რუსუდან ფეტვიაშვილის უხმაურო სიკეთის სამყარო | ინტერვიუ რუსუდან ფეტვიაშვილთან

30 აპრილს თბილისში რუსუდან ფეტვიაშვილის მუდმივმოქმედი სამხატვრო გალერეა გაიხსნა. ახალი სივრცის პრეზენტაცია მხატვარმა გარდაცვლილი მეუღლის, თემურ ბადრიაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. მათ 33 წელი გაატარეს ერთად. თანამშრომლობის, პარტნიორობის, მეგობრობისა და დიდი სიყვარულის 33 წელი.

რუსუდან ფეტვიაშვილს პირველი ორი პერსონალური გამოფენა 8 და 9 წლის ასაკში ჰქონდა, 12 წლისას ‒ პარიზში. მისი ნამუშევრები მთელი მსოფლიოს კერძო კოლექციებშია დაცული.

მისი მხატვრობა ათასგვარ შეფასებასა და ასოციაციას აჩენს. მრავალპერსონაჟიანი, სიმბოლოებით დატვირთული ნამუშევრების აღქმას მხატვარი მნახველს ანდობს. ერთადერთი მინიშნება აქვს: ყველა ეს ნახატი სიკეთისა და ბოროტების ჭიდილზეა, სადაც ბოროტებას არასდროს რჩება შანსი, იყოს გამარჯვებული.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რა ასაკიდან გრძნობდით, რომ ეს იყო ის საქმე, რაც გინდოდათ, რომ გეკეთებინათ?

ვფიქრობ, 7-8 წლის ასაკიდან. სხვადასხვა კატეგორია მქონდა ნამუშევრების. იყო სერიოზული ხატვა ‒ ალეგორიული სტილის, თავისი სიმბოლოებით, რაშიც ქვეცნობიერი ღრმად იყო ჩართული და რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და იყო ასევე „ისე ხატვა“ ‒ სრულიად ყოფით თემებზე, ყოველდღიურობაზე, მაგალითად, როგორ მიდიან მოსწავლეები სკოლაში, ბავშვები ‒ საბავშვო ბაღში, დედა როგორ აჭმევს შვილს და ა. შ. „ისე ხატვა“ განტვირთვის საშუალება იყო, დასვენებას ემსახურებოდა, რადგან მხატვრობა, რომელსაც მე ნამდვილს ვეძახდი, ძალიან დიდ ენერგიას ითხოვდა ბავშვობაშიც და ახლაც. ასეთ ნახატებზე მუშაობის პროცესში ბოლომდე, ასი პროცენტით ვიყავი ჩართული. მუსიკა მქონდა ხოლმე ჩართული, რომ ხმაურს სხვა რამეზე არ გადავერთე. იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, როცა განტვირთვის მიზნით ვხატავდი, ახლაც სიამოვნების განცდა მიჩნდება. ეს იყო დაახლოებით 9-10 წლის ასაკამდე. მერე უკვე გაკვეთილები მქონდა სასწავლი, მუსიკაზე, ცურვაზე დავდიოდი, ენას ვსწავლობდი და ამ ყველაფრის ფონზე ვეღარ ვასწრებდი დასვენების მიზნით მეხატა და ამით კომფორტი შემექმნა საკუთარი თავისთვის.

როგორ ფიქრობთ, როცა მოზარდი ამა თუ იმ მიმართულებით გამოხატულ ინტერესს ამჟღავნებს, მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ფხიზლად იყოს? თუ არის შემთხვევები, როცა გარდაუვალია მიხვიდე იქამდე, რაც უნდა აკეთო?

მე ვფიქრობ, მშობელი აუცილებლად ფხიზლად უნდა იყოს, მაგრამ თუ ადამიანს ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს რაღაცის კეთების, თუ ძალიან უყვარს და უნდა რაღაც, მაინც მოახერხებს. მშობელმა, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის ინტერესს, მაგრამ არ უნდა დააძალოს მას. როგორც კი რაღაცას აძალებ, ეუბნები, ასე გააკეთე, ისე გააკეთე, ის კარგავს ხალისს. ამიტომ ეს ბალანსი მშობელმა აუცილებლად უნდა დაიცვას, თუ შვილის დახმარება უნდა.

ხატვის პროცესს მუშაობად აღიქვამთ?

მუშაობად აღვიქვამდი ყოველთვის. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ 11-12 წლის ასაკშიც იმას ვამბობდი, ვმუშაობმეთქი.

ეს პროცესი რუტინულია?

არა, ვმუშაობ მარტო მაშინ, როცა მინდა, სურვილი მაქვს, მეხალისება, რომ ვიმუშაო. ვცდილობ ჰარმონიული იყოს ეს პროცესი. დღეს, 21-ე საუკუნეში, ძნელია, რომ ჰარმონია მოიპოვო საკუთარ თავთან და გარემოსთან, იმიტომ, რომ პროცესები ძალიან აჩქარებულია, დრო ტურბულენტურია, იმდენი რაღაც ხდება, იმდენი რამე გაწუხებს, იმდენ რამეზე დარდობ, ეს ყველაფერი სიმშვიდეს გაკარგვინებს ადამიანს. უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ სიმშვიდე მოიპოვო.

რა გაძლევთ სიმშვიდეს?

მე პირადად სიმშვიდეს მაძლევს ერთადერთი ‒ რწმენა. რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მთელ მსოფლიოში ამის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულებაა. სინამდვილეში პრობლემების დროს კონსტრუქციული გარღვევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ლოცვას წარმოთქვამ. ადამიანს ამის ცოდნა ბევრ რამეში ეხმარება, რადგან ცხოვრება ძალიან რთულია. ამხელა უკიდეგანო სამყაროში დედამიწა, ფაქტობრივად, პატარა წერტილივითაა ჩამოკიდებული. რა გვაქვს საყრდენი? სიყვარული, რწმენა და იმედი, მეტი არაფერი. ქრისტიანული რწმენა ძალიან დიდი რამეა. ამაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, არაფერი თქმულა: გიყვარდეს მტერი შენი და ლოცავდე შენს მაწყევარს. მტრის სიყვარული ძალიან რთულია, ამას გავალებს შენ ქრისტიანობა. თუ შენს საკუთარ თავზე მაღლა დადექი და შეიყვარე შენი მტერი, დედამიწაზე შენი მომრევი, ალბათ, არავინ იქნება.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

თქვენ ახსენეთ სიამოვნება ხატვის პროცესში, ერთმნიშვნელოვნად სიამოვნებაა თქვენთვის ხატვა თუ ამავე დროს ესაა ერთგვარი ჭიდილი, ბრძოლა?

კი, ნამდვილად დიდი ჭიდილია. ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობითაც. აი, მაგალითად, ამ წუთას შეჭიდებული ვარ ძალიან დიდ ტილოს, რომელიც არსად არ ეტევა და სახლში იატაკზე მაქვს გაშლილი. უდიდესი ძალა და ენერგია სჭირდება ასე მუშაობას და სირთულეა ისიც, რომ აღქმა ძალიან რთულდება. შორიდან რომ ვერ აღვიქვამ, ჩემს საკუთარ ტვინში უნდა მოვახდინო ამ ნამუშევრის პროექცირება, ზევიდან უნდა დავინახო გონებაში, რომ აღვიქვა რამდენად პროპორციულია სხეულები. ასე მუშაობა ძალიან დამღლელია, ხანდახან შეიძლება არაქათი იმდენად გამოეცალოს ადამიანს, ორი-სამი დღე ვეღარ იმუშაოს.

ტექნიკურად დიდი სხვაობაა დიდ და პატარა ტილოზე მუშაობას შორის?

ძალიან დიდი სხვაობაა. აკვარელის ნამუშევრები ყოველთვის დიდი ბედნიერების შეგრძნებას უკავშირდება. მით უმეტეს, თუ ერთ-ორ ფიგურიანი ნახატებია, განწყობის ნამუშევრები რასაც ჰქვია. დიდ ტილოს ვერ მოიკიდებ და ვერ წაიღებ, თუ, მაგალითად, უცხოეთში მიდიხარ. აკვარელის პატარა ქაღალდები თან დამაქვს ხოლმე. სასტუმროში სულ პაწაწინა მაგიდაც რომ გქონდეს, თუ მუშაობა მოგინდა, გაშლი და იმუშავებ.

დროის თვალსაზრისით, დიდი ტილო დღეებს, კვირებს, თვეებს ითხოვს?

ხანდახან წლებსაც. ხდება, რომ რაღაც განწყობაზე ხარ, იწყებ ნამუშევარს და ჩერდები. მერე გადის წლები და შეიძლება იმ ნახატს მიუბრუნდე იმიტომ, რომ შესაბამისი განწყობა მოვიდა. არის ნამუშევრები, რომლებიც, ფაქტობრივად, ათ წელიწადს იხატებოდა. მსგავსი რამ სხვა მხატვრებისგან მქონდა გაგონილი, მაგრამ სრულიად არარეალური მეჩვენებოდა.

ხშირად მხატვრებს ნამუშევრების ინსტრუქციას სთხოვენ ხოლმე. თქვენ თუ გეკითხებიან რა იგულისხმეთ ამა თუ იმ ნახატში?

სხვათა შორის, „ვილეროი და ბოხთან“ თანამშრომლობის დროს ასეთი სტანდარტი იყო, რომ ჭიქასაც და ორივე თეფშსაც მოჰყვა ანოტაცია იმის შესახებ, რა განწყობა და რა შინაარსია ამ ნამუშევრებში ჩადებული. მაშინ მივხვდი, რომ ანოტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ნახატს შეიძლება არ დაურთო, მაგრამ როცა შენ რთული, ფიგურატიული და ბევრი სიმბოლოთი დატვირთული ნამუშევრები გაქვს, შეიძლება, რომ მნახველს ერთიორი წინადადებით მიანიშნო განწყობა, პატარა ბიძგი მისცე და დანარჩენს უკვე თვითონ ახსნის და შეაფასებს.

რა მუსიკას უსმენთ მუშაობისას?

კლასიკურ, ან საოპერო მუსიკას და ქართულ ხალხურ სიმღერებს. ოღონდ ყველანაირი საოპერო მუსიკის ფონზე ვერ ვხატავ. მაგალითად, ვგიჟდები „ტრავიატაზე,“ მაგრამ ზედმეტად დინამიკურია მუშაობისთვის. ასევე ძალიან მიყვარს „ნორმა“, მის ფონზე ყოველთვის კარგად მიდის ნახატი. ისიც საკმაოდ დინამიკური და ძალიან დრამატულია, მაგრამ ხატვაში ხელს არ მიშლის. მიყვარს ბეთჰოვენი, უამრავი ნახატი მაქვს ბეთჰოვენის ფონზე გაკეთებული. ქართულ ხალხურ სიმღერებზეც ვგიჟდები, უბრალოდ, ბოლო დროს ვეღარ ვუსმენ, ძალიან მასევდიანებს. მუდმივად იმის იმედი გვაქვს, რომ საქართველო თავის ნიშას მოიპოვებს დედამიწაზე, თავს დაიმკვიდრებს. არადა, არაფრით აღარ დაადგა ამას საშველი. ქართული ხალხური სიმღერები კი სულ იმის გახმოვანებაა, როგორი დიდი სირთულეები აქვს გადატანილი ამ ქვეყანას, რამდენს იბრძოდა, როგორი დაუღალავი იმედი ჰქონდა, რამდენს დარდობს, რამდენს იღვწის… სულ ეს მცდელობა და მცდელობაა. როცა ვუსმენ, მეტირება, ტირილი და მხატვრობა კი ერთად არ გამოდის. მუშაობისას გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი მდგომარეობა გჭირდება. არც ძალიან გახარებული უნდა იყო, არც ძალიან სევდიანი.

ძლიერი ადამიანი ხართ?

მე გავძლიერდი იმ დროს, როცა თემური, ჩემი მეუღლე, ძალიან ცუდად იყო და მივხვდი, რომ მე მე მევალებოდა მისი გადარჩენა. იმ პერიოდში ჩემს თავს გადავაჭარბე, ისეთი სიყოჩაღე გამოვიჩინე. არადა, ყოჩაღი არ ვარ, ზოგადად. ჩამოვიყვანე რეანიმობილით, წავიყვანე სტამბოლში, დილიდან საღამომდე თავზე ვადექი და ღამით ვხატავდი. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ეს ყველაფერი თანხებთანაც იყო დაკავშირებული. არ შემეძლო ვინმესთვის მეთხოვა, დახმარება გამიწიეთ-მეთქი, მარტო საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული. ჩემი და-ძმები მხარში მედგნენ, მაგრამ ის, რაც მთავარი იყო, მე უნდა გამეკეთებინა. შეიძლება ამას არც უნდა ვამბობდე, ათასჯერ მეტს აკეთებენ სხვები, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე მეგონა, რომ შემეძლო ჩემი ბუნებიდან გამომდინარე. როცა მივხვდი, რომ სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს და ამას ჩემს მეტი ვერავინ გააკეთებს, საკუთარ თავზე მაღლა დავდექი.

რამდენ ხანს იცხოვრეთ ერთად?

ზუსტად 33 წელი ვიყავით ერთად და, ფაქტობრივად, განუყრელები ვიყავით სახლში თუ გარეთ. ყველგან ერთად მივდიოდით, მოვდიოდით ‒ გალერეებში, საზღვარგარეთ… აბსოლუტურად ყველა საკითხს მასთან განვიხილავდი, საკუთარი თავივით ვენდობოდი. მის გარეშე არაფერს ვწყვეტდი. ახლაც არ მაქვს შეგრძნება, რომ საყვარელი ადამიანი დავკარგე. ხანდახან დამავიწყდება ხოლმე და გავიფიქრებ, წავალ, ვკითხავ თემურს.

რამდენად ეთანხმებით გავრცელებულ წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვანები უცნაურები არიან? თქვენ თუ ხართ უცნაური?

ბავშვობაში ძალიან ბევრს ვმუშაობდი იმაზე, რომ უცნაურის შთაბეჭდილება არ დამეტოვებინა. მაგალითად, ვერ ვიტანდი ჩვეულებრივად ჩაცმას, შემეძლო უკუღმა ამოტრიალებული შარვლით წავსულიყავი, მაგრამ თან ვიცოდი, რომ სხვისი თვალისთვის ეს უცნაური აღსაქმელი იქნებოდა და არ მინდოდა ნორმიდან ამოვარდნილი ადამიანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა. ძალიან ბევრს ვებრძოდი საკუთარ თავს, რომ რაღაც სტანდარტში ჩავმჯდარიყავი. თავისთვის უფლება რომ მიმეცა, ძალიან უცნაური ვიქნებოდი და ვიქნები, ალბათ, დღესაც.

ბევრს მოგზაურობთ. ოდესმე თუ გქონიათ სურვილი სხვაგან გეცხოვრათ?

კი, ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ დიდხანს სხვაგან დარჩენა არ მიყვარს. მე და თემურს სახელოსნო გვქონდა პარიზში, დღემდე მაქვს, რომელიც ჩემი პირადი საკუთრება არ არის, მაგრამ სახელოსნოდ ვიყენებ. ძალიან კარგი ადგილია, გადასარევი ხედით. როცა მე და ჩემი მეუღლე ერთად ჩავდიოდით ხოლმე, უფრო დიდხანს ვრჩებოდით. თვის, თვე-ნახევრის შემდეგ მიჩნდებოდა საშინელი სიცარიელის შეგრძნება, რომელსაც ერთადერთი თბილისში ჩამოსვლა შველოდა. სხვა ქვეყნებში სულ ასე მემართება ‒ ცოტა ხანში სიცარიელე მიპყრობს, ვცარიელდები.

რითი ისვენებთ?

მიყვარს ბუნებაში გასვლა, მეგობრების, ახლობლების ნახვა, ბათუმში წასვლა. ის გრძელი გზაც კი ‒ სულ ერთია მატარებლით თუ მანქანით ‒ დიდი სიამოვნება და დასვენებაა.

სოციალური ადამიანი ხართ? გიყვართ ურთიერთობები? ენერგიას გაძლევთ თუ გღლით?

უფრო მღლის. ძალიან მიყვარს ადამიანები და მათთან ყოფნა, მაგრამ მაინც ჩაკეტილი ცხოვრებით ვცხოვრობ, ძალიან იშვიათად დავდივარ შეკრებებზე.

მარტოობის განცდა გამძაფრებული გაქვთ?

ძალიან ბევრი ახლობელი მყავს, ხუთი და-ძმა ვართ, ჩემი დისშვილები, ძმისშვილები, დედა. მართალია, მეუღლე აღარ მყავს, მაგრამ მარტოობა არ მიგრძნია. თუმცა ხანდახან მარტოობაც აუცილებელია ადამიანისთვის, რომ მან ძალები მოიკრიბოს, კონცენტრირდეს თავის ფიქრზე, სურვილებზე, დაფიქრდეს რა უნდა.

დაგეგმვა გიყვართ?

ყოველთვის მინდოდა დაგეგმილი და დალაგებული მქონოდა ყველაფერი, მაგრამ არ გამომდიოდა. ერთხელ მწერალმა ჯემალ ქარჩხაძემ მითხრა, ნუ ცდილობ მაგას, შენ მხატვარი ხარ, ხელოვანი, და არასდროს გამოგივა დაგეგმილად ცხოვრებაო. წესრიგი მიყვარს, ზოგადად, მაგრამ ვერ ვჯდები ამ წესრიგში, ჩარჩოებში, თუმცა სულ მინდა რომ ჩავჯდე.

შეიცვალეთ? იცვლებიან ადამიანები?

კი, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი იცვლება. შეიძლება ის ღერძი არ იცვლებოდეს, რის გარშემოც ადამიანი ტრიალებს, მაგრამ გამოცდილებით ძალიან ბევრს სწავლობ. მე რომ ახლა ამ გამოცდილებით ვიყო 18 წლის, სულ სხვანაირად ავაწყობდი ჩემს ცხოვრებას.

ნანობთ რამეს?

არა, სინანულით ერთადერთი შეიძლება ის ვინანო, თუ ვიღაცას შემთხვევით ვაწყენინე, მაგრამ სინანული იმასთან დაკავშირებით, ასე ვიზამდი, ისე ვიზამდი, საერთოდ არ მაქვს.

ამპარტავნება ნაცნობი განცდაა თქვენთვის?

ამპარტავნება არის ყველაზე საშინელი გრძნობა, რომელიც ადამიანს ყველაფერში აბრკოლებს. ეს ვიცი და, საბედნიეროდ, შეგნებული მაქვს, მაგრამ აღმოვფხვერი და გავაქრე ჩემში-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. თავს იჩენს ხოლმე, სულ რომ არ ელოდები, ისე. საშინელი, უკანდამხევი გრძნობაა. თუ გინდა ადამიანს ნიადაგი გამოაცალო ფეხქვეშ და ის იყოს სულელი, უნდა იყოს ამპარტავანი. ამპარტავნება და სისულელე ტოლფასი ცნებებია. ამიტომ ძალიან არ მინდა ვიყო ამპარტავანი.

საკუთარი თავით კმაყოფილების გრძნობა ხშირად გაქვთ იმის გამო, რომ აკეთებთ იმას, რაც უნდა გეკეთებინათ ცხოვრებაში?

ძალიან, ძალიან იშვიათად მაქვს კმაყოფილების გრძნობა. თითქოს შვებით ამოვისუნთქავ ხოლმე, მაგრამ ეს წამიერია. სულ უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით და ეს ნერვებს მიშლის. რატომ არ უნდა ვიყო კმაყოფილი პრინციპში? მუდმივად მგონია, რომ რაღაცას ვერ ვასწრებ, რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებ, სწორად არ ვფიქრობ, ისე არ ვიქცევი, როგორც საჭიროა. სულ მტანჯავს ეს გრძნობა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

მიზანსწრაფული ხართ?

მიზანსწრაფული ვარ და ყოველთვის ვიყავი, უბრალოდ, ერთ რამეს მივხვდი: თუ შენი მიზანი და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა, მაშინ, როგორც წესი, ძალიან ნელა გამოდის საქმე. სულ ვფიქრობდი ხოლმე, რატომ არ გამოდის სწრაფად ის, რაც მინდა და რატომ გამოდის კუს ნაბიჯებით? მერე მივხვდი, რომ ჩემი სურვილი და მიზანი პოლარულად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩემი სურვილია ვიჯდე მშვიდად, წყნარად და ვიყო ჩემთვის. მიზანსწრაფვა კი ისაა, რომ ეს გავაკეთო, ის გავაკეთო და ამას მივაღწიო. ანუ სურვილი აქეთაა, მიზანი ‒ იქით. ესენი რომ თანხვედრაში იყოს, ადამიანს წინ ვერაფერი დაუდგება.

საკუთარ ნახატებთან განშორება გიჭირთ?

ყოველთვის ძალიან მიჭირდა, ბავშვობაშიც კი. მიჭირს იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია გაუფრთხილდნენ ნახატს.

რა ენერგია მიაქვს ადამიანს თქვენი ნახატით სახლში?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ნამუშევარი ადამიანს გადასცემდეს მხოლოდ დადებით ენერგიას და ყოველთვის ვმუშაობ, რომ ყველაფერი იყოს დაბალანსებული. ჩემს ნახატებში შინაარსობრივად ყველაფერი შეკრულია, გმირები თვითმყოფადები არიან, მათ თავიანი სამყარო აქვთ და ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა, მაყურებელი არ აინტერესებთ. ამ ნახატებში, ისევე, როგორც დედამიწაზე, სიკეთე ყოველთვის მეტია, ვიდრე ბოროტება, უბრალოდ სიკეთე ჩუმია და არ ხმაურობს, უარყოფითი ძალა კი ყოველთვის გამოხატული და ბობოქარია. თუმცა სიკეთე ყოველთვის მეტია, სხვანაირად, უბრალოდ, ჩამოიშლებოდა სამყარო. ჩემს ნახატებშიც ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე.

გულღია ადამიანი ხართ?

საკუთარი აღქმით, გულღია ვარ, მაგრამ კაცმა არ იცის.

ახლობლებს საკუთარ პრობლემებზე უყვებით?

თუ თავს ვიკავებ, ძირითადად, მარტო იმიტომ, რომ არ მინდა ახლობლები ჩემი პრობლემებით დავტვირთო და მათ ჩემზე იდარდონ, კიდევ ჩემი სადარდებელიც დაემატოთ. ყველას თავისი სადარდებელი აქვს ისედაც. ამის გამო ვიკავებ ხოლმე თავს, მირჩევნია თუ პრობლემა მაქვს, თვითონვე მოვაგვარო.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია? იცვლებოდა თუ არა ეს მოტივაცია სხვადასხვა ეტაპზე?

ტრაფარეტულად ჟღერს, მაგრამ მთავარი მამოძრავებელი- საქართველოს სიყვარულია. ესაა უცვლელი.

ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან?

ვცდილობ, რომ ვიყო. ეგაა ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანისთვის და, როგორც მივხვდი, მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი ბედნიერი, როცა საკუთარ თავთან და გარემოსთან ჰარმონიაშია.