იცინე ხმით და მიყურე მე | ინტერვიუ სოფო პაპიაშვილთან

ყველას გონებაში იმალება რაღაც გატაცება, ფიქრი, რომელიც არასდროს გშორდება და ადრე თუ გვიან ან შენ აღმოაჩენ მას, ან თვითონ გიპოვის. ეს გატაცება კი შეიძლება იქცეს ისტორიად, ამბად, რაც შეცვლის შენს ხედვას, გრძნობებსა და ემოციებს, გასწავლის როგორ იპოვო საკუთარი თავი და ახალი ადამიანები. თუმცა, ყველაფერი ალბათ მაინც შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული, გულის სათქმელზე, რომელიც რაიმე ფორმით უნდა წარმოჩნდეს, ამისთვის კი, პირველ რიგში, უნდა ენდო საკუთარ თავს და თუ დაგჭირდება, შორსაც გაიქცე, მთავარია მაინც შექმნა ის, რასაც გრძნობ ‒ ეს კი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი კადრი.

სოფო პაპიაშვილისთვისაც რაღაც ასეთი თავგადასავალია ფოტოგრაფია, თავად დაიწყო, თავად ისწავლა და ჩაატარა უამრავი ექსპერიმენტი. ჯერ მეგობრებს და ახლო ადამიანებს უღებდა, მერე უფრო თამამი გახდა და უცხო ადამიანებიც თავისი თავგადასავალის ნაწილად იქცნენ. კადრებზე აღბეჭდავდა მათ ემოციებს და ასე ვითარდებოდა მისი შთაგონებაც. ყოველი ახალი კადრი, ახალ აღმოჩენად იქცა და საბოლოოდ ჰობი მისი პროფესიაც კი გახდა.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

როგორ გახდა ფოტოგრაფია თქვენი განუყოფელი ნაწილი?

16 წლის ვიყავი გადაღება რომ დავიწყე. ვიღებდი ადამიანებს და მივხვდი, რომ სწორედ ეს მომწონდა, პროცესი, რომელიც ყოველ ჯერზე განსხვავებული იყო, ურთიერთობები, ადამიანების ნამდვილი ემოციების გაცნობა და მათი ხასიათის აღმოჩენა. მერე იმასაც მივხვდი, რომ ჩემს სტილად პორტრეტების გადაღება იქცა, რადგან აქედან მოდიოდა განსაკუთრებული ენერგეტიკა და სიღრმე.

როგორი იყო ბავშვობა? რას ეძებდით მაშინ?

მთელი ბავშვობა ვხატავდი და ვგეგმავდი კიდეც სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას. რა თქმა უნდა, მე ვაკავშირებ ჩემს ახლანდელ პროფესიას ბავშვობის გატაცებასთან, რადგან ეს ორი განხრა, მხატვრობა და ფოტოგრაფია საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან. ორივე ჩემი ნაწილია და ალბათ სულ ასე იქნება.

და რა ემოციები მოაქვს ამას თქვენთვის?

უმეტესად შთაგონება და ინტერესი. თუ რამე მთელი გულით არ გაინტერესებს, ის ალბათ ვერც ნამდვილ ემოციას მოგიტანს, ვერ მოგანიჭებს სიხარულს და ვერ მოგანდომებს, რომ მუდმივად ახლის ძიებაში იყო. მე მიყვარს ადამიანები, მათგან ვიღებ ინსპირაციას და შემდეგ უკვე ჩემს ხედვაში გადამაქვს ეს ყველაფერი.

რას ამბობს თქვენი ფოტოგრაფია, რას ჰყვება?

რადგან ჩემი შემოქმედება ადამიანებზეა, კადრებიც მათ ისტორიებს ჰყვება, როგორები არიან ისინი, რაზე ფიქრობენ, რას გრძნობენ, თუნდაც იმ მომენტში რა ხასიათზე არიან. მერე კი ვცდილობ, ეს ყველაფერი ჩემს პორტრეტებში გადმოვიტანო, რადგან ჩემი მიზანიც ესაა, თითოეული ადამიანის უნიკალურობა სადმე ინახებოდეს და არასდროს გაქრეს.

რა ტექნიკებს ანიჭებთ უპირატესობას გადაღებისას?

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე მხოლოდ ორ რამეს ვეუბნები მათ: იცინე ხმით და მიყურე მე. თითქოს ასე მეტი გულწრფელობაც მოდის და სინამდვილეც ჩანს.

როგორები არიან თქვენი გმირები, ანუ ადამიანები, რომლებსაც იღებთ?

ჩემს გმირებს მეტყველი, ღრმა მზერა აქვთ. მე ვიღებ თვალებს, რომელიც ბევრ რამეს გადმოსცემს პიროვნებაზე. ერთი მზერაც საკმარისია, რომ, ზოგადად, ადამიანი შეიცნო. მთავარია, რომ ჩანდეს ისეთი რამ, რაც ჩემს კადრს გააცოცხლებს.

რისგან იღებთ შთაგონებას?

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, შთაგონებაზეა უამრავი რამ დამოკიდებული. მე მას ყველაზე ხშირად მარტივ რაღაცებში ვპოულობ, ან იმაში, რაც ჩემ გარშემოა, რასაც ვხედავ, რასაც ვგრძნობ.

საყვარელი ფოტოგრაფი თუ გყავთ, რომლის შემოქმედებაც მუდამ ახალი იდეებით გავსებთ?

ფოტოგრაფი, რომლის შემოქმედებაც ჩემში გრძნობებს აღვიძებს, იაპონელი მასაო იამამოტოა. ის მართლაც  შეუმჩნეველს ხედავს, თითქოს ყველაფერს ინახავს თავის გონებაში და თავის კადრებში.

ასევე ძალიან მომწონს პიტერ ლინდბერგი, რომელსაც ძალიან განსხვავებული და თავისებური ხელწერა აქვს. თითქოს მისტიურია, მაგრამ ეს თავისთავად ხდება მასში, პოსტ-იმპრესიონიზმისკენ სწრაფვაც ჩანს აქ. მგონია, რომ მან მოდის სამყაროში ნამდვილად მოახდინა გადატრიალება, როგორც თავისუფალმა სულმა, რომელსაც უყვარს ადამიანი თავისი ნაკლით, ალბათ ამითი ახდენს ჩემზე ამხელა შთაბეჭდილებას.

რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ფოტოგრაფობა, მაგრამ ვერ ბედავენ პირველი ნაბიჯების გადადგმას?

მგონია, რომ არ არის საჭირო წინასწარ იცოდე რაღაცები, სჯობს ყველაფერი ბუნებრივად მოდიოდეს, ამიტომ არ უნდა იფიქრო, რომ რაღაც არ გამოგივა. თუ გაინტერესებს რაღაც, უკან არ უნდა დაიხიო. როდესაც ამ გზას ირჩევ, ძალისხმევას არ იშურებ, აუცილებლად იპოვი საკუთარ თავსაც და წარმატებასაც მიაღწევ.

რა არის ქალების ძალა? როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?

ქალებს ძალიან დიდი ძალა გვაქვს, ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია და ბევრ რამესაც ვამტკიცებთ ჩვენი სიძლიერით, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ძალა საკუთარ თავში რწმენაა და დიდი სიყვარული, ამ სიტყვის ფართო გაგებით.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

უნდა ვიარო წინ. რასაც ვაკეთებ მინდა, რომ უფრო ღრმა იყოს და მუდმივად მრავლისმომცველი.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი
ფოტო: სოფო პაპიაშვილი
ფოტო: სოფო პაპიაშვილი
ფოტო: სოფო პაპიაშვილი

ფოტო: სოფო პაპიაშვილი
ფოტო: სოფო პაპიაშვილი
ფოტო: სოფო პაპიაშვილი
ფოტო: სოფო პაპიაშვილი
No Comments Yet

Comments are closed