ჩინეთმა ორბიტაზე 6G თანამგზავრი გაუშვა

ჩინეთმა ორბიტაზე ახალი თანამგზავრი გაგზავნა, რომლის მთავრი მიზანიც მომავალი 6G ქსელის უზრუნველყოფაა. იგი დანარჩენ თორმეტ ჩინურ თანამგზავრს შეუერთდება და საფუძველს დაუდებს მსოფლიოს პირველი 6G სისტემის ტექნოლოგიას.

Photo Credits to Andrey Armyagov/Shutterstock

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ 5G სისტემის სრულყოფის პროცესშია, ახალი თანამგზავრი მხოლოდ 6G სისტემის შექმნისთვის საჭირო საბაზისო დეტალებს შეიცავს და სისტემისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ემსახურება. ამის გარდა, თანამგზავრზე მოთავსდა მოსავლის გასაკონტროლებელი და ხანძრების ამომცნობი ტექნოლოგია.

ცნობილია, რომ ახალი 6G სისტემა 5G-ზე ასჯერ უფრო სწრაფი იქნება და ძირითადად ტერაჰერცის სპექტრულ გამოსხივებაზე (THz) იმუშავებს, რაც სისტემის სიჩქარესა და მოცულობას მნიშვნელოვნად განავითარებს.

6G სისტემის განვითარებაზე მსოფლიოში არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა მიმდინარეობს, თუმცა ჩინეთი პირველია, რომელმაც ორბიტაზე 6G სისტემის საბაზისო ტექნოლოგიით აღჭურვილი თანამგზავრი გაუშვა.

დღესდღეობით, მსგავსი კვლევები მიმდინარეობს აშშ-სა და ფინეთში. აგრეთვე, 6G-ით დაინტერესებულია კომპანია Samsung-იც. ბოლო მონაცემებით, 6G სისტემა სტანდარტიზებული და სრულყოფილი სავარაუდოდ 2028 წლისათვის გახდება, ხოლო უშუალოდ 6G სისტემით აღჭურვილი ტექნოლოგიების გამოშვება 2030 წლიდან იგეგმება.

No Comments Yet

Comments are closed