ქალები, რომელთაც ყველაზე გავლენიანი ქალების 2021 წლის სიაში უნდა ველოდეთ

მსოფლიოს არაერთი ძლიერი და წარმატებული ქალი ახსოვს, თუმცა სიმდიდრის, დიდების ან თუნდაც სიყვარულის მსგავსად, ძალაუფლებაც არ არის სტატიკური. მსოფლიოს 100 ყველაზე ძლიერი ქალის 2020 წლის სიაში მყოფი 17 ახალი წევრიდან ნებისმიერი შეძლებს დაადასტუროს, რომ ადამიანს შეუძლია სწრაფად მოიპოვოს ძალაუფლება არჩევნების, დაწინაურების თუ სხვა გზებით. ანალოგიურად, ძალაუფლება ადვილად ქრება, როდესაც კომპანია მარცხს განიცდის. ამის ილუსტრაციაა  „Power Women“-ის სიიდან გამქრალი ქალები.

Photo via peoplematters.in

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალებს, რომლებიც ჯერ არ მოხვედრილან აღნიშნულ სიაში, ან რაღაც პერიოდის შემდეგ დაკარგეს ადგილი, არ აქვთ ძალაუფლება. უამრავმა ქალმა დაიკავა მაღალი თანამდებობა, მაგრამ ვერ მოასწრო ორგანიზაციისთვის გადამწყვეტი გარდატეხის განხორციელება. ან შექმნა წარმატებული კომპანია და საინვესტიციო ფონდი, თუმცა ჯერ ვერ მიაღწია იმ დონეს, რომლითაც იგი მსოფლიოს 100 ყველაზე ძლიერ ქალთა სიაში დაიკავებს ადგილს. მიუხედავად ამისა, უამრავი მათგანის ძალაუფლება იზრდება ისეთი სიჩქარით, რომ დიდი ალბათობით მომდევნო წლის სიაში ვიხილავთ. შესაბამისად, ისინი 2021 წლის ძლიერი  ქალები არიან, რომელთა საქმიანობას აუცილებლად თვალი უნდა ვადევნოთ.    

ერთ-ერთი მათგანია ჯანეტ იელენი, ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც 2016 წელს ბოლოჯერ დაიკავა მეექვსე ადგილი Power Women-ის სიაში. პრეზიდენტი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, იელენი სახაზინო მდივნად დაინიშნა და ის პირველი ქალია აღნიშნულ თანამდებობაზე, რაც გარანტიაა იმისა, რომ 2021 წელს Power Women-ის სიაში ვიხილავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანეტი ფედერალური სარეზერვო სისტემის პირველი ქალი თავმჯომარე იყო.

2021 წელს სიაში ასევე  უნდა ველოდოთ დანა კენედის, პულიცერის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტისა და ამავდროულად, პულიცერის პრემიების ადმინისტრატორის ძალაუფლების გაფართოებას.  ის ყოველთვის პატივს სცემდა მწერლებსა და მედიის წარმომადგენლებს. ივლისში იგი დაინიშნა უფროს ვიცე-პრეზიდენტად და „Simon&Schuster“-ის გამომცემლად. ამასთან, დიდად მოსალოდნელია მისი გავლენისა და ძალაუფლების გაძლიერება.

აღსანიშნავია ასევე პირლენა იბოკვი, რომელიც სექტემბერში, NBC-მ დააწინაურა „Universal Studio Group“-ის თავმჯდომარედ. ის დაიკავებს ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელის, ბონი ჰამერის ადგილს. ჯეფ შელმა, „NBC Universal“–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მას კომპანიის სატელევიზიო სტუდიების მართვისთვის იდეალურად შესაფერისი კანდიდატი უწოდა. პირლენა ზედამხედველობას უწევდა ისეთ პოპულარულ კომედიებს, როგორიცაა „Russian Doll“ „Superstore,” „Brooklyn Nine-Nine,” და „The Good Place“.  

Photo Credits to NBC News

რვა თვის შემდეგ, რაც საფრანგეთის კომუნალური კომპანია „Engie“-ს დირექტორთა საბჭომ იზაბელ კოხერი CEO-ს პოზიციიდან გაანთავისუფლა, კომპანიამ მის ადგილას დანიშნა ნავთობისა და გაზის აღმასრულებელი დირექტორი  კეტრინ მაკგრეგორი. მან მუშაობა იანვრიდან დაიწყო და შეუერთდა TechnipFMC ჯგუფს. მანამდე მას 23 წლიანი თანამშრომლობის გამოცდილება ჰქონდა ნავთობპროდუქტების მომსახურების გიგანტ „Schlumberger“-თან.

კომპანია „Everlywell“- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი  ჯულია ჩიკი არის ქალი, რომელსაც 2021 წელს თვალი აუცილებლად უნდა ვადევნოთ. როგორც სამედიცინო ლაბორატორიული შემოწმების სტარტაპის დამფუძნებელს, მას შეეძლო ეროვნული ტესტირების დეფიციტის მოგვარებაში წვლილის შეტანა, ამიტომ COVID-19–ის ტესტირებაზე დაიწყო მუშაობა. დეკემბრის დასაწყისში მან განაცხადა, რომ კომპანია $175 მილიონით გაიზარდა. ჯულია დარწმუნებულია, რომ „Everlywell“ გააგრძელებს ზრდას, რადგან პანდემიამ მომხმარებელთა მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა.

Photo Credits to Harvard Business School

სამი წარმატებული ქალი: ანა დიამანტოპულო, კერსტი კალჯულაიდი და სესილია მალსტრომი კენჭს იყრიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ხელმძღვანელის პოზიციაზე. OECD არის საერთაშორისო  ორგანიზაცია, რომლის მიზანია ეკონომიკური პროგრესის სტიმულირება. საგულისხმოა, რომ სამივე მათგანს უკვე საკმაოდ დიდი გავლენა და სახელი აქვს ევროპაში. ანა ხანგრძლივად იყო ჩართული საბერძნეთის პოლიტიკაში. კალჯულაიდი არის პირველი ქალი, რომელიც ესტონეთის პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო მალსტრომი 2019 წლამდე ხუთი წლის განმავლობაში ევროპის ვაჭრობის კომისარი იყო. მათგან ერთ-ერთი OECD-ს პირველი ქალი აღმასრულებელი დირექტორი გახდება.  

დოქტორი ოზლემ ტურეცი, „BioNTech“-ის თანადამფუძნებელი, მთავარი სამედიცინო ოფიცერი და გერმანიის ბიოტექნიკური კომპანიის თანადამფუძნებელია. ის 2020 წლამდე ორიენტირებული იყო კიბოს მკურნალობის კვლევასა და განვითარებაზე, მაგრამ როდესაც მისი მეუღლე და დამფუძნებელი, უგურ შაჰინი მიხვდა, რომ COVID-19 პანდემიას გამოიწვევდა, მათ საქმიანობის მიმართულება და პრიორიტეტები რადიკალურად შეცვალეს. „BioNTech“-მა „Pfizer“–თან თანამშრომლობით, მარტში Covid-ვაქცინა შექმნა. გასულ თვეში კი მათ გამოაცხადეს, რომ აღნიშნული პრეპარატი, რომელიც mRNA ტექნოლოგიას ეყრდნობა, 95%-ით ეფექტურია.

ეკონომისტი ნგოზი ოკონჯო-ივეალა იყო ნიგერიის პირველი ქალი ფინანსთა მინისტრი, რომელიც 25 წელი მუშაობდა მსოფლიო ბანკში. იგი საერთაშორისო განვითარების ექსპერტი, Standard Chartered Bank-ის, ვაქცინაციისა გლობალური ალიანსისა და აფრიკის რისკების მართვის სააგენტოს საბჭოების წევრიც იყო. ამჟამად იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელია – ეს ისტორიაში პირველად მოხდა. უფრო მეტიც, Forbes Africa-მ იგი 2020 წლის აფრიკის პიროვნებად დაასახელა, სწორედ ამიტომ შედის ის 2021 წელს საყურადღებო ქალთა სიაში.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.