საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოში სრულად აიკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. აკრძალვა 17 აპრილის 12:00 საათიდან შევა ძალაში. გადაადგილება არ შეეზღუდება სატვირთო გადაზიდვებსა და მიტანის სერვისების განმახორციელებელ კომპანიებს.

„დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ ვიღებთ ზომებს. ხვალ, 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერების სერვისები“ – განაცხადა პრეს-კონფერენციაზე მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.