ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) გამგეობამ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

Photo Courtesy of ISFED

ISFED-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნინო დოლიძე საჯარო პოლიტიკის მაგისტრია, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილებით. ბოლო 8 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით.

ახალი აღმასრულებელი დირექტორი კარგად იცნობს ორგანიზაციას – ის 2007-2011 წლებში სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი იყო. ნინო დოლიძეს უმუშავია 15-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო (OSCE/ODIHR, IRI, NDI, ENEMO) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ISFED 1995 წელს დაფუძნდა და ოპერირებს 4 რეგიონული ოფისისა და 73 რაიონული წარმომადგენლის მეშვეობით. წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია 400-მდე წევრს აერთიანებს.