თიკო ნიჟარაძე და მისი კომპანია „ვანილა ივენთი“ ღონისძიებების ორგანიზატორების მსოფლიოს საუკეთესო ასეულში არიან. ხარისხის ეს ნიშანი დრომ, პროფესიის სიყვარულმა და წლების განმავლობაში თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა. თუმცა, ადამიანებისთვის ზეიმის მოწყობა, მათთვის სიხარულის მინიჭება თიკოსთვის მხოლოდ პროფესია და მოვალეობა არ არის ‒ ეს თავადაც აბედნიერებს. ალბათ ამიტომაც მიაგნო ღონისძიებების ორგანიზებას ‒ ცხოვრების მთავარ საქმეს ‒ თითქმის ინსტინქტურად, მაშინ, როცა ეს პროფესია საქართველოში არც კი არსებობდა.
3 000-ზე მეტი ღონისძიება და 20 000-ზე მეტი სტუმარი ‒ ასეთია „ვანილა ივენთის“ და თიკოს არასრული, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი 20-წლიანი ისტორია. მათ შორისაა უამრავი საერთაშორისო თუ სახელმწიფო ღონისძიება, კონფერენცია თუ ქორწილი.
თიკო, რა ეტაპზე გაგიჩნდათ ღონისძიებების ორგანიზების მიმართ ინტერესი? როგორ და რატომ დაინტერესდით ამ საქმით?
ბავშვობიდან ‒ მშობლების სახლში გვქონდა ბარი, რომელიც ღონისძიებების მოსაწყობად, ფაქტობრივად, პროფესიულ შესაძლებლობებს იძლეოდა ‒ ჩამონტაჟებული განათებებით, გახმოვანებით, დიდი ბარის მაგიდებით, დეკორაციებით, ბუხრით, დიჯეის პულტით და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემი წვეულებების დიდი მოყვარული და ინოვაციური მასპინძელი იყო, უამრავ მინი ღონისძიებას აწყობდა, რასაც მთელი ბავშვობა ვუყურებდით და თან მთელი ოჯახი ამის მონაწილე იყო. მამა ბევრს მოგზაურობდა, ჩამოჰყავდა ახალგაცნობილი მეგობრები და ჩვენს სახლში პრაქტიკულად სულ სტუმრები და წვეულებები იყო, რომლებშიც, რა თქმა უნდა, მეც აქტიურად ვიყავი ჩართული… ვფიქრობ, ამ საქმისადმი სიყვარული სწორედ აქედან მოვიდა. სტუმარმასპინძლობა, ე.წ „ჰოსპითალითი“ ინდუსტრია ის სფეროა, რომელიც ძალიან მიყვარს, შეიძლება ითქვას, ვგიჟდები ამ საქმეზე…
პირველი გამოცდილება რა იყო?
ივენთების კეთება რომ გადავწყვიტე, 19 წლის ვიყავი. მაშინ ამას „შოუების მოწყობა“ ერქვა, ეს პროფესია კი საერთოდ არ არსებობდა. ყველაფერი ქუთაისში, ჩემს მშობლიურ ქალაქში დაიწყო ‒ მაშინ იქ საშინელი მოწყენილობა იყო, საინტერესო არაფერი ხდებოდა, დავდიოდით ქართულ რესტორნებში დიდი სუფრებით, დამკვრელებით და ა.შ., მაშინ ასეთი იყო ტრადიციული გართობა, რაც მე არასდროს მომწონდა. ერთ დღესაც მოვიფიქრე, რომ ივენთი გამეკეთებინა, დავიქირავე ძალიან ლამაზი, მაგრამ გაურემონტებელი შენობა და იქ გავაკეთე წვეულება.
იმ დროისთვის გქონდათ რაიმე სახის პროფესიული ცოდნა?
არა, პრაქტიკულად, საკუთარი ინტუიციისა და მონდომების ხარჯზე გავაკეთე ივენთი, მაშინ პროფესიული თვალსაზრისით ბევრი არაფერი ვიცოდი…
ისე გამოვიდა, რომ მართლა „შოუ მოვაწყვე“ ‒ დიჯეით, შესაბამისი განათებით, ფეის-კონტროლით და ბილეთები გავყიდე. სხვა ტიპის მენიუ გვქონდა, ფურშეტი, კოქტეილები… შემდეგ უკვე წელიწადში რამდენჯერმე ვაკეთებდით ასეთ წვეულებებს ‒ ახალი წლის, აღდგომის, სხვა დღესასწაულებზე. ვგეგმავდი ღონისძიების კონცეფციას, ვქირაობდით მოუწყობელ სივრცეს, აპარატურას, განათებას, მოგვყავდა წამყვანი, ჩამოგვყავდა ბენდები, ვაწყობდით გათამაშებას. ეს ყველაფერი 3-4 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
ინფორმაციას საიდან იღებდით რა როგორ შეიძლებოდა გაგეკეთებინათ?
თავიდან ბოლომდე ინტუიციით. ეს პროფესია არ მისწავლია, ინტერნეტიც არ იყო, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. როცა ვამბობდი, ღონისძიების ორგანიზატორი ვარ-მეთქი, დიდი ეჭვით მიყურებდნენ, მეკითხებოდნენ ეგ რა არისო. ვიწერდი ქორწილების ჟურნალებს, თუ ვინმე მოგზაურობდა, ვაბარებდი დეკორაციების წიგნებს და ვცდილობდი გამეგო როგორი იყო ტრენდები.
ანუ ეს იყო თქვენი პირველი ბიზნესი, პირველი ნაბიჯები პროფესიაში?
კი, ასეა. თუმცა, როდესაც ვიწყებდი, სამსახურიც მქონდა. შემდეგ ირლანდიაში წავედი, სადაც ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი პროგრამების მენეჯერის ასისტენტად, სწორედ იქ შევიძინე ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები, საჭირო გამოცდილება.
თქვენი კომპანიის, „ვანილა ივენთის“ შესახებაც მოგვიყევით. როგორ დაიწყო მისი ისტორია?
ირლანდიიდან დაბრუნების შემდეგ დიდი სურვილი მქონდა ივენთ-კომპანიაში მემუშავა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მაშინ საქართველოში ასეთი კომპანიები, პრაქტიკულად, არ არსებობდა. თუმცა იმ წელს კომპანია „ემ-ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად სასტუმროებისა და რესტორნების მართვა/მენეჯმენტის მიმართულებითაც საქმიანობდა. იქ დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, მაშინ ეს მიმართულება და სერვისი სრულიად ახალი რამ იყო ქართულ ბაზარზე, ბევრმა საერთოდ არ იცოდა, რას გულისხმობდა, არ ესმოდათ მისი საჭიროება. ამიტომ გაჩნდა ქეითერინგი, როგორც კვების განსხვავებული ფორმატი, სხვადასხვა ტიპის ფურშეტები, მათ შემდეგ დაემატა განათება, გახმოვანება, ბენდი, მუსიკა… კომპანიაში ხუთი წელი ვიმუშავე და ბევრი რამ ვისწავლე, ეს დიდი პრაქტიკა იყო ჩემთვის. შემდეგი ეტაპი იყო კომპანია „ჯი დი ალკო“, სადაც ისეთ მსხვილ, ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობამ, როგორებიცაა: Moët & Chandon, Hennessy, Dom Pérignon და Johnnie Walker დიდი გამოცდილება მომცა საერთაშორისო ღონისძიებებისა და ბრენდინგის თვალსაზრისით.
მოგვიანებით არჩევანი საკუთარი კომპანიის შექმნის სასარგებლოდ გავაკეთე ‒ 13 წლის წინ „ვანილა ივენთი“ დავაფუძნე.
დიდი გუნდი ხართ?
დაახლოებით 15 ადამიანი ვართ, მაგრამ გვყავს პარტნიორი კომპანიები (სხვადასხვა სერვისის მომწოდებლები), რომლებთან ერთადაც მრავალი წელია მოვდივართ. დიდი წვეულებების დროს მათთან ვთანამშრომლობთ. ზოგადად, ღონისძიების უკან უამრავი ადამიანია. პირობითად, მაღალი კლასის 300-კაციანი ღონისძიების ორგანიზებაში შეიძლება 200 ადამიანი იყოს ჩართული. იდეა, დაგეგმარება, კონცეფციის შექმნა, ლოჯისტიკა ‒ ამ ყველაფერმა შესაძლოა დაახლოებით 9 თვეს გასტანოს ‒ გააჩნია რა სირთულის ღონისძიებაა. ზოგადად, ევროპული სტანდარტის მიხედვით, ღონისძიების დაგეგმვას წელიწად-ნახევრით ადრე იწყებენ. ამდენი ხნით ადრე უნდა გააგზავნო მოსაწვევები, თუ სტუმრებს უცხოეთიდან ეპატიჟები, რომ ადამიანებმა დაგეგმვა მოასწრონ. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ორი თვით ადრე თუ მოგვაკითხეს, ძალიან ბედნიერები ვართ.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მე მყავს საოცარი გუნდი. ამდენი წარმატებული პროექტი სწორედ მათი დამსახურებაა. ამ ახალგაზრდა, მოტივირებულ ადამიანებს ძალიან უყვართ თავიანთი საქმე. ისინი დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ჩვენს სტუმრებსა და დამკვეთებს დაუვიწყარი მოგონებები ვაჩუქოთ.
რამდენადაც ვიცი, პირადად თქვენც და კომპანია „ვანილა ივენთიც“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ივენთ კომპანიის რიცხვში ხართ. როგორ მოხვდი ამ პრესტიჟულ სიაში?
ეს არის მსოფლიოს „ლაქშერი“ ივენთების და ქორწილების ორგანიზატორების ტოპ ასეული, რომელშიც შედიან ბევრად უფრო დიდი ქვეყნების წარმომადგენლები და უფრო დიდი სახელების ადამიანები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ სიაში მოვხვდი იმ ადამიანების გვერდით, ვისგანაც ვსწავლობდი, ვის გამოცდილებაზეც გავიზარდე როგორც პროფესიონალი. ეს არის სფერო, რომელიც ყოველდღიურად იცვლება, ვითარდება, მთელ მსოფლიოში ძალიან ტრენდულია. ჩემი მიზანი და სურვილია, მუდმივად ვვითარდებოდე, ვიზრდებოდე საკუთარ საქმეში, რაღაც ახალი ვისწავლო. ამიტომ არაერთი წელია, საერთაშორისო გამოფენებზე დავდივარ, ორი წლის წინ კი საქართველოში, კერძოდ, წინანდალში ვუმასპინძლე „ლაქშერი“ ივენთებისს და ქორწილების კონგრესს, რომელშიც მონაწილეობდა ქორწილის 200 ტოპ ორგანიზატორი. ამ ღონისძიების მომზადებაზე ჩვენ ერთ წელიწადს ვიმუშავეთ, ეს ძალიან დიდი გამოცდილება და, ამასთან, გამოცდა იყო ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, და დიდი წარმატებითაც ჩავაბარეთ ‒ აღფრთოვანებული სტუმრებისა და ოვაციების ფონზე. ასე რომ, საოცარი უკუკავშირი გვქონდა და ამ ღონისძიების შემდეგ მოვხვდი მსოფლიოს „ლაქშერი“ ივენთების და ქორწილების ორგანიზატორების ტოპ ასულში. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავედით ‒ საზღვარგარეთაც დავიწყეთ მუშაობა როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამკვეთებისთვის. ასე რომ, ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენს კლიენტებს, მათ შორის საქართველოდან, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე შევთავაზოთ მაღალი დონის ღონისძიების ორგანიზება.
რა არის თქვენთვის ყველაზე რთული მუშაობის პროცესში?
როდესაც დამკვეთმა არ იცის, რა უნდა. ამ დროს შენ, როგორც პროფესიონალი, ანახებ, მიახვედრებ, შესთავაზებ და შექმნი პროდუქტს, მას მოეწონება კიდეც ის, მაგრამ პროცესში ძალიან ხშირად შეიცვლის აზრს, რადგან გამოცდილება არ აქვს… რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ საქმესა და პროფესიაში, აქაც არის გარკვეული სირთულეები, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კომფორტულია კლიენტის ნდობა.
თიკო, რამდენად შემოქმედებითი პროცესია ამა თუ იმ ღონისძიებაზე მუშაობა?
ნამდვილად თავიდან ბოლომდე შემოქმედებითი პროცესია, კრეატიული, საინტერესო და ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. შეიძლება ძალიან კარგი იდეა გქონდეს, მაგრამ დროის, ადგილისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, ვერ შეძლო მისი განხორციელება. ძალიან მსიამოვნებს ექსკლუზიურ ქორწილებზე მუშაობა, სადაც ინფრასტრუქტურის აშენებიდან დაწყებული, ყველაფერს თვითონ ვქმნით. არაფრისგან უნდა ააშენო, შექმნა, მოიფიქრო, გააკეთო, მერე ეს რეალობად აქციო. ამ ტიპის ღონისძიებების ორგანიზება განსაკუთრებით დიდი სიამოვნებაა.
რა არის მთავარი, რაც ადამიანმა თქვენი ღონისძიებიდან უნდა წამოიღოს? როდის ხვდები, რომ ღონისძიება შედგა?
დაუვიწყარი გამოცდილება და მოგონება, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვება ‒ მან სტრესის გარეშე, უნდა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება იმ დღისგან და ივენთისგან, რომელიც ჩაიფიქრა. შეუფასებელი გრძნობაა, როდესაც ღონისძიების ბოლოს სახეგაბრწყინებულ, ბედნიერ კლიენტს ხედავ, ესაა ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანიც. ზოგადად, ბედნიერ დამკვეთს, აღფრთოვანებულ სტუმრებს რომ ხედავ, მომენტალურად გავიწყდება რამდენი იწვალე და რამდენი ღამე გაათენე.
თუ გიფიქრიათ, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენს საქმეში, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ?
კი, ხშირად მიფიქრია. იმის მიხედვით, თუ რა დონის ღონისძიებაა, ვინაა დამკვეთი, წვეულება შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოყვანილი რესურსით. ჩვენს კომპანიას შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს მსოფლიოში არსებული ნებისმიერი მაღალი დონის სერვისი, რაც საქართველოში ამ ეტაპზე შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.
ჩვენი ერთ-ერთი სიახლეა „დესთინეიშენ ივენთ მენეჯმენტი“, რაც მოიცავს ორ ნაწილს: როცა ადამიანები არ ცხოვრობენ საქართველოში და აქ ჩამოდიან წვეულების გასაკეთებლად. ჩვენ ვთავაზობთ ამ წვეულების ორგანიზებას თვითმფრინავის ბილეთის ყიდვით დაწყებული, გამგზავრებით დამთავრებული. არ აქვს მნიშვნელობა დაბადების დღეზე ჩამოდიან, კონფერენციაზე თუ ქორწილში. დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან მოდური და ტრენდულია გააკეთო წვეულება იმ ქვეყნის გარეთ, სადაც ცხოვრობ.
ამ სიახლის ნაწილია ისიც, რომ ქართველ კლიენტებსაც ვთავაზობთ „დესთინეიშენ“ წვეულებების გაკეთებას იტალიაში, საფრანგეთში, მაროკოში თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ისინი მოისურვებენ.
საქართველოში ახლა მართლაც პოპულარულია გარკვეული ტიპის ღონისძიებების, მაგალითად, ქორწილების იტალიასა თუ საბერძნეთში გადახდა. აქვს თუ არა საქართველოს პოტენციალი ‒ კონკურენცია გაუწიოს ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს? სერვისების თვალსაზრისით რა მდგომარეობა გვაქვს, ვართ თუ არა კონკურენტუნარიანი?
ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. ამ ქვეყნებს უფრო მასშტაბური შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე საქართველოს. ამასთან, ერთი და იმავე ტიპის ივენთის შემთხვევაში იქ სხვა ბიუჯეტზეა საუბარი, მათ შორის მოსახლეობის და, შესაბამისად, კლიენტების შესაძლებლობებიდან გამომდინარე. შედეგად, ხარისხი და სტანდარტი ჩვენთან უფრო ნაკლებია. თუმცა, საქართველო მიჰყვება ტრენდს. ცხადია, პოპულარობიდან გამომდინარე, მაგალითად, იტალიაზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე საქართველოზე ‒ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ოცნებაა ქორწილის იტალიაში გადახდა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საინტერესო ლოკაციად იქცეს.
შეიძლება ითქვას, რომ სადღესასწაულო ღონისძიებების, წვეულებების გადახდის კულტურა საქართველოში დამკვიდრდა, ჩვენი მოსახლეობისთვის ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა? როგორი სურათი გვაქვს?
რა თქმა უნდა, ამ კუთხით ძალიან გავიზარდეთ ‒ ახლა უკვე არც კი განიხილება მაღალი დონის ღონისძიების ორგანიზატორის გარეშე გაკეთება, მაშინ, როცა 15 წლის წინ ადამიანებმა არც იცოდნენ ამ პოზიციის არსებობა, იყო უნდობლობის ფაქტორი და ა.შ. ახლა ივენთმენეჯმენტი უკვე ისეთ დონეზეა, რომ ბაზარზე არსებობენ და ამ მიმართულებით წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ბიზნესი ‒ ავეჯის კომპანიები, დეკორატორები, მუსიკალური პროდიუსერები და რეჟისორები, კონცეპტ-დიზაინერები და ა.შ. ასე რომ ეს სფერო ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა და მასში არაერთი პროფესიონალი მუშაობს. ამასთან, თავად დამკვეთები მიხვდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალებთან მუშაობა, საქმის მათთვის მიბარება. ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი ძალებით მოაწყო ესა თუ ის ღონისძიება, სტრესისა და დაღლილობის გარდა ბევრი არაფერი ახსოვთ. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც როგორც სხვა ნებისმიერი საქმე, პროფესიონალებმა უნდა აკეთონ.
თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?
ახლა კი. წლები სულ ვმუშაობდი, დასვენების გარეშე, სულ საქმეში ვიყავი ჩართული. დღესაც არანაკლებ და შეიძლება კიდევ მეტ საქმესაც ვაკეთებ, ოღონდ ისე, რომ მოგზაურობასაც ვასწრებ და სხვა გატაცებებისთვისაც მრჩება დრო. ეს ნაწილობრივ ჩემი შეუცვლელი გუნდის დამსახურებაცაა. ცხადია, გამოცდილებამ სხვა თავდაჯერებულობა მოიტანა. ვარ ჰაიკინგით, ფიტნესით, სირბილით, ჰოლისტური იდეებით დაკავებული. მიყვარს ხალხის გაცნობა, ახალი გამოცდილების მიღება.
ქალები უფრო მეტნი არიან ამ სფეროში თუ მამაკაცები?
ქალები. საქართველოში განსაკუთრებით. ალბათ, მამაკაცისთვის რთულია ერთდროულად ამდენ დეტალზე ზრუნვა. თითოეული ღონისძიება უამრავი წვრილმანისგან შედგება, რაც სწორად უნდა გათვალო, არაფერი არ უნდა გამოგეპაროს, უნდა იყო ძალიან მომთმენი. მამაკაცებს არც დეტალების ასეთი აღქმა აქვთ და არც ნებისყოფა. ასეა ივენთ მენეჯმენტშიც და ცხოვრებაშიც. მამაკაცებსაც ძალიან კარგად გამოსდით, უბრალოდ უფრო ნაკლები ინტერესი აქვთ ამ სფეროს მიმართ.
შთაგონებას რა გაძლევთ?
ბევრი რამ. მათ შორის, ვგიჟდები მთებში სიარულზე. ძალიან ბევრი ღონისძიების იდეა მომსვლია მთაში სიარულის დროს. მე ყველაფერს ივენთის თვალით ვუყურებ და ბუნებაში სიგიჟე იდეები მომდის. შთაგონებაა მოგზაურობა, წიგნები, ფილმები, მუსიკა, უამრავი რამ.