ჩინეთის ეკონომიკა აღდგენას განაგრძობს

პანდემიის პირობებში, ჩინეთის ეკონომიკა უპრეცედენტო ზრდას განაგრძობს. მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა, გასული წლის იმავე კვარტლის მონაცემთან შედარებით, 4.9%-ით გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული ზრდა ექსპერტების მიერ ნავარაუდებ 5.2%-იან აღმასვლაზე დაბალია. ამჟამად, ჩინეთი გლობალური აღდგენის პროგრამას ხელმძღვანელობს, რომელიც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლის აღმასვლას ეფუძნება. თითქმის 5%-იანი ზრდა ნამდვილად უპრეცედენტოა იმ კრიზისისას, რომელიც ჩინეთმა 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გამოიარა. ცნობისთვის, მაშინ ჩინეთმა ქვეყნის მასშტაბით საწარმოები დაკეტა, რამაც ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. ეკონომიკის ასეთი მკვეთრი შემცირება ჩინეთისთვის, 1992 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა.

აღდგენის ტემპი

ორშაბათს გამოქვეყნებული  კვლევა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შესახებ, ცხადყოფს, რომ ჩინეთის ეკონომიკური აღდგენა გრძელდება. თუმცა, ექსპერტები ხშირად ეჭვქვეშ აყენებ ამ  მონაცემების სიზუსტეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევისთვის, კვარტალური მაჩვენებლები შედარებულია 2019 წლის იმავე კვარტალურ პარამეტრებთან. ამ ეჭვებს ირის პანგი, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ექსპერტი, აქარწყლებს – ”არ ვთვლი, რომ კვლევის სათაურში მოცემული რიცხვი არასწორია. ამჟამად, ჩინეთში სამუშაო ადგილების შექმნა საკმაოდ სტაბილურად მიმდინარეობს, რაც მეტ მოხმარებაზე მიუთითებს”. სექტემბრის სავაჭრო მაჩვენებლებიც იმავეს ადასტურებენ – 2019 წლის სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, ექსპორტი 9.9%-ით, ხოლო იმპორტი 13.2%-ით გაიზარდა. წინა ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი (დაახლოებით) 9% იყო, თუმცა ტემპი თანდათან შენელდა. აღსანიშნავია, რომ გარდა Covid-19 პანდემიისა, ჩინეთს დასახული მიზნების მიღწევაში, აშშ-სთან ბოლო თვეებში გამწვავებული სავაჭრო ომიც უშლის ხელს.  

შეფასება

BBC-ის კორესპონდენტის, რობინ ბრანტის განცხადებით, ჩინური ეკონომიკა, სხვა ეკონომიკებთან შედარებით, წარმოუდგენელ ზრდას განაგრძობს. ვირუსის შეჩერებისკენ მიმართულმა მკაცრმა შეზღუდვებმა და მთავრობის მიერ ბიზნესის ერთგვარმა წახალისებამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღეს. მართალია ეკონომიკის 4.9% –იანი ზრდა ექსპერტების პროგნოზს ჩამოუვარდება, თუმცა ჩინეთის სამრეწველო პროდუქტმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა –  ჩინეთში ყველა მნიშვნელოვანი სექტორისა და სერვისის აღდგენა პროცესშია.

 ტურიზმის როლი

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივმა ტურისტებმა ხელი შეუწყვეს ეკონომიკის აღდგენას – გლობალური შეზღუდვების გათვალისწინებით, ჩინეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთ მოგზაურობა არ შეუძლიათ, ამიტომაც ისინი ფულს საკუთარ ქვეყანაში ხარჯავენ. ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემების თანახმად,  რვადღიანი შვებულების/არდადეგების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 637 მილიონი მოგზაურობა დაფიქსირდა. მოგზაურობებისგან მიღებულმა საერთო შემოსავალმა, დაახლოებით, 70 მილიონი დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინური ეკონომიკა „ოქროს კვირამაც“ უნდა განამტკიცოს. „ოქროს კვირა“ ოქტომბრის არდადეგებია, რომლის დროსაც, ჩინელები ბევრს მოგზაურობენ.