ესპანეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი მეტი ქალის შემადგენლობით

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, 2021 წლის 10 ივლისს მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა, რომელიც ევროპაში პირველია მასში შემავალი ქალი მინისტრების რაოდენობით.

ფიცის დადების ცერემონიალი / Photo Courtesy of EL PAÍS

ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა პოლიტიკის სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერებას ემსახურება. იგი იმედოვნებს, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მიერ კოვიდ-პანდემიის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი დახმარების წარმატებით ათვისებას. გარდა ამისა, ახალი მინისტრთა კაბინეტი იზრუნებს პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის განმუხტვაზე კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით.

ამჟამად ესპანეთში მინისტრის თანამდებობაზე 14 ქალი და 8 მამაკაცი იმყოფება. აქედან გამომდინარე, ქალების წარმომადგენლობა მინისტრთა კაბინეტში 63.6%-ს შეადგენს.

ახალმა მინისტრებმა ოფიციალური ფიცი ორშაბათს, მადრიდის სარსუელას სასახლეში გამართულ ცერემონიაზე დადეს, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ც ესწრებოდა. მინისტრის პოსტზე უცვლელი დარჩნენ თავდაცვის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის მინისტრი ქალები. მათ შემადგენლობას კი 5 ახალი ქალი მინისტრი დაემატა:

პილარ ლოპი, იუსტიციის ახალი მინისტრი (47 წლის).

Photo Courtesy of El CORREO

პილარ ლოპმა მოსამართლის კარიერა 1999 წელს მადრიდის სასამართლოში დაიწყო, სადაც გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს განიხილავდა. 2015 წელს იგი მადრიდის ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს, ხოლო 2018 წელს, როდესაც სანჩესი ხელისუფლებაში მოვიდა, ლოპი ოჯახური ძალადობის სახელმწიფო დელეგაციის დელეგატად დაინიშნა. ბოლო პერიოდში იგი სენატის სპიკერის მოვალეობასაც ასრულებდა. მისი იუსტიციის მინისტრად არჩევა ფემინისტური მოძრაობისთვის იმედისმომცემია.

რაკელ სანჩესი. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ახალი მინისტრი (45 წლის).

Photo Courtesy of Cadenaser

რაკელ სანჩესიც იურისტია. იგი წლების განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა ბარსელონაში, მოგვიანებით კი, გავას რაიონის მერის პოსტიც დაიკავა. სანჩესის ინტერესის სფეროს ეკოლოგია და ფემინიზმი წარმოადგენს. 

დიანა მორანტი. მეცნიერებისა და ინოვაციების ახალი მინისტრი (41 წლის)

Photo Courtesy of Then24

დიანა მორანტი ტელეკომუნიკაციების ინჟინერია. მისი პოლიტიკური კარიერა 2011 წელს დაიწყო და ამ დრომდე ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქის, განდიას მერის პოსტს იკავებდა.

პილარ ალეგრია. განათლების ახალი მინისტრი (44 წლის).

Photo Courtesy of El Periódico de Aragón

პილარ ალეგრია ამჟამად არაგონის ავტონომიური გაერთიანების დეპუტატია. იგი მანამდე სარაგოსას ქალაქის საბჭოში სოციალისტური მუშათა პარტიის წარმომადგენელიც იყო. 2021 წლის მაისში, მან სარაგოსას მერობის არჩევნებში ხმების უმრავლესობაც მოიპოვა, თუმცა აღნიშნული პოსტი ვერ დაიკავა.

იზაბელა როდრიგესი. ტერიტორიული ადმინისტრირების ახალი მინისტრი (40 წლის).

Photo Courtesy of EL ESPAÑOL

იზაბელა როდრიგესი პუერტოლანოს მერია, თუმცა ახლა მას ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრება. როდრიგესი ტერიტორიული ადმინისტრირების მინისტრის გარდა, მთავრობის სპიკერადაც აირჩიეს. იგი 2004 წელს ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სენატორიც იყო.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.