წლების წინ, როცა ტანსაცმლის ესკიზებს ხატავდა და ორიგინალური კომბინაციების გამო კომპლიმენტებს იმსახურებდა, ერთ-ერთი ვერსია სწორედ ის იყო, რომ ცხოვრების მთავარ საქმედ დიზაინერობა აერჩია. დღეს, როცა დროის უმეტეს ნაწილს სპორტული ბუცებით რაგბის მოედანზე ატარებს და შეკრების მერე მეგობრებთან შესახვედრად კოქტეილის კაბიან გოგოდ გარდაისახება ხოლმე, მიიჩნევს, რომ ცხოვრება თვითონ ალაგებს ყველაზე უცნაურ და ეფექტურ კომბინაციებს.

ნუცა შამათავა სპორტული მედიცინის კლინიკის დირექტორია, ასევე საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე. ის ეროვნული ნაკრების ექიმია. ამ მიმართულებით ერთადერთი ექიმი ქალია საქართველოში და თითზე ჩამოსათვლელი კოლეგები ჰყავს მსოფლიო რაგბიშიც. ზედმიწევნით იცის რაგბის ნაკრების თითოეული წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადატანილი დაავადებები და ხასიათის თავისებურებებიც, რაც ხშირად შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობისაც კი აღმოჩნდეს მოედანზე ამა თუ იმ ტრავმის დროს.

პირველადი დახმარების ატრიბუტები ნუცასთვის ცხოვრების ამ ეტაპზე მთავარი პროფესიული რეკვიზიტებია. თუმცა, ახლობლებისთვის დახმარების აღმოჩენის სურვილი სულ პატარას გაუჩნდა, როცა ფეხსაცმლის ყუთში წამლების კოლოფების შეგროვება და თოჯინების მკურნალობა მის საყვარელ გასართობად იქცა.

პროფესია დამოუკიდებლად აირჩიეთ თუ ოჯახის წევრების რჩევით ან გავლენით?

გადაწყვეტილება ‒ ექიმი ვყოფილიყავი ‒ მხოლოდ და მხოლოდ ჩემმა სურვილმა განსაზღვრა, იმიტომ, რომ სახლში ამ პროფესიის არავინაა. მახსოვს, ბავშვობიდან ფეხსაცმლის ყუთში ვაგროვებდი წამლების კოლოფებს, ასე ვთამაშობდი. მერეც ისე გამოვიდა, რომ ბევრი აღარ მიფიქრია. 15 წლის ვიყავი, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯში ჩავაბარე. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე სამედიცინო მენეჯმენტმა უფრო დამაინტერესა. სპორტული მედიცინის კლინიკაში დავიწყე მუშაობა დირექტორად. დღემდე ვმუშაობ, როცა ვარჯიშზე ან შეკრებებზე არ ვარ. მერე საქართველოში ოცწლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც უკვე როგორც სამედიცინო მენეჯერი ისე ვმუშაობდი: გუნდის ექიმებთან მქონდა კონტაქტი, ვამისამართებდი საავადმყოფოებში, თუ რამე სჭირდებოდათ და ა.შ. მაგისტრატურაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დავამთავრე, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ პრაქტიკოს ექიმად გავაგრძელე მუშაობა.

რა გევალებათ მორაგბეებთან მუშაობის დროს?

ჩემი მიმართულება უფრო სპორტულ მედიცინასთანაა ახლოს, რომელიც ცალკე კი არსებობს როგორც განხრა, მაგრამ საქართველოში დიდად პოპულარული არ არის. ჩემი საქმე, ძირითადად, მორაგბეების ზოგადი ჯანმრთელობის მეთვალყურეობა და თამაშის ან ვარჯიშის დროს მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენაა. ამ მიმართულებით რომ იმუშავო, სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამსაფეხურიანი გამოცდა უნდა ჩააბარო, რომელიც რაგბის მსოფლიო სტანდარტების მიხედვითაა შემუშავებული.

საქართველოში ერთადერთი გოგო ვარ, ვისაც ეს გამოცდები ჩაბარებული აქვს. ჩემთან ერთად ჩემმა ორმა მამაკაცმა კოლეგამ გაიარა ეს სამი საფეხური. საკმაოდ რთული იყო, მით უფრო, რომ ინგლისურ ენაზე ვაბარებდით ინგლისში.

ძირითადად, რა სახის ტრავმები ან გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეიძლება მოჰყვეს თამაშს?

უხეში და, აქედან გამომდინარე, საფრთხის შემცველი სპორტია. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე აქტუალური ტრავმა ტვინის შერყევაა, რომლის მართვას მთელ მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოშიც რამდენიმე წელია დავიწყეთ გაიდლაინებით
მუშაობა, რაც ტვინის შერყევის დიაგნოსტირებასა და მის შემდგომ სწორ რეაბილიტაციას გულისხმობს. ადრე ამდენად არ იყო ამაზე ყურადღება გამახვილებული. მოთამაშე ტვინის შერყევას რომ მიიღებდა, ფაქტობრივად, მაშინვე უბრუნდებოდა თამაშს. ეს შევცვალეთ და მიხარია, რომ წარმატებულად მივყვებით სტანდარტს.

ხშირია ტრავმები?

კონტაქტური სპორტია, დიდი მასის მოთამაშეები ეჯახებიან ერთმანეთს, შესაბამისად, ტვინის შერყევა ძალიან ხშირია, მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფ­ლიოში ასეა. ზოგადად, სხვადასხვა სახის ტრავმაა ხოლმე: ღია ჭრილობები შეჯახების შედეგად, შუბლის, წარბის გახეთქვა.

როგორ ფიქრობთ, ხასიათის რა განსაკუთრებული თვისებებია საჭირო თქვენი საქმისთვის?

ალბათ, გამძლეობა და გამბედაობა. რეჟიმი თვითონ ბიჭებს ძალიან რთული აქვთ. ვიღაცისთვის, ვინც დივანზე ზის და სპორტსმენებს ეკრანზე გულშემატკივრობს, რა თქმა უნდა, რთული წარმოსადგენია ის, თუ რა შრომა სჭირდებათ მათ მოედანზე გამოსვლამდე ან თუნდაც ის, რაც ახლა მსოფლიო ჩემპიონატამდე გამოვიარეთ. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, თურქეთში შუადღეზე, დაახლოებით 45 გრადუსში ვარჯიში. წარმოიდგინეთ, ასეთ სიცხეში ჯერ მარტო რომ დგახარ და უყურებ. მე იმის კონტროლი მევალება, ვინმე არ დაშავდეს და ყველა ჯანმრთელად იყოს, მათ კი იმ პაპანაქებაში რამხელა ფიზიკური დატვირთვა აქვთ. ამ განსხვავებას თუ არ ჩავთვლით, ჩემი რეჟიმი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნაკრების მოთამაშეების.

თუ არსებობს საფრთხე ან თეორიული ალბათობა იმის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში დაიბნეთ, შეგეშნდეთ?

ფაქტობრივად, არა, იმიტომ რომ, ჩვენ ამისთვის გვამზადებენ, ყველანაირი სიტუაციისთვის ადეკვატურ მზადყოფნას გვასწავლიან. დაახლოებით ექვს თვეში ერთხელ ტარდება პროფესიული სემინარები. მსოფლიო რაგბის თანამშრომელი ვარ, თვითონაც ვატარებ ამ ტრენინგებს, პირველი და მეორე დონეებისთვის ვამზადებ პროფესიონალებს. უამრავი დეტალია, მაგალითად, როგორ ამოვიცნოთ მოედანზე ის, რომ მოთამაშეს ტვინის შერყევა აქვს. ხანდახან არის, რომ სპორტსმენი ტრავმას მიიღებს, მაგრამ არ იმჩნევს და ჩვეულებრივად აგრძელებს თამაშს. მორაგბეები ხომ ბოლომდე იბრძვიან მოედანზე, ‒ ასეთი სპორტია, ‒ და არცერთ მოთამაშეს არ უნდა იქიდან გამოსვლა. ჩვენ, ნაკრების ექიმები, ძალიან კარგად ვიცნობთ საკუთარ მოთამაშეებს. ვიცი, ვის რა აწუხებს, ვის რა აქვს გადატანილი, რა ოპერაციული ჩარევები დასჭირვებიათ, ვინ რა მედიკამენტს იღებს. ვიცი, თითოეული სპორტსმენი დაცემიდან რამდენ ხანში დგება ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ვიცი როგორ იქცევა, თუ სერიოზული პრობლემა არაა და პირიქით, ვატყობ შენელებულია თუა არა. ელემენტარული რაღაც რომ აწუხებდეს, უნდა მიხვდე, რომ აწუხებს. ძირითადად, ამ სპორტის მიმდევრები იმდენად თავდადებული ტიპები არიან, ბოლომდე იბრძვიან. შეიძლება რაღაც სტკიოდეს, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოსთვის იბრძვის, არ გითხრას. მეხმარება ის, რომ უკვე ძალიან კარგად ვიცნობ მოთამაშეებს და, ამის შედეგად, ნებისმიერი პრობლემის იდენტიფიცირება გაცილებით იოლია. რა თქმა უნდა, სტრესიცაა და ნერვიულობაც თამაშის დროს, რადგან ჩემი მიზანია თითოეულმა მოთამაშემ ისე დაამთავროს თამაში, როგორც დაიწყო, მაგრამ ის, რომ დავბნეულიყავი ან შემშინებოდა, ფაქტობრივად, არ მახსენდება.

კომპენსაცია რა არის ამ დატვირთული რეჟიმისა და დიდი პასუხისმგებლობის?

ალბათ ის, ჰიმნს რომ უკრავენ მოედანზე, დგახარ და ჟრუანტელი გივლის, ან რომ მოიგებენ და ყველანი ერთად გასახდელში ვიკრიბებით და ვზეიმობთ. გასვლითი თამაშების დროს გარშემო სულ უცხოელები არიან, ძალიან ცოტაა ქართველი გულშემატკივარი და, ამდენად, ბიჭებისთვის ჩემი ემოცია და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

როგორი ურთიერთბა გაქვთ საქმის მიღმა, მეგობრობთ?

კი, ძალიან დავმეგობრდით. თავიდანვე ასე არ იყო, რა თქმა უნდა. ცოტა ერიდებოდათ და უხერხულობის მომენტიც ჰქონდათ, ალბათ, იმიტომ, რომ უცხოა სპორტული ექიმი გოგო საქართველოში, მაგრამ მალევე მიეჩვივნენ და მგონია, რომ ისინიც ისევე კარგად გრძნობენ თავს ჩემთან, როგორც მე ‒ მათთან.

როგორ ფიქრობთ, ვინ ირჩევს რაგბის, როგორები არიან მორაგბეები? თუ შეგიძლიათ, რომ ზოგადი შტრიხი ან მახასიათებელი გამოყოთ, რაც ამ სპორტის მიმდევრებს აერთიანებს?

პირველ რიგში, ალბათ, ძალიან შრომისმოყვარე უნდა იყო, რომ ეს სპორტი ითამაშო. ცხადია, თუ გინდა, რომ მაღალ დონეზე ითამაშო. ადრე სხვა წარმოდგენა მქონდა რაგბიზე. მეგონა, რომ განათლება დიდად საჭირო არ იყო სპორტის სათამაშოდ. მაგრამ ახლა რომ ვუყურებ მათ განხილვებს, რამდენი კომბინაცია უნდა დაიმახსოვრონ, ალტერნატიულ ვარიანტებს შორის რა როგორ უნდა გათვალონ, ვხვდები, რომ ძალიან რთულია და ვცდებოდი. და კიდევ ერთი-რამდენადაც დიდები და მაგრები ჩანან მორაგბეები, იმდენად კეთილი ბავშვებივით არიან.

როცა თამაშის დროს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ექმნებათ, ეშინიათ?

არა, არასდროს. ერთმანეთს ამხნევებენ: ჩვენი ხალხი გვიყურებს, ჩვენები გვიყურებენო. განსაკუთრებით, როცა უცხოეთში ვართ. მიიჩნევენ, რომ ეს მათი სამსახურია, სადაც თავიანთ ქვეყანას ემსახურებიან და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. როცა ამ პატრიოტიზმს ადრენალინიც ემატება, აღარ აინტერესებთ და, მგონი, ვერც გრძნობენ, სტკივათ თუ არ სტკივათ.

საქართველოში რაგბის ეროვნული ნაკრების ერთადერთი ექიმი ხართ?

დიახ, ერთადერთი, თან ‒ ქალი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ უცხოეთშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ათეულობით გუნდის ექიმს შორის ერთადერთი გოგო ვარ ხოლმე.

მიმსგავსებულია რაგბიში ჩვენი და მსოფლიო სამედიცინო სტანდარტი?

ბოლო პერიოდში მიმსგავსებულია. ვცდილობთ, რომ მსოფლიო სტანდარტი, პროტოკოლი და გაიდლაინი მაქსიმალურად დავნერგოთ საქართველოში. იგივე ტვინის შერყევის ტესტი არ ტარდებოდა ჩვენთან. მე თვითონ ვთარგმნე და ვიყენებთ. რეაბილიტაცია დავნერგეთ. წინდაწინ მივდივართ. ყოველწლიური კონგრესები ტარდება ჩვენს სფეროში, ვესწრებით, რომ ინფორმაციის გაცვლა მოხდეს და სიახლეები ჩამოვიტანოთ. ასევე უცხოელი სპეციალისტებიც ჩამოგვყავს ტრენინგებისთვის. თუ მსოფლიო რაგბის პროტოკოლში ან გაიდლაინში რამე შეიცვალა, ცხადია, გვატყობინებენ. მსოფლიო რაგბის თანამშრომელი ვარ და სპეციალური ბარათი მაქვს ინდივიდუალური ნომრით.

სანამ სპორტული ექიმი გახდებოდით, სპორტი თუ გაინტერესებდათ? ან კონკრეტულად, რაგბის მიმართ რა დამოკიდებულება გქონდათ?

რაგბი ყოველთვის მიყვარდა, რადგან მამა მორაგბეა, მაგრამ ვერც ის და ვერც მე ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე მორაგბეებთან ვიმუშავებდი. თუმცა, ისე მოხდა, რომ ფეხსაცმელებზე ვგიჟდები და უამრავი მაქვს, მაგრამ დიდ დროს სპორტული ფეხსაცმლითა და ბუცებით ვატარებ.

როგორია თქვენი სამუშაო ფორმა?

ზუსტად ისეთი, როგორიც მორაგბეებს აცვიათ. მატჩების შემდეგ, მიღებებზეც მათი მსგავსი სპეციალური ფორმა მაცვია ‒ პიჯაკი, პერანგი და შარვალი, ოღონდ ოდნავ ქალური ელემენტებით.

რა განცდა გაქვთ ხოლმე თამაშების დროს და მაშინ, როცა ჩვენი ნაკრები იგებს?

უპირველესი მაინც პროფესიული პასუხისმგებლობა და მობილიზებულობაა, რომ ყველამ ჯანმრთელმა დაამთავროს თამაში. თუმცა ამას, ცხადია, ემატება უდიდესი ემოცია და გულშემატკივრობა. გამარჯვებების დროს- დიდი სიამაყეც.

ვინ იქნებოდით დღეს, თუ არა ის, ვინც ხართ? დაგიშვიათ ალტერნატიული ვარიანტი?

ალბათ, დიზაინერი ვიქნებოდი. ტანსაცმელს სულ ვხატავდი და დიზაინერობაც სულ მხიბლავდა, მაგრამ მაინც მედიცინამ გადაწონა. საერთოდ, ცოტა ძნელია, 15 წლის ასაკში მიღებული გადაწყვეტლება სწორი აღმოჩნდეს და მთელი ცხოვრება ამ აზრზე დარჩე, მაგრამ მე გამიმართლა. ძალიან მიყვარს ეს საქმე, იმის მიუხედავად, რომ მძიმე და დაუფასებელი შრომაა ექიმობა, ზოგადად, და განსაკუთრებით ‒ საქართველოში.

გქონიათ სურვილი, ან შემოთავაზება, რომ სხვა ქვეყანაში გემუშავათ?

კი, მქონია, მაგრამ მაინც აქ ვარ.

რა გაკავებთ აქ?

ალბათ, ის, რომ საქართველოში ჩემი ქვეყნის გუნდისთვის ვმუშაობ. შენი გულშემატკივრებიც ქართველები არიან და შენ გეკუთვნის მათი ტაში და ოვაციები. უცხოეთში, სხვა გუნდისთვის მუშაობისას, ეს სენტიმენტები არ მექნება. ამის გარეშე მუშაობა კი, ალბათ გამიჭირდება.

 

ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Comments are closed