პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გოგონას მშობლები გახდნენ

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთი ქალიშვილის, ლილიბეთ „ლილი” დაიანა მაუნტბატენ-უინძორის, დაბადების შესახებ განცხადება გაავრცელეს.

Photo via GETTY Images

ჰარისა და მეგანის ქალიშვილი  პარასკევს კალიფორნიის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა და მისი სახელის ინსპირაცია დიდი ბებიის, ელისაბედ დედოფლის მოფერებითი სახელი, ლილიბეთი გახდა. წყვილის განცხადებით, ახალშობილის მეორე სახელი მისი ბებიისა და უელსის პრინცესის, დაიანას სულის საპატივსაცემოდ შეირჩა. ახალშობილი დედოფლის მე-11 შვილთაშვილი და ტახტის რიგით მერვე მემკვიდრეა.

როგორც ოფიციალური განცხადება იუწყება, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

წყვილის შექმნილი არაკომერციული ორგანიზაციის, Archewell-ის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„უბედნიერესები ვართ ჩვენი ქალიშვილის, ლილის მოვლინებით. ის იმაზე უფრო ძვირფასია, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. მადლიერები ვართ თქვენი ლოცვისა და იმ სიყვარულისათვის, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ვიღებდით. მადლობას გიხდით ჩვენი ოჯახის სახელით, ამ განსაკუთრებულ პერიოდში გამოჩენილი სიკეთისა და გვერდში დგომისათვის.“

განცხადება ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით ბუკინგემის სასახლემაც გაავრცელა: „დედოფალმა, უელსის პრინცმა და კორნვალის ჰერცოგინიამ ისევე, როგორც კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, შეიტყვეს ახალი ამბის შესახებ და გახარებულები არიან სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილის დაბადებით.“

პრინც უილიამისა და ქეითის ოფიციალური თვითერის გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენ უბედნიერესები ვართ პატარა ლილის დაბადებით. ვულოცავთ ჰარის, მეგანსა და არჩის.“

100 წლის წინ დაწერილი სამეფო წესდების მიხედვით, ლილიბეთი წყვილის უფროსი ვაჟის, არჩის მსგავსად, სამეფო ტიტულს ვერ ატარებს მანამ, სანამ პრინცი ჩარლზი მეფის სტატუსს არ მოიპოვებს.