გენდერული ბალანსის მიღწევის ხელშეწყობა თუ შეფერხება – სტატუსი „ქალი დამფუძნებელი“

Quilt-ის დამფუძნებელმა ეშლი სამერმა ლინკდინზე გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო წარწერით „I am a f̶e̶m̶a̶l̶e̶ founder“ და დასძინა, რომ ქალების მიერ დაკავებული პოზიციების წინ სქესზე აქცენტირება არაა მართებული, ვინაიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ უმცირესობაში ყოფნას უსვამს ხაზს.

აღნიშნულ პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სერიული მეწარმის, Clearbanc-ის თანადამფუძნებლისა და  The Revisionaries-ის წამყვანის,  მიშელ რომანოვის თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესის სფეროში მოღვაწე ქალი იზიარებს სამერის შეხედულებას. მისი მოსაზრებითაც, აღმასრულებელი დირექტორი არის აღმასრულებელი დირექტორი და მას არ სჭირდება სქესის დაკონკრეტება. მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ყოველდღიურობიდან ამოვიღოთ ქალებისთვის მსგავსი სტერეოტიპული იარლიყების მიმაგრება, რომლებიც დამატებით ჩარჩოებში აქცევს ჩვენს აზროვნებას. მითუმეტეს მაშინ, როცა გენდერული ბალანსი ისევ დიდი გამოწვევად რჩება (მსოფლიოს 500 ყველაზე წარმატებული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების მხოლოდ 7%-ს წარმოადგენენ ქალები).

ის ფაქტი, რომ ეშლი სამერმა შეძლო წარმატებული კარიერის შექმნა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ, როგორც რომანოვმა აღნიშნა, მამაკაცები არასდროს აღნიშნავენ, რომ ისინი „კაცი დამფუძნებლები/აღმასრულებლები“ არიან. ამის გათვალისწინებით ისმის კითხვა,  რატომ უნდა გაუსვან მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა ამას ხაზი? ნუთუ ქალების კვალიფიკაცია შეუსაბამოა მსგავსი თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისთვის? 

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჯერ კიდევ პატრიარქალურ სამყაროში გვიწევს ცხოვრება. დღესაც კი, ქალების თითქმის ორი მესამედი ყოველდღიურად აწყდება სექსიზმს სამსახურში. ამასთან, სტარტაპების მხოლოდ 11%-ია დაფუძნებული ქალების მიერ.

სხვა მხრივ, საზოგადოების ფართო მასების მოსაზრებით „ქალი დამფუძნებლის“ სტატუსი უნდა იყოს გამოკვეთილი, ვინაიდან ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქალები როგორც იქნა აღწევენ იმ მწვერვალებს, რომლებსაც ამდენ ხანს ელოდნენ. მაშასადამე, „ქალი“-ს იარლიყი გახლავთ ერთგვარი მოტივატორი და შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ კარიერული სრულყოფა. დიახ, სქესზე აპელირებით ვამბობთ, რომ ქალები არ არიან ტიპური მმართველები და ეს მართალია. სტატისტიკური მონაცემებიც აჩვენებს, რომ ქალების, როგორც ლიდერების მიდგომები განსხვავებულია კაცებისგან. თუმცა ეს კი არაა პრობლემა, არამედ ის, რომ მსგავსი დიფერენციაციით ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქალების „სისუსტეებსა“ და იმ დაბრკოლებებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან ცხოვრებაში.  

საბოლოოო ჯამში ეს არის, ის, რაზეც ყოველმა ლიდერმა ქალმა თვითონ უნდა იფიქროს და ჰკითხოს საკუთარ თავს სტატუსი- „ქალი დამფუძნებელი“ ეწინააღმდეგება თუ აძლიერებს მისთვის სტატუს-კვოს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი არ არსებობს. როდესაც საქმე ეხება მსგავს საკითხებს, ჩვენ შეგვიძლია (და უნდა!) ვიმსჯელოთ, თუმცა რა აზრამდეც არ უნდა მივიდეთ,  ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის შეხედულებების პატივისცემაა. გენდერულმა განსაზღვრებებმა შეიძლება მოგვიტანოს ან არც მოგვიტანოს სარგებელი გრძელვადიან პერიოდში, მაგრამ ერთმანეთის პერსონალური არჩევანის განსჯა კარგს ნამდვილად არაფერს მოგვიტანს.