შოტლანდიური ვისკის ქართველი ამბასადორი — ინტერვიუ სალომე პირველთან

პირველადი პროფესიით ექიმმა, პროფესიული ცხოვრება წლების წინ მარკეტინგს დაუკავშირა. მას შემდეგ მიიჩნევს, რომ ეს არის სფერო, რომელიც მისთვის კომფორტის ზონაა, სადაც მუდმივი სიახლეებია და საიდანაც წასვლას ჯერ არ განიხილავს. Forbes Woman Georgia-ს რესპონდენტი სალომე პირველია, რომლის სახელიც საქართველოში ბევრი წელია პრემიუმ კლასის, ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებთან ასოცირდება.

ფოტო: ნინო მიქელაძე

სალომე ბუნებით მაქსიმალისტია, ამიტომაც როცა ექიმობა გადაწყვიტა, მისი ამოცანა უმაღლესი დონის განათლების მიღება იყო, თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩაიფიქრა, მედიცინის შესასწავლად უცხოეთში წასვლის სურვილი რეალობად ვერ იქცა, საშუალო კლასის ექიმობა კი, პროფესიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი მიზანი არ იყო, ამიტომაც მედიცინას სამუდამოდ დაშორდა.

სამედიცინო სფეროს შემდეგ სალომე პირველი მარკეტინგით ინტერესდება, ამ შემთხვევაში სასწავლო კურსებზე ინგლისში წასვლას ახერხებს, სამშობლოში დაბრუნებული პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამს და ისევ ბრიტანეთში ბრუნდება, ისევ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სალომე საქართველოში ინგლისიდან საერთაშორისო მარკეტინგში მაგისტრის ხარისხით ბრუნდება.

„ინგლისში დარჩენას გავიხილავდი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიღებულიც მქონდა. თუმცა, საბოლოოდ საქართველოში დავბრუნდი, მიზეზი პირად ცხოვრებას უკავშირდება. ინგლისში დარჩენა ჩემმა მომავალმა მეუღლემ არ ისურვა და მეც მასთან ერთად დაბრუნება გადავწყვიტე“.

ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნებული სალომე პირველი თანამშრომლობას ერთ-ერთ ესპანურ ბრენდთან იწყებს, თუმცა ეს თანამშრომლობა მხოლოდ 6 თვე გრძელდება. სალომეს თავისუფლების ხარისხი არ აკმაყოფილებს, მარკეტინგული ღონისძიებები სათავო ოფისში იგეგმებოდა, მათი მხოლოდ კოპირება სალომე პირველის ინტერესში არ შედიოდა.

სალომეს შემდეგი სამსახური ლუდი „კასტელი“ იყო. ამ ბრენდთან თანამშრომლობას მაშინ იწყებს, როცა მისი მფლობელები ფრანგი ბიზნესმენები არიან, მათთან ერთად საქმეს დაახლოებით 2 წელი აკეთებს, შემდეგ „კასტელს“ თემურ ჭყონია ყიდულობს და სალომეც კომპანიის მარკეტინგში კიდევ ორი წელი რჩება.

„კასტელიდან“ ჩემს საყვარელ „ჯიდი ალკოში“ მივდივარ. სრულიად შემთხვევით დასაქმების საიტზე ვაკანსია აღმოვაჩინე, რომელმაც ძალიან დამაინტერესა, ზოგადად, ყოველთვის მიზიდავდა საერთაშორისო ბრენდები. „ჯიდი ალკოში“ ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე სამი წელი ვიმუშავე, შემდეგ კი, მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო და კომპლექსური იყო, მალევე მივხვდი, რომ ჩემთვის უფრო საინტერესო მაინც უშუალოდ ბრენდებთან მუშაობა აღმოჩნდა. როგორც მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჩემს მოვალეობაში შედიოდა კომპანიაში არსებული ყველა პორტფელის კოორდინირება, ფინანსური ოპერაციები და კიდევ, არაერთი საოპერაციო მიმართულება“.

მაშინ, როცა სალომე პირველი „ჯიდი ალკოს“ მარკეტინგს ხელმძღვანელობდა, საქართველოში „უილიამ გრანტსის“ ვისკის სახლის წარმომადგენლები ჩამოდიან. პრემიუმ ბრენდის წარმომადგენლებმა ჩვენს რესპონდენტს პირდაპირი თანამშრომლობა შესთავაზეს, ეს კი საქართველოში მათი პორტფელის განვითარებაზე პასუხისმგებლობას გულისხმობდა. ეს შეთავაზება სალომესთვის საინტერესო და მომხიბვლელი აღმოჩნდა, ამის შემდეგ მან „ჯიდი ალკოდან“ „უილიამ გრანტსის“ განვითარების მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

ფოტო: ნინო მიქელაძე

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაც ამ პორტფელს აქვს არის უდიდესი თავისუფლება. ამ ბრენდს ესმის, რომ ყველა ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს, რაც ყველაზე უკეთ ადგილობრივმა ადამიანმა იცის, ამიტომაც მარკეტინგული პოლიტიკის წარმოების სრულ თავისუფლებას გვანიჭებენ, ბუნებრივია, ეს სათავო ოფისის გაიდლაინების დაცვით ხდება. „უილიამ გრანტსისგან“ განსხვავებით ბევრი საერთაშორისო ბრენდი ამის საშუალებას არ იძლევა. ასეთი მიდგომა კი გუნდის წევრებს ზრდის, რადგან ასე შესაძლებლობების გამოხატვის ფართო არეალი იქმნება. „უილიამ გრანტსის“ პორტფელში ბევრი სახეობის პროდუქტია, დაწყებული პრემიალურიდან, დასრულებული მასობრივი მოთხოვნის სასმელით. ეს კი ნიშნავს, რომ ყველას თავისებური მიდგომა და მოვლა სჭირდება“.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი წელი გავიდა, არ ყოფილა დღე, როცა სალომეს ამ სფეროში საქმიანობა მოჰბეზრებია, როცა დაფიქრებულა, რომ ცვლილებების დროა. მიზეზი, როგორც თავად გვიხსნის, ის არის რომ პორტფელს მუდმივად ახალი ბრენდები ემატება, ქართულ ბაზარზე მათი დამკვიდრების გზა კი საინტერესო პროცესია.

„ჰოსპიტალიტი და სასმელების ბიზნესი მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან მზარდი და განვითარებადი სფეროა, ვერც კი წარმომიდგენია სად უნდა წავიდე, სადაც საქმისგან მსგავს ემოციას მივიღებ“.

სალომე იხსენებს, რომ „უილიამ გრანტსთან“ თანამშრომლობის პირველი წელი მარტივი არ იყო, სათავო ოფისიდან მუდმივად კონტროლის მცდელობებს გრძნობდა, თუმცა 1 წლის შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ასე გრძელდება დღემდე.

„ამ კომპანიას შეცდომების მიმართ არატრადიციული დამოკიდებულება აქვს და რეალურად მეც შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე. მართლა ძალიან კარგ ადამიანებთან მომიწია მუშაობა“.

იმისთვის, რომ ბრენდი ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებდეს, საჭიროა მარკეტინგის სამსახური თანამედროვე ტრენდებს ითვალისწინებდეს. ამისთვის კი აუცილებელია კომპანიის პრიორიტეტი თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა იყოს. სალომე გვიყვება, რომ ასეა მის კომპანიაშიც, ყოველწლიურად ტარდება მარკეტინგის შეხვედრები, ტრენინგები, სადაც ხდება მოსაზრებების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება.

„უილიამ გრანტსი“ საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც საკუთარ პორტფელში სახელგანთქმულ პრემიალურ ალკოჰოლურ ბრენდებს აერთიანებს.

მფლობელების ინტერესია, რომ მოთხოვნა სასმელზე ბარიდან წამოვიდეს. ამ ეტაპზე გაყიდვების დიდი წილი მაღაზიებსა და რითეილზე მოდის, ამის ერთ-ერთი მიზეზი კოვიდიც არის. პანდემიის დროს ხალხი სახლში გართობაზე გადავიდა და პანდემიის დასრულების მიუხედავად, ეს ტენდენცია ჯერ ისევ შენარჩუნებულია“.

ფოტო: ნინო მიქელაძე

ახლა სალომე პირველის ცხოვრებაში ჰარმონიული პერიოდია, პერიოდი, როცა საქმესა და პირად ცხოვრებას შორის იდეალური ბალანსი იპოვა. მკაცრად აქვს განსაზღვრული დრო სამსახურისთვის და დრო ოჯახისთვის, ოჯახისთვის, სადაც სალომე ორი შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილების ზრდის პარალელურად, როგორც დედას უფრო დატვირთული ცხოვრება აქვს. უნდა რომ შვილებმა სამყარო ბოლომდე შეიცნონ, ხელიდან არ გაუშვან 21-ე საუკუნის შესაძლებლობები.

„მინდა რომ დრო არ დაკარგონ, ისწავლონ ის, რაც თავად უნდათ და მე მზად ვარ ამაში ხელი შევუწყო. ჩვენს საუკუნეში განათლებისა და სწავლის გარეშე ადამიანი ვერაფერს იზამს, მინდა რომ ჩემმა შვილებმა ბევრს მიაღწიონ“.

თავისუფალი დროის დიდი ნაწილს ახლა სალომე ოჯახთან ერთად ატარებს, მისი ცხოვრების წესი როგორც გვეუბნება კოვიდპანდემიამ შეცვალა. ბუნებით ექსტრავერტი ახლა უპირატესობას სახლში ყოფნას ანიჭებს, თუმცა ბუნებრივია, არც მეგობრებთან გართობაზე ამბობს უარს და რაც ყველა მეტად უყვარს ეს მოგზაურობაა, ანუ ამ შემთხვევაშიც სიახლეების გაცნობა!

„პროფესიულ ცხოვრებაში უახლოესი რამდენიმე წელი დიდ სიახლეებს არ ვგეგმავ, რადგან როგორც უკვე გითხარით მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვფიქრობ სამომავლო გეგმებზე, მაქვს ბიზნესიდეები და ამის დროც მოვა“.