Google Maps-ს კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი ფუნქციები დაემატება

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხევების ზრდის პარალელურად, Google საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად Google Maps-ის განახლებას აპირებს, რაც აპლიკაციას პანდემიის ვითარებას მოარგებს და ქუჩებში გადაადგილებას გაამარტივებს.

კამპანიის განცხადებით, განახლების ფარგლებში რუკაზე კორონავირუსის ადგილობრივი შემთხვევების მაჩვენებელი გამოჩნდება, რაც მომხმარებლებს კონკრეტულ ტერიტორიაზე საფრთხის შესახებ აცნობებს.

განახლებული Google Maps მომხმარებლებს მიტანის სერვისების კონტროლის საშუალებასაც მისცემს, თუმცა კონკრეტული ფუნქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში იქნება ხელმისაწვდომი.

ამასთანავე, გაფართოვდება ოქტომბერში დამატებული ფუნქციაც, რომელიც სხვადასხვა ტერიტორიების გადატვირთულობაზე Live ინფორმაციასთან ერთად, ახლა უკვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხმრავლობის დონესაც გვაჩვენებს. განახლება რუკაზე კორონავირუსის ტესტის ჩასატარებელი ადგილებისა და კლინიკების ასახვასაც მოიცავს.

Google-ის მოლოდინით, ახალი ფუნქციები მომხმარებლებს ხალხმრავალი ადგილების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს, რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს მეტ-ნაკლებად შეამცირებს.

No Comments Yet

Comments are closed