ქალები ინფრასტრუქტურულ პროექტებში

9-თვიანი მასშტაბური სამუშაოების შემდეგ ცოტა ხნის წინ თბილისს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის, „პორშე ცენტრი თბილისის“ კონცეპტუალური შოურუმი და სერვისცენტრი შეემატა. Destination Porsche – ეს არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც განახლების სამუშაოები წარიმართა. დიზაინი „პორშეს“ ბრენდბუქის მიხედვით, მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეირჩა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ევროპული სტანდარტებით შესრულდა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ პროექტების მართვის ოფისის ხელმძღვანელი ნინო იმნაძე და „გრავიტას“ სამშენებლო პროექტების მენეჯერი მარიამ ჯანელიძე მასშტაბური და ამბიციური პროექტის სხვადასხვა მიმართულებას ხელმძღვანელობდნენ.

ნინო იმნაძეს არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი შეფასებით, „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმისა და სერვისცენტრის  გერმანული სტანდარტით განახლების აუცილებლობამ სამუშაო უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა, გუნდს კი უდიდესი გამოცდილება შესძინა. პროექტის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ „პორშეს“ წარმომადგენლები და ოფიციალური პარტნიორები, რომელთა რეკომენდაციების მიხედვითაც, ცენტრი უახლესი აუდიო-ვიდეო ტექნოლოგიებით, ენერგოეფექტური სისტემებით აღიჭურვა.             

ნინოს თქმით, „პორშეს“ პროექტის წარმატებაზე, პირველ რიგში, მიღებული შედეგი მეტყველებს.

ნინო იმნაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ პროექტების მართვის ოფისის ხელმძღვანელი: „პროექტის წარმატებას კმაყოფილი დამკვეთი განსაზღვრავს და ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამკვეთი ნამდვილად კმაყოფილია მიღებული შედეგით. ამასთანავე, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ცენტრში შემოსული მომხმარებლების პირველი შთაბეჭდილება აღფრთოვანებაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის გამორჩეულობასა და წარმატებას“.

ნინო გვიყვება იმაზეც, რა მიმართულებების მართვა შედიოდა მის მოვალეობებში. ამბობს, რომ პროექტის მენეჯერის სტატუსი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.

ნინო იმნაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ პროექტების მართვის ოფისის ხელმძღვანელი: „ჩემს მოვალეობაში შედიოდა პროექტის მიმდინარეობის სრული კონტროლი და ყველა მიმართულების კურირება. აქვე აღვნიშნავ, რომ გუნდის როლი უმნიშვნელოვანესი იყო და განსაკუთრებულად გამოვყოფდი ინფრასტრუქტურული დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელთა გარეშეც პროექტის განხორციელებაში შეიძლება დაბრკოლება შეგვქმნოდა. საერთო მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად მუშაობდნენ კომპანია „გრავიტას“ თანამშრომლები. გარდა ამისა, წინასამშენებლო ფაზიდან მოყოლებული, დახურვის ეტაპამდე, პროექტს ზედამხედველობას უწევდა კომპანია lsg solution, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამუშაო პროცესის წარმატებით დასრულებაზე“.

„პორშე ცენტრი თბილისის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ გამოცდილებას გვიზიარებს „გრავიტას“ სამშენებლო პროექტების მენეჯერი მარიამ ჯანელიძეც. მარიამი სამშენებლო სექტორში 10 წელზე მეტია მუშაობს. ამბობს, რომ თითოეული პროექტი, რომლებზეც ამ წლების განმავლობაში იმუშავა, საინტერესო იყო და განსხვავებულ გამოწვევებს უკავშირდებოდა.

მარიამი ამბობს, რომ „პორშეს“ პროექტი მისთვის უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა მისი ინოვაციურობის თვალსაზრისით, რამდენადაც გამოყენებული სამშენებლო მასალა თუ საინჟინრო გადაწყვეტა სრულიად ახალი იყო როგორც მისთვის, ისე რეგიონში არსებული ყველა სხვა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისთვის.

მარიამ ჯანელიძე, „გრავიტას“ სამშენებლო პროექტების მენეჯერი: „ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტით ვისწავლე, არის ის, რომ არ უნდა შეუშინდე სიახლეებს იმის მიუხედავადაც კი, თუ გარშემო არავის არ აქვს მსგავსი გამოცდილება. გუნდურობით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით აუცილებლად მოახერხებ, მოიძიო შესაბამისი რესურსი, დაგეგმო და მართო პროცესები და თუნდაც პირველმა გააკეთო, დანერგო ბაზარზე ჯერ არარსებული მეთოდები“.

„პორშეს“ პროექტი სხვადასხვა მიმართულების სამუშაოს აერთიანებდა. „გრავიტას“ ჩართულობა მოიცავდა საპროექტო, არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილს. შოურუმისა და სერვისცენტრის საერთო ფართობი 2,628 მ²-ია. შოურუმი ძველი შენობის რეკონსტრუქციის შედეგად განახლდა. სერვისცენტრისთვის კი, გერმანული სტანდარტების მიხედვით, სრულიად ახალი შენობა აშენდა, რომელიც რეგიონში „პორშეს“ სერვისის ჰაბად მიიჩნევა.

მარიამი განმარტავს, რომ „პორშეს“ სამუშაოები „პორშეს“ ბრენდბუქის, გაიდლაინების შესაბამისად მიმდინარეობდა და კონცეფცია პირველი იყო რეგიონში. შესაბამისად, მოსაპირკეთებელი და საინჟინრო სამუშაოების დიდი ნაწილიც სრულიად ინოვაციური იყო და თითოეული წვრილმანის სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვდა.

მარიამ ჯანელიძე, „გრავიტას“ სამშენებლო პროექტების მენეჯერი: „პორშეს გაიდლაინებთან ერთად, პროექტში გათვალისწინებული იყო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ფაქტორი. როგორც შოურუმი, ისე სერვისი სრულადაა ადაპტირებული მომსახურებისა თუ ავტომობილის შეძენის ყველა მსურველის საჭიროებებზე“.

მარიამის, როგორც სამშენებლო პროექტის მენეჯერის, მოვალეობა იყო სამშენებლო პროცესების დაგეგმვა, მართვა და დამკვეთ კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია.

პროექტში, „გრავიტასთან“ ერთად, ჩართული იყო ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებების მქონე არაერთი კომპანია. მარიამი მათ კოორდინირებულ მუშაობაზეც პასუხისმგებელი გახლდათ.

მარიამ ჯანელიძე, „გრავიტას“ სამშენებლო პროექტების მენეჯერი: „ერთი მხრივ, არ უნდა შეფერხებულიყო სამშენებლო პროცესი და, მეორე მხრივ, გვქონოდა ხარისხის კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რათა ყოველგვარი შეცდომა თუ უზუსტობა გამოგვერიცხა. მე, როგორც პროექტის მენეჯერი, ყოველდღიურ რეპორტინგს ვაწარმოებდი დამკვეთთან. აუცილებელი იყო, ყველა დეტალი შემეთანხმებინა და ასევე უზრუნველმეყო მათი მუდმივი ინფორმირებულობა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით“. „პორშე ცენტრი თბილისის“ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ ნინოც და მარიამიც სამ მიმდინარე მასშტაბურ პროექტზე მუშაობენ. მათ შორისაა ვაკეში „თეგეტას“ მულტიბრენდული სერვისცენტრის მშენებლობა; ასევე „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის, „ვოლვო ქარ საქართველოს“ ცენტრის მშენებლობა და „მაზდას“ შოურუმი. ორივე ფიქრობს, რომ „პორშე ცენტრი თბილისის“ გამოცდილება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მათ მიმდინარე პროექტების წარმატებით წარმართვაში.

2 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.