Don’t Be Silent – 22 წლის იაპონელი სტუდენტის კამპანია გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ

22 წლის იაპონელი სტუდენტი ვერც კი წარმოიდგენა, რომ მის მიერ წამოწყებულ ონლაინ კამპანიას ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრეზიდენტის წინააღმდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა.

დაახლოებით ორ კვირაში მომოკო ნოჯოს მოძრაობა #Don’tBeSilent-ის ირგვლივ უამრავი აქტივისტი გაერთიანდა. 150,000 ხელმოწერა და გლობალური აღშფოთება იოშირო მორის წინააღმდეგ მისი გადადგომის მიზეზი გახდა. Tokyo 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოუწია. ის ქალმა, სეიკო ჰაშიმოტომ ჩაანაცვლა , რომელიც ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მინისტრი და შვიდგზის ოლიმპიელი იყო .

Photo Credits to Reuters

#Don’tBeSilent იოშირო მორის სექსისტური კომენტარების საპასუხოდ შეიქმნა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალები ძალიან ბევრს საუბრობენ და თუ საბჭოში მათი რიცხვი გაიზრდება, სიტყვით გამოსვლის დრო უნდა შეუმცირდეთ. ნოჯომ სწორედ ეს განცხადება გამოიყენა იმისთვის, რომ ტვიტერსა და სხვა მედია პლატფორმებზე პეტიციის ხელმომწერები შეეგროვებინა: „მხოლოდ რამდენიმე პეტიციამ შეძლო 150,000 ხელმოწერის მოპოვება. გამიკვირდა, როდესაც ეს მეც შევძელი. როგორც ჩანს, ადამიანებმა იოშიროს სიტყვები პირად პრობლემად აღიქვეს“ – ამბობს მომოკო.

მომოკოს სამოქალაქო აქტივიზმი დანიაში სწავლის პერიოდიდან იწყება. დღეს კი ის იაპონიის პოლიტიკაში ქალების უფლებების გაძლიერებაზე ზრუნავს. მისი თქმით, ქალებს სოციალური ცვლილებების ძალა შესწევთ, რაც მსოფლიოში მესამე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ძალიან სჭირდება: „გენდერული დისკრიმინაცია, სხვაობა ანაზღაურებას შორის და სტერეოტიპები დღემდე ფეხმოკიდებულია ამ კულტურაში. გავიაზრე, რომ სიტყვები, რომელიც მე მოვისმინე, კარგი შესაძლებლობა იქნებოდა თანასწორობის მოსაპოვებლად“ – ამბობს ეკონომიკის მეოთხე კურსის სტუდენტი ნოჯო.

მომოკოს აქტივიზმისთვის მოტივაციის მომცემი ის კითხვები გახდა, რომლებიც თანატოლი ბიჭებისგან ხშირად ესმოდა: „რომც არ გქონდეს სამსახური კოლეჯის დასრულების შემდეგ, დიასახლისი იქნები, არა?“. სწორედ ამიტომ, ნოჯომ ჯერ კიდევ დანიაში ყოფნისას, 2019 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია NO YOUTH NO JAPAN დაარსა. ამავე პერიოდში აირჩიეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ქალი მეტე ფრედერიკსენი, რაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა მისთვის: „მაშინ გავიაზრე თუ რამდენად დომინირებული იყო პოლიტიკა იაპონიაში კაცების მიერ“  – ამბობს ის.

ნოჯომ იაპონიის მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული წინადადება, რომ დასწრებოდა საბჭოს შეხვედრებს, უარყო. მისი თქმით, ის იქ მხოლოდ მეთვალყურედ სჭირდებოდათ და თან ყველაფერი კარგად დადგმულ პიარ სიუჟეტს ჰგავდა: „არ ვიცი, რამდენად არიან მზად იმისთვის, რომ ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანონ გენდერულ საკითხებში“ – ამბობს მომოკო და ამატებს, რომ ქალები არა, როგორც ჩუმი დამკვირვებლები, არამედ, როგორც მთავარი ფიგურები ისე უნდა იღებდნენ პროცესებში მონაწილეობას.

მომოკოს გამარჯვება პატარა ნაბიჯია დიდ ბრძოლაში. იაპონია გლობალური გენდერული ინდექსით 153 ქვეყანას შორის 121-ე ადგილზეა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია სხვა განვითარებული ქვეყნების ფონზე. „იაპონიაში, როდესაც გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე საუბრობ, არავინ გისმენს. ან თუ გისმენენ, მუხტი მალევე იკარგება და არაფერი იცვლება. არ მინდა, რომ შემდეგმა თაობამ ამ პრობლემის მოგვარებაზე დაკარგოს დრო.“