რუსეთი „თალიბანის“ მებრძოლებს ფულს სთავაზობდა ამერიკელი ჯარისკაცების მოსაკლავად

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის დასკვნით, რუსეთი საიდუმლოდ სთავაზობდა ფულად ჯილდოს „თალიბანის“ მებრძოლებს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცებისა და საერთაშორისო კოალიციის სხვა ძალების გასანადგურებლად. ინფორმაციას ჟურნალი New York Times ავრცელებს.

მოსკოვი არეულობის გამოწვევას ცდილობს თეთრ სახლსა და მის მოკავშირეებს შორის. ამისთვის ის მიმართავს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციის გავრცელებასა და ფარულ სამხედრო ოპერაციებს – აღნიშნულია ანგარიშში. 2019 წელს ბრძოლაში მოკლულ 20 ამერიკელ ჯარისკაცზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) 29,155-ე დანაყოფს, რომელიც ეჭვმიტანილია მიზანმიმართულ მკვლელობებში დასავლეთის დესტაბილიზაციისთვის. ამჟამინდელ სამიზნეებს შორისაა ბრიტანული ძალებიც.

აღსანიშნავია, რომ ამერიკისა და ავღანეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ შეუნიშნავთ რუსეთის მხარდაჭერა თალიბებისთვის. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა კრემლს აშკარად სდებენ ბრალს ამერიკისა და NATO-ს წინააღმდეგ შეიარაღებული შეტაკებების დაფინანსებაში.

სტატიის მიხედვით, ტრამპს მომხდარის შესახებ თვეების წინ აცნობეს, მაგრამ აშკარა ქმედება არ განუხორციელებია. მას მიაჩნია, რომ  „თალიბანთან“ სამშვიდობო შეთანხმება  დაასრულებს ავღანეთის ომს, თუმცა ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს პუტინთან ღია დაპირისპირებაზე.

რუსეთმა ბრალდებები უარყო და New York Times ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა.  საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებით, „ეს პრიმიტიული ინფორმაციული ნაგავი ცხადად აჩვენებს ამერიკული სადაზვერვო სამსახურის პროპაგანდისტების დაბალ ინტელექტუალურ უნარებს“. ბრალდება უარყო „თალიბანმაც“.

თუმცა რუსი სადაზვერვო ექსპერტი, იური ფელშტინსკი თვლის, რომ ГРУ-ს მიდგომა ლოგიკურია:  „ეს უბრალოდ სამხედრო ოპერაციების გაგრძელებაა განსხვავებული იარაღის გამოყენებით. ფული კი ბევრად უფრო იაფი იარაღია ამერიკელების მოსაკლავად, ვიდრე ГРУ-ს გამოყენება“.

შეერთებული შტატები, „თალიბანის“ მებრძოლები და ავღანეთის მთავრობა დიდი ხანია ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასა და 18-წლიანი კონფლიქტის დასრულებას.