2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ტენდენციები

მიმდინარე პანდემიის პირობებში სიახლეები სატარებელი (Wearable) მოწყობილობების განვითარებაში არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც გასულ წლებში. თუმცა ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან მათი გამოყენების საჭიროება ძირითადად დგება მაშინ, როცა სახლიდან გვიწევს გასვლა, ეს კი მოგეხსენაბათ ნაკლებ შესაძლებელი იყო კარანტინის პირობებში.

Image via ADOBE STOCK

გამონაკლისს წარმოადგენდა ჯანდაცვის სფერო, სადაც 2020-ში ყველაზე დიდი იყო მოთხოვნა სხვადასხვა ტექნოლოგიებზე და სავარაუდოდ ეს ტრენდი გაგრძელდება 2021-შიც. მეორე, ყველაზე მზარდი სფერო გახლდათ 5G ინტერნეტის უწყვეტი მოქმედება, რაც ბიძგს მისცემს ბევრი ახალი ტიპის მონაცემთა სერვისის შექმნას, რომელთა მიღებაც ძირითადად შესაძლებელი იქნება სატარებელი ტექნოლოგიების საშუალებით.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მალე ვიხილავთ ახალი ტიპის ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც კიდევ უფრო დაგვეხმარებიან ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში ან საშუალებას მოგვცემენ გამოვიყენოთ სუპერ სწრაფი ქსელები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებული სატარებელი მოწყობილობები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა „ჭკვიანი“ საათები და ჯანმრთელობის მონიტორინგის სამაჯურები, კვლავ ვითარდებიან. ამ ეტაპზე Fitbit არის ყურადღების ცენტრში. იგი წარმოადგენს Google-ის ყველაზე „ცხელ“ შენაძენს და ვარაუდობენ, რომ მისი განვითარება გამოიწვევს ბაზარზე ახალი მაჯის საათებისა თუ სამაჯურების გამოჩენას 2021 წელს.

Forbes-ის ერთ-ერთი კონტრიბუტორი Bernard Marr გვთავაზობს ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციებს, რომლებიც გავლენას მოახდენენ ჩასაცმელ, გასაკეთებელ და მისთანა ტექნოლოგიების განვითარებაზე.

ორიენტაცია ჯანდაცვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარებაზე

ლოგიკურია, ჯანმრთელობის მონიტორინგისა და უსაფრთხოებისთვის გამოსადეგი მოწყობილობების განვითარება პრიორიტეტული იქნება 2021 წლის განმავლობაშიც. ბევრი „ჭკვიანი“ საათების მწარმოებელი ცდილობს დაამატოს სისხლში ჟანგბადის გაზომვის სენსორი,  ECG ეკრანი და სხვა ისეთი ფუნქციები, რომლებიც მოგვცემენ გაფრთხილებას ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში. ამასთან, მათ მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზით ჩვენ შევძლებთ გარკვეული დასკვნების გაკეთებასაც იმის შესახებ, თუ რა ცვლილებების შეტანაა საჭირო ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

უკვე არსებული მიღწევებიდან უნდა გამოიყოს Fitbit-ის და Huami-ის „ჭკვიანი“ საათები ტემპერატურის გაზომვის ფუნქციით. მათში ჩამონტაჟებული თერმომეტრები აკონტროლებენ სხეულის ტემპერატურის ზრდას, რაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ვირუსულ ინფექციებს. მაშასადამე ეს იქნება დროული სიგნალი იზოლაციისთვის, რათა დავიცვათ სხვები ვირუსის გავრცელებისგან. ასეთი შესაძლებლობების არსებობა ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ეპიდემიოლოგებს ვირუსის გავრცელების კონტროლში, რაც ასე მწვავედ დადგა დღის წესრიგში კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ნიღაბი, რომელიც 2020 წელს ყველას ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, და რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით.

რამდენიმე „ჭკვიანი“ ნიღაბი უკვე გამოჩნდა დღის შუქზე. მაგალითად, Project Hazel არის Razer-ის მიერ შექმნილი ერთ-ერთი პროტოტიპი ყველაზე პროგრესული პირბადისა. ფილტრისა და UV სინათლის გარდა, რაც ხელს უწყობს ვირუსების გაუვნებლებას, ის შეიცავს ხმის გამაძლიერებლებსაც. Donut Robotics კი წამოადგენს იაპონურ სტარტაპს, რომელიც ქმნის „ჭკვიან“ ნიღაბს ხმის ამოცნობის ფუნქციით, რაც იძლევა დარეკვის ან შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას ტელეფონთან შეხების გარეშე. თუმცა, ნიღბები არ გამოიყენება მხოლოდ ვირუსებისგან დასაცავად.  Airpop’s Halo mask-ს შეუძლია შეაგროვოს ონლაინ ინფორმაცია ადგილობრივი ჰაერის ხარისხის შესახებ და გამოიყენოს ეს ინფორმაცია მისი აქტიური ფილტრაციის სისტემის კონტროლისთვის სხვადსხვა მავნე ნაწილაკებისგან თავდასაცავად.

ასევე, სავარაუდოა, შეიცვალოს სხვადასხვა მოწყობილობების ინტერფეისი ჩვენს ბიოლოგიურ სისტემასთან მიმართებაში. ვიდეო თამაშებისა და ვირტუალური რეალობის შემქმნელი Valve უკვე მუშაობს ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელიც უშუალოდ ჩვენი ტვინის მიერ გაკონტროლდება. კომპანიის დამფუძნებელმა Gabe Newell-მა თქვა, რომ The Matrix არის იმაზე ახლოს, ვიდრე ჩვენ გვგონია. თუმცა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით მეტად სასარგებლოა ამ პროცესის საპირისპირო ვარიანტი – ჩვენი ტვინის კონტროლი ტექნოლოგიების საშუალებით. ასეთს წარმოადგენს Cove – სტრესის მოხსნის ტექნოლოგია. ის გახლავთ ყურსასმენების მსგავსი მოწყობილობა და იყენებს ვიბრაციებს ტვინის იმ სპეციფიკურ ნაწილებზე მოქმედებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სტრესის შემცირებაზე.

5G ინტერნეტი გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს

მცდარია იმის წარმოდგენა, რომ 5G ინტერნეტი მხოლოდ მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს გაზრდის. იგი მოახდენს გავლენას ტექნოლოგიების ყველა სფეროზე და შესაბამისად, ჩვენს ცხოვრებაზეც. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მეტი სიჩქარე ნიშნავს მეტ მონაცემს, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს გვქონდეს წვდომა უფრო მრავალფეროვან მონაცემთა წყაროებზე ჩვენი სატარებელი მოწყობილობებით.

წინა თაობის ინტერნეტმა (3G და 4G) საშუალება მოგვცა ონლაინ ვიდეოების, ფილმების ყურების, მუსიკების მოსმენის და ა.შ. 5G კი, რომელიც პოტენციურად გვთავაზობს 100- ჯერ მეტ სიჩქარეს, გაზრდის არსებულ სტანდარტებს და შესაძლებელს გახდის სრულიად ახალი ტიპის სერვისების მიღებას.

5G-ის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ იგი ერთ  გეოგრაფიულ არეალში უფრო მეტი მოწყობილობის „კვებას“ შეძლებს. მოგეხსენებათ, გადატვირთულ, ურბანულ ზონებში ხშირად ვაწყდებით ინტერნეტის მაღალი სიხშირით მიღების პრობლემას, ვინაიდან ასეთ ადგილებში ერთი და იგივე ქსელში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. უფრო მეტიც, ჩვეულებრივ, ერთი ადამიანი რამდენიმე მოწყობილობით ცდილობს ინტერნეტთან დაკავშირებას, აქედან გამომდინარე 5G იქნება კარგი საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ასევე, ღრუბლოვანი სივრცის გამოყენებით სატარებელ ტექნოლოგიებს ნაკლები საჭიროება ექნებათ თვითონ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვა-დამუშავებისთვის, ეს კი მათ გახდით მეტად მსუბუქებსა და კომფორტულებს.

AR სატარებელი ტექნოლოგიები იქნება უფრო იაფი და გამოსადეგი

ზოგადად, როდესაც ბაზარზე ახალი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი ჩნდება მას საკმაოდ მაღალი ფასი ედება, შესაბამისად, მისი შეძენა ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება იმავე ფუნქციების მქონე მოწყობილობები შედარებით ბიუჯეტურ ფასად, რომლებიც შეიძლება არ იყოს ბრენდული, თუმცა ეფექტურად ასრულებდეს თავის დანიშნულებას. ამ ტენდენციას მიჰყვება სატარებელი მოწყობილობებიც.

მომავალი წლისთვის სავარაუდოა, რომ ისეთი პრემიუმ პროდუქტები, როგორებიცაა „ჭკვიანი“ ჩაფხუტები და სათვალეები გახდება მეტად ხელმისაწვდომი, როგორც ეს საათების შემთხვევაში მოხდა.

ასევე, თანდათან იცვლება ტექნოლოგიების სამიზნე აუდიტორიაც, შესაბამისად, 2021 წელს მომავალი სატარებელი ტექნოლოგიები მეტად იქნება გათვლილი არა ბიზნესისთვის ან ტექნოლოგიების მოყვარულთათვის, არამედ ნებისმიერი, „არატექნოლოგიური“ ადამიანების ყოველდღიური მოხმარებისთვისაც.

„ჭკვიანი“ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

სხვა დანარჩენთან ერთად, 2021 წელს უნდა ველოდოთ „ჭკვიანი“ სამოსის განვითარებასაც. მსგავსი პროდუქტების ხშირად დიზაინერებისა და ტექნოლოგიური ბრენდების ურთიერთთანამშრომლობით იქმნება. ერთ-ერთი ასეთი კოლაბორაციის შედეგი გახლავთ Levi Commuter x Jacquard jacket, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ჰქონდეს წვდომა თავის მობილურთან თუ გუგლის სერვისებთან სწრაფად და მარტივად.

ასევე შევხვდებით უფრო ინოვაციურ მიღწევებსაც, მაგალითად ისეთი, როგორიცაა Nadi X იოგას შარვლები – „აკვირდება“ მოძრაობებს და იძლევა უკუკავშირს იოგას პოზიციების შესახებ როდესაც ეს საჭიროა, ან Neviano-ს საცურაო კოსტუმები, რომლებიც აფიქსირებენ ულტრაიისფერი სხივების მოქმედების სიმძლავრეს და მომხმარებელს უგზავნიან გაფრთხილებას თუ ის ძალიან მაღალია.

„ჭკვიანი“ ტანსაცმლის უპირატესობა, აქსესუარებთან შედარებით, არის ის, რომ ისინი ფარავენ მთელს სხეულს და შესაბამისად, პოტენციურად უფრო მეტი სასარგებლო ფუნქციის შეთვისება შეუძლიათ. Samsung-მა გასულ წლებში ისაუბრა „ჭკვიანი“ მაისურის შექმნაზე, რომელიც შეძლებს ფილტვებისა თუ სხვა დაავადებების ნიშნების გამოვლენას ადრეულ სტადიაზე. 2020-ში ვერ მოხერხდა აღნიშნული გეგმის რეალიზება პანდემიით შექმნილი შეფერხებების გამო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თანდათან, უფრო და უფრო იზრდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სატარებელი ტექნოლოგიების მნიშვნელობა, დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალ წელს შევძლებთ ამ ინოვაციის ხილვასაც.