წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას. ვირუსმა წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანებზე, მათ გარემოსა და ყოველდღიურობაზე. მკვეთრად მერყევი ეკონომიკური გარემო შეიქმნა საქართველოშიც, სადაც კერძო სექტორმა უმძიმესი ზარალი განიცადა. კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად აუცილებელი გახდა უმოკლეს დროში სრულიად განახლებული სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა რაც შეიძლება უმტკივნეულო ადაპტაცია მომხდარიყო პანდემიით გამოწვეულ ახალ თამაშის წესებთან.
მაშინ, როცა კომპანიათა უმეტესობა ღრმა კრიზისშია ან სულაც გაქრა, გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა ის ადამიანები, რომელებმაც უდიდესი ეკონომიკური დარტყმის მიუხედავად, დანებების ნაცვლად ორმაგი ძალები მოიკრიბეს და თავიანთი ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერეს.
შეკრების ადგილად კი „მეამა“ შევარჩიეთ ვინაიდან ის თავად არის პანდემიური პერიოდის ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი.
ნათია ჩომახაშვილი – „მეამას“ მარკეტინგის დირექტორი
რა ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენათ COVID 19-მა და როგორ წარიმართა ახალ რეალობასთან ადაპტაციის პროცესი?
2020 წელი, ბუნებრივია, ყველასთვის, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, რთული, გამოწვევებით სავსე წელი იყო.
კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ზოგადად, გაეგრძელებინათ საქმიანობა, მარტივად ადაპტირებულიყვნენ არსებულ რეალობასთან, ბიზნეს პროცესები შეუფერხებლად გაეგრძელებინათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეზრუნათ თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.
„მეამაც“ ანალოგიურად დადგა ამ გამოწვევის წინაშე, მით უმეტეს, ბრენდი პოზიციონირებას სწორედ მაშინ იწყებდა და მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, ვთვლით, რომ ადვილად შევძელით ადაპტირება. მეამასთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად ცვალებად სამყაროში მუდმივად ვითარდებოდეს და მომხმარებლებს უქმნიდეს საუკეთესო გამოცდილებას. ყოველი გამოწვევა ჩვენთვის არის მოტივაცია, ვიპოვოთ ახალი და ინოვაციური გადაწყვეტა.
ჩვენ ამ ყველაფერს მარტივად გავუმკლავდით, რადგან „მეამას“ გაყიდვის ერთ-ერთი ძირითადი არხი, ელექტრონული კომერციის პლატფორმაა და ის ჯერ კიდევ პანდემიამდე გამართულად მუშაობდა. ასევე, უკვე დანერგილი გვქონდა შიდა სამუშაო ციფრული სივრცე და, შესაბამისად, თანამშრომლებს არ გაუჭირდათ დისტანციურად მუშაობა.
პანდემიის მიუხედავად, მოვერგეთ ახალ რეალობას და დაუბრკოლებლად გავაგრძელეთ ყავის მოხმარების ახლებური გამოცდილების შექმნა ჩვენს რეალობაში.
რა იყო თქვენთვის ის მთავარი მამოძრავებელი, რათა არ შეგეჩერებინათ წინსვლა?
„მეამა“-ში ყველას გვიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და დიდი ენთუზიაზმით ვქმნით თითოეულ ახალ პროდუქტსა თუ გამოცდილებას. ჩვენთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის პროგრესისკენ სწრაფვა, რითაც შთავაგონებთ ერთმანეთს და სხვებს.
მთავარი ალბათ მაინც არის ის, რომ ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან სიახლეს საქართველოში, როგორც პროდუქციის და მომსახურების, ასევე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. გვაქვს მოტივაცია და ენთუზიაზმი, „მეამა“ გახდეს ისეთი ქართული ბრენდი, რომელიც ყავის ინდუსტრიაში, ადგილობრივთან ერთად, გლობალურ ბაზარზეც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
საკმაოდ საინტერესო და ამბიციური გეგმები გვაქვს, უახლოეს ორ თვეში „მეამა“ სრული კონცეფციით გამოჩნდება ქუთაისსა და ბათუმში, სივრცეებით და „მეამა ქოლექთებით“. მიგვაჩნია, რომ ამ ქალაქებში „მეამას“ შესვლა ახალი და საინტერესო გამოცდილება იქნება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ‒ ჩვენთვის.
ასევე ვგეგმავთ თბილისის მასშტაბით გაფართოებას, არომატული გემოების დამატებას, როგორც ყავის, ასევე ჩაის მიმართულებით და აქტიურად ვმუშაობთ ახალი ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე.