლაშია ბრალდებული. ვლადიმერ კარა-მურზამ, რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ვიდეო განცხადებაში თქვა, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფოში  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა, რაც მეტყველებს ადმიანის უფლებების დარღვევაზე. რაც შეეხება საუდის არაბეთს, 2019 წელს ქვეყანაში 184 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. Democracy for the Arab World Now (DAWN) აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ჩინეთის, რუსეთისა და საუდის არაბეთის არჩევა  ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებად გაეროს იმიჯს შეარყევს.

გაეროს წესდებით, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ქვეყნებმა უმაღლესი სტანდარტებით უნდა დაიცვან ადამიანთა უფლებები, რაც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების შემთხვევაში აბსურდულია, განაცხადა ჰილელ ნოიერმა, UN Watch- ის აღმასრულებელმა დირექტორმა.