ქალები მარსზე წარმატებული დაშვების სათავეში

„პერსევერენსი“ უკვე ადგილზეა. თავს კარგად გრძნობს, მილიონობით ადამიანის შეტყობინებაც ჩაიტანა და ახალი სახლიდან – მარსიდან თვალსაჩინო მასალასაც გვიგზავნის. ალბათ დედამიწის უამრავი, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემის შემყურეები ცოტა ხნით მარსზე ხეტიალს ფიქრის გარეშე დავთანხმდებოდით. თუმცა, ახლა ამისათვის საჭირო არიან შეუპოვარი მარსმავალები. ისინი ზუსტად გვეტყვიან, თუ რა დაგვხვდება წითელ პლანეტაზე ჩასვლისას.

Nasa-ს „პერსევერენსი“ ჰაერში გასული წლის ივლისში გაიჭრა. მან 500 მილიონი კილომეტრი განვლო და საბოლოოდ მარსზე დაჯდა. უახლოეს მარსულ დღეებში, პერსევერენსს დედამიწელები მწყობრში მოიყვანენ, სამეცნიერო ინსტრუმენტებს შეუმოწმებენ და მოკლე სატესტო ტარებასაც ჩაატარებენ. ამის შემდგომ კი მარსმავალს პლანეტაზე ოპერაციების დაწყებაც შეეძლება. Nasa-ს ამ ისტორიული მისიის მთავარი ამოცანა წითელ პლანეტაზე პრიმიტიული სიცოცხლის კვალის მიგნებაა.

ეს ოპერაცია უამრავი ადამიანის შრომასა და გამოცდილებას აერთიანებს. მათ შორის, უდიდესია ქალების როლიც. ჩვენი მიზანია, წარმოგიდგინოთ მარსზე ისტორიული დაშვების სათავეში მდგომი ქალები – გაგაცნოთ ცოდნით, მონდომებითა და მიზნებით აღჭურვილი მეცნიერები, რომლებიც დედამიწას არ დასჯერდნენ და სხვა პლანეტების ათვისებას შეუდგნენ.

„პერსევერენსი“ მარსზე გადააფრინეს. ფრენის დირექტორი კი ქალი იყო. დიანა ტრუხილოს გზა კოლუმბიიდან მარსამდე მართლაც შთამბეჭდავია. ქალი შეერთებულ შტატებში 17 წლის და სულ 300 დოლარით ჩამოვიდა, იმ დროს ინგლისურიც კი არ იცოდა. იმისათვის, რომ ცოტაოდენი ფული ჰქონოდა და ამერიკაში ცხოვრებაც შესძლებოდა, დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად, ინგლისური ენის შესწავლის გზებს ეძებდა, რადგან უნივერსიტეტში ჩაბარებაც სურდა.

Photo Credits Getty

უნივერსიტეტში სწავლისას დიანა ტრუხილომ გადაწყვიტა Nasa-ს აკადემიაში მოსახვედრად განაცხადი შეევსო. მისი ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ტრუხილო იყო ორიდან ერთ-ერთი, ვინც პროგრამაში მონაწილეობის შემდგომ Nasa-სგან სამსახურის შეთავაზება მიიღო.  ცხადია, დათანხმდა.

როგორც დიანა ამბობს, ცხოვრობდა ქვეყანაში, სადაც მუდმივი ძალადობა იყო. ამიტომაც, მისთვის სიმშვიდე მხოლოდ ვარსკვლავებისა და ვარსკვლავიანი ცის ყურებით მოდიოდა. ასე დაიწყო მისი და კოსმოსის სიყვარული. ქალი კი საკუთარ ამჟამინდელ ცხოვრებასა და საქმიანობას შემდეგნაირად აფასებს: „ამ ყველაფერს ვხედავ, როგორც სიზმარს. ეს არის ის, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ რატომღაც ხდება.“

დიანა ტრუხილო ახლა უკვე Nasa-ს ინჟინერი და ძირითადი გუნდის წევრიცაა. „პერსევერენსის“ ფრენის ხელმძღვანელობასთან ერთად, ის მუშაობდა რობოტებსა და სხვადასხვა AI ინსტრუმენტებზე, რომლებიც Mars 2020 მისიისათვის აუცილებელი იყო. სწორედ მათი მეშვეობით უნდა დადგინდეს, არის თუ არა პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლე.

წითელ პლანეტაზე წარმატებული დაშვების შემდგომ, Nasa-ს ბედნიერი თანამშრომლების ცნობილ ვიდეოში, უკანა რიგში ალბათ შეამჩნევდით ყურსასმენებით მჯდომ ქალს. სვატი მოჰანი წარმოშობით ინდოელი მეცნიერია. Nasa-ს უახლეს ოპერაციაში მისი მთავარი მოვალეობა ნავიგაციის კონტროლი და როვერის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაა.

Photo Credits Nasa

„დაჯდომა დადასტურდა!“ – სწორედ სვატი მოჰანი იყო პირველი, ვინც საკუთარი თვითერის პოსტიდან ეს ამაღელვებელი ამბავი გვამცნო. მარსის 2020 წლის მთლიანი მისიისას სვატი მოჰანი დედამიწაზე დარჩენილ მეცნიერებსა და მარსისაკენ შეუპოვრად მიმავალ როვერს შორის მთავარი კომუნიკატორი იყო. იგი  მარსმავალის ადგილმდებარეობის შესახებ მათ მუდმივად აწვდიდა განახლებულ ინფორმაციას. 

გარდა მარსის ოპერაციისა, ქალი Nasa-ს სხვა პროექტებშიც იღებდა მონაწილეობას: Cassini – იგი მეოთხე კოსმოსური ზონდია, რომელიც სატურნს ეწვია და GRAIL – ეს მთვარის სამეცნიერო მისია იყო, რომელიც მისი გრავიტაციული ველის რუკას იყენებდა შინაგანი სტრუქტურის შესასწავლად.

მოჰატი კოსმოსით მცირე ასაკში, Star Trek-ის ნახვისთნავე დაინტერესდა. მაშინ პედიატრობას აპირებდა. თუმცა, თექვსმეტი წლის ასაკში იმდენად მოეწონა ფიზიკის გაკვეთილი, გადაწყვიტა ინჟინერი გამხდარიყო და კოსმოსურ კვლევებში მიეღო მონაწილეობა.

სვატი მოჰანი ამ ოპერაციაში დიდი ხანია ჩართულია. იგი USA Today-სთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „მე პერსევერანსთან უფრო დიდი დრო გავატარე, ვიდრე რომელიმე სკოლაში. მე უფრო დიდხანს ვიყავი პერსევერანსთან, ვიდრე ჩემს უმცროს ქალიშვილთან. მან ჩემი ცხოვრების ასეთი დიდი ნაწილი დაიპყრო.“

სანამ როვერი მარსზე მოხვდებოდა დიდი გზა განვლო. წითელი პლანეტის ახალი ბინადარის დასრულებულ მოდელზე ვანდანი ვარმამ იზრუნა. ქალი ნასას რეაქტიული ლაბორატორიის რობოტექნიკოსია. მან ფრენისა და ფრენის სიმულაციის კომპიუტერული უზრუნველყოფაც მოამზადა.

Photo Credits Nasa

ვანდანი ვარმას Nasa-ში მუშაობის ისტორია ათ წელზე მეტს ითვლის. მან განავითარა და და შემდგომ უკვე მართა როვერი. მისი თანაავტორობით შექმნილი მოწყობილობები კი არაერთი კოსმოსური მისიისას გამოიყენეს. ქალი Nasa-ს რეაქტიული ლაბორატორიის წევრია, მისი ძირითადი სფერო რობოტიკისა და ფრენის პროგრამული უზრუნველყოფაა. ვანდა ვარმამ მარსის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მან ამ დროში, მაქსიმალურად სრულყოფილი გახადა როვერი.

ვანდანი ღია კარის ღონისძიებებშიც ხშირად მონაწილეობს. მისი მთავარი მიზანი გოგონების STEM მიმართულებით ინსპირირებაა.

Mars 2020 ჯერ დაუსრულებელი მისიაა, თუმცა უკვე ბევრი საოცარი მოვლენის მომსწრედ გვაქცია. „პერსევერენსის“ ხანგრძლივი მოგზაურობის ნებისმიერ საფეხურზე უამრავი ქალი მეცნიერი თუ ინჟინერი მონაწილეობს. მათ კი დანარჩენი ქალების გაძლიერების, მოტივირებისა და ამბიციების გაჩენისათვის კარგია რომ ვიცნობდეთ.