„N.S.Kariauli“-ის დინამიკური სამყარო | ინტერვიუ ნათია და სოფო კარიაულებთან

ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოწვევაა და შეუცვლელი ემოციები მოაქვს. პროფესია აზარტულია – სულ განვითარებაზე ფიქრობ, სულ მეტზე – არ უნდა ჩამორჩე ტენდენციებს და ტექნოლოგიებს, უამრავი დეტალი უნდა გაითვალისწინო და შექმნა კონცეფცია.

აქ, ყველა პროექტის უკან თავისებური სამყარო იმალება. ეს ხომ სივრცეა, სადაც ადამიანი ბოლომდე წყდები გარე სამყაროს და შენს კედლებს აფარებ თავს.

“N.S.Kariauli” დიზაინ სტუდიაა, რომელიც მუშაობს ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინზე და მასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებაზე, იქნება ეს სარემონტო სამუშაოები თუ მასალების, ავეჯის და დეკორის შერჩევა. სტუდიის დამფუძნებლები ნათია და სოფო კარიაულები არიან.

მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, თითქმის ერთად გაიზარდნენ, ბოლო ხუთი წელია ერთად მუშაობენ, საკმაოდ კარგად ეწყობიან საქმეში და ერთმანეთის გემოვნებასაც იზიარებენ. საერთო პროექტებმა, შეკვეთების მატებამ და მოთხოვნის ზრდამ კი მათი კოლაბორაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

მოგვიყევით თქვენს სამუშაო გამოცდილებაზე, რატომ დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?

ნათია კარიაული: თავიდან იყო სამხატვრო აკადემია, რომელიც ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობით დავამთავრე. ვმუშაობდი მაკა ასათიანის სახელოსნოში. ეს ძალიან კარგი პერიოდი იყო და დიდი გამოცდილება მივიღე.

მერე, ცოტა ხანი, საკუთარი სახელოსნოც მქონდა, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად თექაზე ვმუშაობდი.

ცოტა ხანში ინტერიერის დიზაინმაც დამაინტერესა, თან ისე, რომ ვისწავლე პროგრამები, გავიარე სტაჟირება არქიტექტურულ კომპანიებში და პირველ პროექტებზეც დავიწყე მუშაობა.

“Two Side Party Club” – ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი დიდი პროექტი, რომლისთვისაც ჯილდოც კი მივიღე – „სტილის არქიტექტურული პრემია“ – 2009 წლის საუკეთესო საზოგადო ინტერიერისთვის. ამის მერე დაიწყო ჩემი აქტიური საქმიანობა – ინდივიდუალური შეკვეთები, რესტორნები, კაფეები, კლუბები, სასტუმროები, ლუდის პაბები, ქართული და იტალიური სამზარეულოები. ჩემი ერთ-ერთი საამაყო პროექტია ქართული რესტორანი „ტაბლა“, რომელშიც ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული და განსაკუთრებით მიყვარს.

სოფო კარიაული: ეს ალბათ ყველაზე საინტერესო პროფესიაა. უნდა შექმნა ისეთი გარემო, იქნება ეს საცხოვრებელი, სამუშაო თუ სხვა სივრცე, სადაც ადამიანი კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობს თავს. საცხოვრებელი სივრცის შექმნა კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან მყუდრო სახლთან ბევრი სასიამოვნო წუთია დაკავშირებული, რაც მერე, მთელი ცხოვრება მიგყვება და გულს გითბობს.

და თუ ასეთი გარემოს შექმნაში ჩემი ხელი ურევია, ეს ძალიან მაბედნიერებს.

26 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში, სადაც ყოველდღიურად მქონდა შეხება ნახაზებთან, სამშენებლო თუ დეკორატიულ, მოსაპირკეთებელ მასალებთან, ასევე მიწევდა ურთიერთობა არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, მშენებელ-კონსტრუქტორებთან – მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი.

5 წელი ვიმუშავე ამ კომპანიაში და რაღაცნაირად შევისისხლხორცე ეს გარემო.

მერე საკუთარი ბინის მოწყობაზე ვიმუშავე ნათიასთან ერთად და ამ კოლაბორაციამ მიგვახვედრა, თუ რამდენად მოგვწონდა ინტერიერის დიზაინზე ერთობლივად მუშაობა.

როგორია სამუშაო პროცესი თქვეს სტუდიაში, როგორ მიდიხართ იდეიდან საბოლოო დეტალის განხორციელებამდე?

ნათია კარიაული: პირველ რიგში ვეცნობით დამკვეთს და მის მოთხოვნებს; ხშირად ისეც ხდება, რომ დამკვეთი მოდის და არ იცის ზუსტად რა სურს, ასეთ დროს კი ვიწყებთ მასთან დისკუსიას, განვიხილავთ სათითაო დეტალს და მივდივართ საერთო გადაწყვეტილებამდე. ჩვენს პროექტებს ყოველთვის აქვს სახასიათო კონცეფცია და იდეა, რაც შემდეგში, თავად დიზაინზე მუშაობის პროცესსაც ბევრად საინტერესოს ხდის. გვქონია შემთხვევები, როდესაც უცხოელი შემსრულებლებიც კი ჩამოგვიყვანია პროექტში ჩასართველად. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მაღაზიებთან და საწარმოებთან.

როგორია უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროცესი?

სოფო კარიაული: საზღვარგარეთ ვიზიტებმა მოგვცა ის შესაძლებლობა, რომ თანამშრომლობა დაგვემყარებინა ბევრ საკმაოდ ცნობილ ავეჯის მწარმოებელ კომპანიასთან, ისეთებთან, როგორებიც არიან: ETRO, SALTDA, JUMBO GROUP, BOFFI, MARCHICUCINE, OFFICINE GULLO და სხვა. ამან გაზარდა ჩვენი შესაძლებლობები და სამომავლო გეგმებიც უფრო მრავალფეროვანი გახადა.

ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ უფრო მეტად დავიმკვიდროთ თავი ქართულ ბაზარზე. ყველა კუთხით გავაძლიეროთ ჩვენი კომპანია და შევქმნათ დიდი და ლამაზი პროექტები.

პროექტები, რომლებზე მუშაობაც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის.

ნათია კარიაული: ნებისმიერი პროექტი თავისებურად საინტერესოა, რადგან ყველა ინტერიერის უკან განსხვავებული ამბავია. ყველა ადამიანს ხომ თავისი ინდივიდუალური აღქმა აქვს, როგორც სტილის, ასევე ფერის და კომფორტის. შენ კი მაქსიმალურად დიპლომატიურად უნდა შეძლო სწორად გამოიცნო მისი სურვილები და სისრულეში მოიყვანო ჩანაფიქრი.

საერთო ნამუშევრებიდან გამოვყოფდი ჩვენს ბოლო პროექტს, სასტუმრო „ბიოგრაფს“, რომლის კონცეფციაზეც ვიმუშავეთ. ძალიან გაგვიმართლა დამკვეთებში, რომლებიც ბოლომდე გვენდნენ და მიუხედავად რთული პერიოდისა – კოვიდის და პანდემიის ფონზე დავასრულეთ 112 ნომრიანი სასტუმრო.

რა გაძლევთ მოტივაციას?

სოფო კარიაული: ოჯახი და შვილებთან ურთიერთობა ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორია ცხოვრებაში, მათი ერთი სიტყვაც კი მთებს გადამადგმევინებს. ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, სულ თან დამქონდა ჩემი „ზენიტი“, რადგან ძალიან მომწონს ფირით გადაღება. მოგვიანებით ციფრულ კამერაზეც გადავედი და ერთი პატარა გამოფენაც მქონდა. მიყვარს ბუნება – სიმწვანე, მთა, ზღვა – ყველა პრობლემას მავიწყებს, უდიდესი ენერგიით მავსებს და სიმშვიდეს მანიჭებს.

მაგრამ არის ერთი გამორჩეული წამი, როცა გრძნობ, რომ მოლოდინს გადააჭარბე, გაქვს განცდა, რომ უფრო ძლიერი ხარ და იმაზე მეტი შეძელი, ვიდრე შეგეძლო – ეს კმაყოფილი კლიენტია, რომელიც ჩვენს საქმეში ყველაზე დიდი მოტივაციაა.

როგორია დიზაინ სტუდია “N.S.Kariauli-ის” სამომავლო გეგმები?

ნათია კარიაული: დიდი გეგმები გვაქვს, რადგან ახლა, როდესაც ერთად ვართ ამ საქმეში, უფრო მეტი შესაძლებლობაა გარშემო, გაცილებით სერიოზულ პროექტებზე ვიწყებთ მუშაობას და ჩნდებიან ახალი მოკავშირეები. ვთანამშრომლობთ იტალიელ მწარმოებლებთან და ახალ კომპანიებთანაც გავდივართ კავშირებზე. იმედია, პანდემიაც მალე დასრულდება და შევძლებთ ძველი ცხოვრების რიტმთან დაბრუნებას, აღდგება გამოფენები და ის ურთიერთობები, რაც აუცილებელია დიზაინერის დინამიკური საქმიანობისთვის.

სოფო კარიაული: “N.S.Kariauli”-ის დაარსებიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა, შესაბამისად, წინ ბევრი გამოწვევა გველის. თან უკვე წინ გადადგმული ნაბიჯებიც დაგვიგროვდა და მჯერა, რომ ეს დიდ წინსვლასაც მოგვიტანს, გაზრდის ჩვენი პროექტების რიცხვს და მოგვცემს შანსს არასდროს შევწყვიტოთ ზრდისა და განვითარების პროცესი. ვისურვებდით, რომ ახლო მომავალში, ჩვენმა პროექტებმა მოიცვას არა მხოლოდ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა, არამედ საზღვრებს გარეთაც გავიდეს.