ჰონდურასის პირველი პრეზიდენტი ქალი, ქსიომარა კასტრო მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ცენტრალურ ამერიკაში მდებარე სახელმწიფოს, ჰონდურასის პირველი პრეზიდენტი ქალი, ქსიომარა კასტრო მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ყოფილმა პირველმა ლედიმ საპრეზიდენტო ფიცი 27 იანვარს დადო. ის თანამდებობაზე 2026 წლის 27 იანვრამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ საინაუგურაციო ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც დაესწრო.

ფოტო: Moises Castillo

ქსიომარა კასტრომ, რომელიც ჰონდურასის თავისუფლებისა და აღდგენის პარტიის ლიდერია, ქვეყანაში ნოემბრის ბოლოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მან პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.  

საინაუგურაციო სიტყვაში 62 წლის კასტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორუფციის დამარცხებისა და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით აქტიურად იმუშავებს, ასევე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრას შეეცდება. ამას გარდა, ჰონდურასის პირველი პრეზიდენტი ქალი მოსახლეობას აბორტის შესახებ კანონის ლიბერალიზაციას დაჰპირდა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ამჟამად უმუშევრობის, ძალადობისა და კორუფციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჰონდურასის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებიც.

შეგახსენებთ, რომ ქსიომარა კასტრო ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტის, მანუელ სელაიას მეუღლეა. ის ქვეყანას 2006-2009 წლებში მეთაურობდა. სელაიას შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ხუან ორლანდო ერნანდესმა დაიკავა, რომელსაც ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდება წაუყენეს. სწორედ ეს უკანასკნელი შეცვალა ქსიომარა კასტრომ და ჰონდურასის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.