შესაძლებელია თუ არა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ენდოკრინოლოგის ჩანაცვლება ალგორითმით

ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერებათა უნივერსიტეტის ექიმებმა და მკვლევარებმა ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზებული მონიტორინგის დახმარებით შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს დაეხმარება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლში. პირველი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები ვერ გამოიმუშავებენ საკუთარ ინსულინს, ამიტომ მათ თავად უნდა მიიღონ იგი დღის განმავლობაში.

„ჩვენი სისტემა უნიკალურია, ჩვენ შევქმენით ალგორითმი მათემატიკური სიმულატორის გამოყენებით და როდესაც გამოვცადეთ რეალურ ადამიანებზე, რომელთაც ჰქონდათ პირველი ტიპის დიაბეტი, აპლიკაციაში ინტეგრირებულმა ალგორითმმა ენდოკრინოლოგების იდენტური რჩევები გასცა“ –  აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკოლ ტაილერი. ექსპერიმენტში ოთხი კვირის მანძილზე პირველი ტიპის დიაბეტის მქონე თექვსმეტი ადამიანი მონაწილეობდა.

DailyDose აპლიკაციაში ინტეგრირების შემდეგ ალგორითმის მიერ გაცემული რეკომენდაციები ექიმების რეკომენდაციებს 67,9 %-იანი სიზუსტით ემთხვევა. მართალია, მსგავსი ალგორითმები უკვე არსებობდა, თუმცა სტატისტიკურად  მნიშვნელოვანი შედეგი მხოლოდ რამდენიმემ აჩვენა, ამასთან მათი უმეტესობა არ ადარებს ალგორითმის რეკომენდაციებს ექიმის რეკომენდაციებს.

„ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე წელიწადში ჩავატაროთ მასშტაბური კვლევა, 8 და 12 კვირის განმავლობაში და შევადაროთ ჩვენი ალგორითმით მკურნალობა ინსულინით მკურნალობის სხვა სტრატეგიებს“ – აცხადებს ჯესიკა კასლი, მედიცინის დოქტორი ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან.