ქალთა ფონდი საქართველოში ახალი თანადირექტორის დანიშვნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 2021 წლის სექტემბრიდან ფონდის თანადირექტორის პოზიციაზე სალომე ჩაგელიშვილი აირჩიეს. ის აღნიშნულ პოზიციას ერთი წლით დაიკავებს, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას და სრულად გადაიბარებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს.
Forbes Woman უცვლელად გთავაზობთ ქალთა ფონდის განცხადებას:
„2021 წლის დასაწყისიდან ქალთა ფონდმა დაიწყო ფიქრი თავისი აღმასრულებელი დირექტორის ლიდერობის სამომავლო ცვლილებასთან დაკავშირებით და გადადგა შესაბამისი ნაბიჯები – გამოცხადდა ვაკანსია პოზიციაზე, ჩატარდა რამდენიმე-ეტაპიანი გასაუბრებები კანდიდატებთან, რის შემდგომაც, ფონდის დირექტორთა საბჭომ, აგვისტოში, მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ახალი თანადირექტორის შერჩევაზე, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მოქმედ დირექტორთან, ნანა ფანცულაიასთან ერთად უხელმძღვანელებს ფონდს, ამ ვადის ამოწურვის შემდგომ კი გააგრძელებს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას და სრულად გადაიბარებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას. ქალთა ფონდი დიდ მადლობას უხდის ყველა კანდიდატს ამ პოზიციით დაინტერესებისა და გაწეული ძალისხმევისთვის.
ამჯერად კი, ქალთა ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრები და თანამშრომლები მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის 1 სექტემბრიდან, ჩვენი ფონდის თანადირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა სალომე ჩაგელიშვილი.
სალომე, ბოლო 10 წელია, ფემინისტური მოძრაობის ნაწილია. ის ფლობს გენდერის კვლევის მაგისტრის ხარისხს და აქვს გენდერული ნიშნით ძალადობის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ლგბტქ+ უფლებების, ჰოლისტური უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, ასევე, 2017 წლიდან დღემდე წარმატებით მუშაობდა ქალთა ფონდში პროგრამების კოორდინატორის თანამდებობაზე, შესაბამისად აქვს დიდი გამოცდილება გრანტების გაცემის, გრანტის მიმღებების შესაძლებლობების ზრდის, დონორებთან/პარტნიორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების კუთხით. სალომეს დამსახურებით ფონდმა დაიწყო კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკების ინტეგრირება ფონდის პროგრამებში. აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სალომეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული ფონდის სამომავლო განვითარებისა და მდგრადობის ფემინისტური ხედვა.
ქალთა ფონდი წარმატებას უსურვებს სალომე ჩაგელიშვილს და იმედოვნებს, რომ მისი მუშაობა ახალ როლში, კიდევ უფრო წარმატებული იქნება ფონდისთვის და მისი პარტნიორებისთვის.“