ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში გაემგზავრება

Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრებას აპირებს. მილიარდერის მიერ დაფუძნებული კომპანია Blue Origin პირველ მისიას 20 ივლისს განახორციელებს.

„ხუთი წლიდან მსურდა კოსმოსში მოგზაურობა“ – განაცხადა 57 წლის ბეზოსმა ინსტაგრამის პოსტში.

ფრენიდან სულ რაღაც ორ კვირაში Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ჯეფ ბეზოსი სამყაროს უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონების ღირებულება $187 მილიარდს აღწევს. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ამერიკელი მეწარმე პირველი ადამიანი იქნება კოსმოსური ხომალდების კომპანიების მფლობელებიდან, რომელიც სარაკეტო ტექნოლოგიებს საკუთარ თავზე გამოცდის. SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკსაც კი არ დაუანონსებია კოსმოსში გამგზავრება.

კომპანია ხომალდ New Shepard-ზე ერთ ადგილს აუქციონზე ყიდის, ფასმა კი უკვე $2.8 მილიონს მიაღწია. შემოსული თანხა Blue Origin-ის ფონდში გადაირიცხება და ხელს საბუნებისმეტყველო განათლებას შეუწყობს. აუქციონი 12 ივნისს დასრულდება.