როგორ გავუმკლავდეთ პროკრასტინაციას

© GOSIA HERBA

პროკრასტინაცია ჩვენი დროის მენეჯმენტის ყველაზე ვერაგი და ძლიერი მტერია. ეს არის დროის გაჭიანურებისა და საქმის გაწელვის დაუსრულებელი პროცესი, რომლის ტყვეობაშიც თანაბრად ექცევიან როგორც ახალბედა სტუდენტები, ისე გამოცდილი ბიზნესმენებიც.

თუკი გაღვიძებისთანავე გააცნობიერებთ, რომ მნიშნელოვანი საქმის შესასრულებლად დროში იწვებით, თუმცა, საქმის კეთების ნაცვლად, კვლავ განაგრძობთ „გუგლსა“ თუ „ვიკიპედიაში“ უსარგებლო სტატისტიკებისა თუ შუა საუკუნეების მეფეთა ცოლების პორტრეტების თვალიერებას, ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის – თქვენ პროკრასტინაციის მსხვერპლი ხართ, ე.ი. – პროკრასტინირებთ.

შესაძლოა, სიტუაციის კომიკურობა მძაფრად აღიქვით და საკუთარმა უმოქმედობამ გაგაღიზიანათ კიდეც, თუმცა, ვინაიდან უკვე მოსაღამოვდა, მაინც მშვიდად დადეთ თავი ბალიშზე – იმედი გაქვთ, რომ ეს საშინელი პროკრასტინაცია ხვალ ვეღარ მოგერევათ და დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევთ.

სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ პროკრასტინაციას თქვენ წინააღმდეგ საბრძოლველად კიდევ უამრავი იარაღი აქვს – შეიძლება მოგინდეთ ვახშმობა დილის 11 საათზე; შინაური ცხოველის გასეირნება ზამთრის სიცივეში; ისედაც იდეალურად დახარისხებული ტანისამოსის განმეორებით დალაგება კარადაში ან ხეთების სამეფოსა და შუმერის ხალხების განადგურების ისტორიის წაკითხვაც კი!

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ პროკრასტინაცია საკმაოდ სასიამოვნო პროცესია და მათ საქმიან ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას სულაც არ ახდენს.

კარლტონის უნივერსიტეტში მოღვაწე ფსიქოლოგი ტიმოთი პიჩილი პროკრასტინაციას განიხილავს პრობლემების თავიდან არიდების, რთული სიტუაციისგან გაქცევის ერთ-ერთ მარტივ ხერხად, რომლის დროსაც ადამიანებს აქვთ კომფორტის სასიამოვნო შეგრძნება და აღარ სურთ გაუმკლავდნენ არსებულ რეალობას. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანთა ყველაზე საზარელ შიშებთანაც კი, ან უბრალოდ – ძლიერ სიზარმაცესთან.

შემაშფოთებელი ვითარებისგან თავის დაღწევა ადამიანებს, მასთან შებრძოლების ნაცვლად, კომპიუტერული თამაშებითა და ფილმების ყურებით წარმოუდგენიათ და მზად არიან მთელი თავიანთი დრო ასე გაატარონ.

საქმის გადავადება ადამიანებს მართლაც ჰგვრით დროებით შვებას, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიაზრებენ, რომ მნიშნელოვანი მისია კვლავ შეუსრულებელი დარჩათ და ძვირფასი რესურსები ფუჭად გაფლანგეს, ეუფლებათ სინანულის მძაფრი შეგრძნება და უჩვეულო სიბრაზე. ამ დროს ადამიანს იპყრობს სირცხვილისა და დანაშაულის განცდა. ყველაფერი კი, იმ უარყოფით ვითარებად გარდაიქმნება, რომლისგან თავდასაღწევადაც ადამიანი კვლავ მზადაა ჩართოს უსარგებლო ვიდეო თამაშები და კვლავ გვიანობამდე უყუროს არასერიოზულ ფილმებს.

ამგვარად, პროკრასტინაცია ჯაჭვური, შეუქცევადი პროცესია და მარტივად იმორჩილებს ადამიანების ნებელობას, უქმნის რა მათ დამღუპველ კომფორტის ზონას.

ცალსახაა, რომ პროკრასტინაციას დამანგრეველი გავლენა შეუძლია იქონიოს ჩვენს მენტალურ, სოციალურ თუ ფიზიკურ ყოფა-ცხოვრებაზე. ამიტომაც, აუცილებელია მკაცრად გავაკონტროლოთ მსგავსი ქცევა და სწორად ვმართოთ ემოციები.

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომლის საშუალებითაც პროკრასტინაციის დამარცხებას იოლად შეძლებთ:

გადადგით თუნდაც ყველაზე პატარა ნაბიჯები, მაგრამ დაიწყეთ სვლა!

მწვერვალი ყოველთვის თვალმიუწვდენელი მოგეჩვენებათ, თუკი მის ძირში წამოწვებით. დაიწყეთ მოძრაობა და დაყავით სავალი მანძილი გონივრულ მონაკვეთებად. როცა დაიღლებით, დაისვენეთ, მაგრამ გულში მუდმივად იმეორეთ, რომ დაწყებულ საქმეს ვერ მიატოვებთ. ისევე, როგორც სიზარმაცემ, მოქმედებამაც იცის დამოკიდებულების ჩამოყალიბება – თავადაც გაგიკვირდებათ, რა სასიამოვნო პროცესად გადაგექცევათ ბრძოლა თქვენსავე მავნე ჩვევებთან.

იყავით მუდმივ მზადყოფნაში!

თქვენ ამ ცხოვრებაში რაღაც დიდი, მთავარი მიზანი გაქვთ. ცხადია, ეს მარტივი საქმე არ იქნება, თუმცა დაიმახსოვრეთ, ცოდნა ძალაა. მეტიც, ცოდნა ძალაა ნებისმიერ ვითარებაში! მაშინაც კი, როცა ერთობით და დროს თავისუფლად ატარებთ, შეგიძლიათ დასახულ მიზანს უფრო მეტად მიუახლოვდეთ. ნებისმიერი ახალი ინფორმაცია თუ შეძენილი უნარი თქვენი რეალური შესაძლებლობაა, რომელიც ცხოვრების მთავარი მიზნის განხორციელებაში შეგიძლიათ დაიხმაროთ.

გაითავისეთ, რომ სამყაროში ცნება ,,შესაფერისი დრო“ არ არსებობს!

ყველამ ვიცით, რომ ეს სამყარო სავსეა ცდუნებებით. მუდამ იარსებებს სხვა „უკეთესი“ საქმიანობა, ვიდრე ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაა. ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს, ის აქტივობა, რომელზეც დროს ასე ფუჭად ფლანგავთ, რეალურად, უფრო უინტერესო და დამღლელი ხომ არ არის, ვიდრე პირდაპირ დაკისრებული მოვალეობის შესრულება იქნებოდა?

გაიაზრეთ, რომ შეცდომების დაშვება წარმატების ნაწილია!

შეცდომა ჩვენი ცხოვრების არათუ ბუნებრივი, არამედ საჭირო მოვლენაც კია. ბავშვობაში ყველას გაგვიტეხავს უამრავი ნივთი. უფრო მეტიც, ზოგჯერ მათ გამიზნულადაც კი ვამტვრევდით, რათა გაგვერკვია, მაინც როგორ მუშაობდა თითოეული მათგანი. ახლა კი დროა თქვენი ბავშვობიდან ძველი ცნობისმოყვარეობა და სითამამე ისესხოთ და ყოველი მარცხის შემდეგ თავდაჯერებული სვლები და დაუღალავი მცდელობები განაგრძოთ.

სწორად დაალაგეთ პრიორიტეტები!

იფიქრეთ გრძელვადიანი პერსპექტივიდან. გააანალიზეთ – რისი გაკეთებაც ახლა მოგინდათ, მაინც როდის და რამდენი ხნით მოგიტანთ სარგებელს. დაისახეთ პრიორიტეტები საჭიროების მიხედვით. მშვიდად ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნუთუ ნამდვილად გსურთ წახემსება, უკვე მესამედ, როცა ჯერ მხოლოდ დილის 11 საათია? თუკი გადაწყვეტთ, რომ საქმეს უნდა მოწყდეთ, იქნებ, უბრალოდ დასვენება ამჯობინოთ და არა ცრუაქტივობა საუზმის სახით? ეცადეთ, სრულფასოვნად დაისვენოთ და განახლებული მოტივაციით შეუდგეთ საქმის კეთებას.

გამოყენებული მასალები:

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.