ძალიან ლაღი და უდარდელი ბავშვობა მქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბნელ 90-იანებში დავიბადე და გავიზარდე, აშკარად გამიმართლა ‒ ჩემი ბავშვობა ჰარმონიული და მხიარული იყო. გავიზარდე ექიმების ოჯახში, ბავშვობის დიდი ნაწილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაქვს გატარებული, სულ დავყვებოდი ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც იქ მუშაობდნენ.

ჩემი ოჯახის მთავარი მიზანი იყო ჩემთვის სწავლა შეეყვარებინა, ამისთვის ყველა დაცდილ ხერხს მიმართავდნენ. მახსოვს ერთი ასეთი „თამაში“ ‒ 10 გვერდს თუ წავიკითხავდი, გარკვეულ თანხას მიხდიდნენ. ამით ცდილობდნენ, რომ ჩემთვის სწავლის პროცესის მიმართ ინტერესი გაეღვივებინათ. ალბათ, ზუსტად აქედან გამომდინარეობს, რომ მეც და ჩემი დაც კარიერაზე, უფრო სწორად, მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულნი გავხდით და ყველა ცხოვრებისეული წამოწყების ძირეული მოტივიც სწავლა და განვითარება გახდა.

ჩემი თინეიჯერობის პერიოდში სწავლა კარგ ტონად არ ითვლებოდა, რამაც, ჩემი პიროვნული განვითარების ტემპზე და ხარისხზე, მცირე არეულობებისა და ჩავარდნების სახით, თავისი კვალი დატოვა.

ჩავაბარე იურიდიულზე. რატომ? არ ვიცი.

ვფიქრობ, ერთგვარი პროტესტის გრძნობა მქონდა ‒ ოჯახში ყველა ექიმი იყო, გენეტიკურ ხეზე სხვა პროფესიის გამოჩენა არავის წარმოედგინა, მათ შორის, არც მე ‒ ამიტომაც უარი ვთქვი სამედიცინო თაობის ხაზის გაგრძელებაზე და იურიდიულზე ჩავაბარე. სტუდენტობის პერიოდის ფოკუსი, სწავლის ჩათვლით, საერთაშორისო სამართალს მოვარგე. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული სამართლის, სისხლის სამართლის ღირებულებასა და განსაკუთრებულობას ვაღიარებდი, პირადად მე, გული ყოველთვის საერთაშორისო სამართლისკენ და დიპლომატიისკენ მიმიწევდა. მსოფლიო ამბებისა და საქმეების გლობალური კონტექსტუალიზაცია ჩემი პირველადი ინტერესის სფერო იყო. ახლაც ასეა.

მეოთხე კურსიდან ვმუშაობდი. ჯერ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში, შემდეგ რუსთაველის თეატრში ვიყავი მთავარი იურისტი. ასაკს სულ ვიტყუებოდი, რადგან, სამწუხაროდ, „20 წლის მთავარ იურისტს“ სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ვამბობდი, რომ 25-ის ვიყავი, რა სასაცილოა, რომ 25 მაშინ კატასტროფულად დიდ რიცხვად მეჩვენებოდა.

ზემოხსენებული სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ბევრი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი უნარ-ჩვევები განახლებასა და დახვეწას საჭიროებდა. ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევათა ნაკრები წყალივით მჭირდებოდა. ამიტომაც, მაგისტრატურაზე სასწავლებლად პრაღაში წავედი, ამჯერად, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით სწავლა ვარჩიე. სწორედ აქ მივხვდი, რას ნიშნავს ნამდვილი განათლება, რომელიც თვითგანვითარებაზე და, პროფესიულ ზრდასთან ერთად, პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული. იქ არ არსებობენ გარე ძალები, რომლებიც საკუთარი თავის გაუმჯობესებას დაგაძალებენ. არავინ თვლის თავს ვალდებულად შენი დამრიგებელი იყოს. ეს მიდგომა ძალიან სწორად მიმაჩნია, რადგან ზუსტად ასეთი გარემოს წყალობით ვხვდებით კომფორტის ზონის მიღმა, რაც პირდაპირ კავშირშია თვითგანვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში ჩართვასთან.

საერთაშორისო ასპარეზზე თვითდამკვიდრება, ჩანასახშივე გულისხმობს თავდაუზოგავ შრომას, განათლების მაღალ ხარისხსა და მუდმივი განვითარების სურვილს. სამწუხაროდ, საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ჩემს პროფესიულ დარგში, მსგავსი სამუშაო ეთიკა და
მიდგომა ნაკლებად გვხვდება. ამ პროცესებს უფრო სიღრმისეულად მაშინ დავაკვირდი, როცა პრაღაში Rothschild Bank-ში დავიწყე მუშაობა პროექტზე „Georgian-Slovak Chamber of Commerce”, სადაც უამრავ საინტერესო ადამიანთან მომიწია თანამშრომლობა. ამ ადამიანებმა, სხვადასხვა პროექტებზე კოლაბორაციის შედეგად, მასწავლეს გუნდური მუშაობის არსი და, ამავდროულად, მულტინაციონალური და კულტურულად დივერსიფიცირებული კონტაქტების ფლობის ფასი.

შრომით ბაზარზე გასვლასთან, მაღალფუნქციონირებისა და სამსახურეობრივი პროდუქტიულობის ზენიტში ყოფნასთან ერთად, აუცილებლად დგება მომენტი, რომელსაც ყველა ქალი იაზრებს ‒ საზოგადოებრივი წნეხი, ვაკეთოთ უფრო და უფრო მეტი, რათა დავამტკიცოთ ჩვენი და ჩვენი საქმის ღირებულება. მე გამიმართლა, რადგან, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, უფრო მსუბუქ ფორმებში ვგრძნობდი ამ მიმართულებით პრობლემებს. ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ ოჯახში თავიდანვე ძლიერი, უსაზღვრო შესაძლებლობების ქალები მყავდა, რომლებმაც ჩემი სიძლიერისა და დისკრიმინაციასთან გამკლავების მექანიზმების შენებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

სოციალურ ნორმად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი სიძულვილი ‒ წარმატებული, შემდგარი ქალების მიმართ საქართველოში მკვეთრად იგრძნობა. თუმცა, ახლო წარსულიდან, ამ პრობლმების ყველაზე აღქმადი გამოვლინება ‒ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება იყო. ყველამ ვნახეთ, რომ ეს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, ბოროტი ქმედება მხოლოდ ქალებისკენ იყო მიმართული. რა არის ამ ამბის მორალი? ის, რომ აბსოლუტურად იდენტური ქმედება, კაცს დადებით იარლიყს აწებებს, ქალს კი ღირსებაშელახულად ნათლავს. ვფიქრობ, ეს იყო შემთხვევა, სადაც იდეოლოგიური გაყოფა მეტ-ნაკლებად გადავლახეთ და ერთხმად ვაღიარეთ, რომ მთელ ამ
ამბავში „აღვირახსნილი“ ქმედება, სწორედ ადამიანის პირად ცხოვრებაში ინტრუსიული ჩარევა და ღირსების შელახვის ინსტრუმენტად კადრების გამოყენება იყო.

მსგავს თემებზე საზოგადოებრივი კონსენსუსი, ცხადად, პროგრესის მიმანიშნებელია. თუმცა, არახალია, რომ ამ პრობლემების სიღრმისეულად აღმოფხვრის და, ზოგადად, თითქმის ყველა პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი გარანტი ‒ განათლებაა.

იმისთვის, რომ განათლების მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი პრობლემების აღმოფხვრაში რეალიზდეს, ზემოხსენებულ მოსაზრებას პრაქტიკაში ჩადება და გამყარება სჭირდება. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებთან ერთად, ვის ღირებულებათა და ფასეულობათა სისტემასაც ვიზიარებ, დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია “Statecraft Lab”, რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზიციების წარმომადგენლებთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით ეწევა Statecraft-ის, ანუ სახელმწიფო მართვის კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამ ინიციატივის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ჩართულობა. ცენტრის ანგარიშზე უკვე დაგროვილია წარმატებით განხორცილებული რამდენიმე პროექტი, როგორიცაა, სამაგისტრო კურსი უსაფრთხოების მიმართულებით. სამომავლოდ ვაპირებთ მაკკეინის ინსტიტუტის Leadership-ის პროექტის განხორციელებას, რომლის ლიცენზიაც კავკასიის მასშტაბით უკვე მოგვანიჭეს. ეს კურსი ლიდერებისთვის ეთიკური პრინციპებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული.

ეთიკური ლიდერების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, ემპათიურობაა. სიმბოლურია, რომ სწორედ „ემპათია“ ჰქვია, იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, სადაც ვმუშაობ. „ემპათია“ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრია, სადაც მე და ჩემი კოლეგა უფლებადამცველები ვართ. გვხვდება ისეთი საქმეები, როგორებიცაა ტატუნაშვილის და კვარაცხელიას შემთხვევები ‒ ჩვენი ქვეყნის მთავარი ტკივილის სიმბოლიზაცია. ამ ორგანიზაციის ფარგლებში, ასევე ვიცავთ იმ ადამიანების უფლებებს, ვინც 20 ივნისის ღამეს სახელმწიფოს მხრიდან დაზარალდნენ. ამ საქმეებში ჩემი, როგორც უფლებადამცველის კონტრიბუცია ჩემთვის დიდ პატრიოტულ ღირებულებას ატარებს.

20 ივნისის ამბები და ამ მოვლენებზე საზოგადოების რეაქცია კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ცხოვრება. იმდენად რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მოგვიწია ცხოვრება, რომ თითოეული მოქალაქე თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა და ემოციურად იზოლირდა. ამ პროცესებმა ერთმანეთში იმხელა აგრესია გააღვივა, რომ ემპათიისა და თანაგრძნობის სივრცე აღარ დარჩა.

ახალგაზრდებთან მუშაობამ და მათზე დაკვირვებამ, თუნდაც მაშინ, როცა ერთ-ერთ პარტიაში ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარე ვიყავი, დამარწმუნა, რომ:

  • ახალგაზრდებში მძვინვარებს პოლიტიკური ნიჰილიზმი. თუმცა, მათ ვერ გაამტყუნებ, მათი ბრალი ნამდვილად არ არის, რომ ჭორაობამდე დაყვანილი პოლიტიკური პროცესების მიმართ არ უჩნდებათ ინტერესი. ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური კულტურა, რომელიც სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის შენებაში ჩართულობას უფრო მიმზიდველს გახდის.
  • ამის მიუხედავად, მომავალ თაობას ნამდვილად აქვს პოტენციალი, იყოს პოლიტიკური ძვრების მომტანი. სწორედ ისინი არიან ძლიერი ინდივიდუალები, რომელთაც ერთმანეთის თანადგომით ძალუძთ გააერთიანონ საზოგადოება და ეროვნული იდეის ჩამოყალიბებასა და აღსრულებას მისცენ ბიძგი.

ვფიქრობ, უშედეგოა ახალგაზრდებთან დავარცხნილი, პათეტიკური და გაცვეთილი ტექსტებით საუბარი, მით უმეტეს, ასეთ ფორმატში მათთვის რამის ახსნა. ვფიქრობ, ახალგაზრდებთან (მათივე ენაზე) დიალოგი იმაზე, თუ რამდენად განსაზღვრავს მათი ჩართულობა და მათი ულევი ძალისხმევა ქვეყნის კეთილდღეობას, არის ის გზა, რომელიც უკეთეს საქართველომდე მიგვიყვანს.

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Comments are closed