ტანზანიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

სამია სულუჰუ ჰასანი დებს პრეზიდენტის ფიცს. წყარო: REUTERS

სამია სულუჰუ ჰასანი ტანზანიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. 61 წლის ჰასანი 2015 წლიდან ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა, ახლა კი ტანზანიის ხელისუფლების სათავეში 2025 წლის ბოლოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე იქნება, თუმცა მართვის დიდი გამოცდილებიდან და შესაბამისი განათლებიდან გამომდინარე მას კიდევ უფრო ხანგრძლივ პრეზიდენტობასაც უწინასწარმეტყველებენ.

მიმდინარე პანდემიისა და მერყევი ეკონომიკის ფონზე ახალ პრეზიდენტს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები დროის მოკლე მონაკვეთში, რის პარალელურადაც ჰასანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყანაში არსებული მძაფრი სტერეოტიპის დანგრევა იქნება – ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალები არ არიან კარგი ლიდერები.

ჰასანამდე ქვეყნის ლიდერი პოპულისტი ჯონ მაგუფული იყო, რომლის მმართველობაც პოლიტიკური რეპრესიებით ხასიათდებოდა. ის Covid19-ით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა, საგულისხმოა ისიც, რომ იგი ვირუსის არსებობას არ აღიარებდა და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული გამოცდილების შემდეგ საინტერესოა ის საკითხიც, თუ როგორი მიმართულებით წარმართავს ახალი პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას და გაატარებს თუ არა ისეთ რეფორმებს, რომლებიც ტანზანიას კვლავ დემოკრატიისკენ მიმართავს.