ქალები ბიზნესში — სტერეოტიპების გადაფასების აუცილებლობა

ხშირად ქალებს უწევთ მოისმინონ ძალიან საზიანო კომენტარები, რომლებიც აკნინებს ქალების ბიზნეს და ლიდერულ უნარებს. თუმცა, ანთროპოლოგი, მეწარმე და მწერალი, ანდრეა სიმონი მზადაა ამ უნიადაგო კრიტიკის საპირისპირო არგუმენტები შემოგვთავაზოს.

„დროა ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეუძლიათ ქალებს და როგორ დავეხმაროთ მათ პოტენციალის გამოვლენაში. ჩვენს საზოგადოებას ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება – პანდემიისგან გამოჯანსაღების და ეკონომიკის აღდგენის პროცესში” – ამბობს ანდრეა.

პანდემიისას ბევრ ქალს საკუთარ თავთან რამდენიმე მარტივი კითხვა გაუჩნდა, რადგან კრიზისულმა სიტუაციამ მათ თავიანთი რეალური შესაძლებლობები დაანახა. ბევრი ამ ქალთაგან ფიქრობს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ან საოფისე სამსახურისგან რაღაც რადიკალურად განსხვავებულის გაკეთებას. შედეგად მივიღეთ ანტრეპრენიორების უზარმაზარი ტალღა.

დღეს ბევრად მეტი ქალი იწყებს სამეწარმეო საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ ისინი საზოგადოებრივი წნეხისთვის მზად იყვნენ. აქ არის ჩამონათვალი რამდენიმე სტერეოტიპისა, რომელსაც წარმატების გზაზე ყურადღება აღარ უნდა მიაქციოთ:

პირველი მითი: ქალები ბიზნეს სფეროში წარმატებას ვერ აღწევენ

შეგახსენებთ, რომ 500 ყველაზე წარმატებული კომპანიიდან, იმათში, სადაც მინიმუმ სამი ქალი ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გაუმჯობესება შეინიშნება: ამ კომპანიებში ინვესტირებულ კაპიტალზე უკუგება 66%-ით გაიზარდა, გაყიდვების უკუგება 42%-ით, ხოლო კაპიტალზე უკუგება 53%-ით. უფრო მრავალფეროვანი გუნდები უფრო მრავალფეროვანი იდეებისა და წარმატებული ბიზნესის წინაპირობაა.

მეორე მითი: ქალები ცუდი ლიდერები არიან

ქალები შესანიშნავი ლიდერები არიან. მათ ახასიათებთ არამხოლოდ რთული გადაწყვეტილებების მიღება, არამედ იმ ადამიანებისადმი თანაგრძნობაც, ვისთვისაც მიღებული გადაწყვეტილება არასასურველი იყო. ეს მახასიათებელი ლიდერობის ქვაკუთხედია – ემპათიით მართვა და საქმის აღსრულება.

მესამე მითი: ქალები ფინანსურ საკითხებში სუსტები არიან

ქალები კარგად ერკვევიან ფინანსებში და მას რაციონალურად იყენებენ, თუმცა გენდერებს შორის საშემოსავლო სხვაობის ნახევარზე მეტი მიეწერება არა ცოდნის უკმარისობას, არამედ სუსტ თავდაჯერებულობას. კომპეტენციის მიუხედავად, ქალებს ახასიათებთ კონსერვატულობა ინვესტიციის მომენტში – ნაკლებად რისკიან ფინანსურ გადაწყვეტილებებს იღებენ, თუმცა ეს მათ ცოდნასთან არაფერ შუაშია.

ბიზნესსა და ანტრეპრენერობაში წარმატებისთვის აუცილებელია ამ მითების დამსხვრევა – ქალები გონიერებით და უნარიანობით დაჯილდოვებულები არიან. უნდა ენდოთ საკუთარ ინსტინქტებს და ოცნებებს ბოლომდე მიჰყვეთ.