OECD: საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე საშუალოზე მაღალია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა“ (OECD/INFE) მოსახლეობის ფინანსური განათლების 2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები წარადგინა.

OECD-ის კვლევაში 26 ქვეყანა მონაწილეობდა. მოსახლეობის ფინანსური განათლების საერთო დონე სამ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით შეფასდა: ცოდნა, ქცევა და დამოკიდებულება.

2019 წლის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველომ ფინანსური განათლების მიმართულებით შესაძლო 21 ქულიდან 12.1 ქულის მოპოვება შეძლო, რაც საშუალოზე მაღალი შედეგია (57.6%).

ცალკეული კომპონენტების მიხედვით საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე მაღალი შედეგი, 62.5% ფინანსური განათლების მხრივ აჩვენა, ქცევებში 56.3%, ხოლო დამოკიდებულებებში 50% დაიმსახურა.

ცოდნის კომპონენტში საქართველოს შედეგი ყველა ქვეყნის საშუალოზე მაღალია და 11 ქვეყანას უსწრებს, მათ შორის იტალიას, პორტუგალიას, ბულგარეთსა და რუმინეთს. ცოდნის კომპონენტის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უკეთ ესმის ისეთი საკითხები, როგორებიცაა ფულის ღირებულება დროში, სესხზე გადასახდელი სარგებელი, რისკები და უკუგება, ინფლაცია.

ქცევის კომპონენტში საქართველოს მოსახლეობის შედეგები ყველა ქვეყნის საშუალოს მცირედით ჩამორჩება, თუმცა მაინც უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუსეთი, რუმინეთი, ხორვატია და იტალია. შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% დროულად იხდის გადასახადებს, 70.6% აკონტროლებს საკუთარ ფულს და ხარჯებს.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ცალკეული კომპონენტების მიხედვით საქართველომ დამოკიდებულებებში აჩვენა. შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს მოსახლეობის 79% თვლის, რომ ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს და მის გრძელვადიანი მიზნებისთვის გამოყენებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.