ქალი, როგორც ლიდერი | შეხვედრა ეკატერინე შარაშიძე-ვოსკამპთან

თიბისი სტატუსისა და Forbes Woman-ის ორგანიზებული სტატუს შეხვედრების ფარგლებში თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ეკატერინე შარაშიძე-ვოსკამპმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ქალის, როგორც ლიდერისთვის დამახასიათებელ უნარებზე ისაუბრა.

ეკატერინე შარაშიძე-ვოსკამპი ჰოლდინგური კომპანიის „Ocean Capital“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრია. ეს მოკლედ, ვრცლად კი მისი მრავალფეროვანი და საკმაოდ დიდი გამოცდილება იტევს ყველაფერს, რაც ლიდერული უნარების წარმატებულად მართვას და პროფესიული წინსვლისთვის საჭირო ხედვებს უკავშირდება.

შეცდომები – ჩვენი პიროვნული თუ კარიერული ზრდის განუყოფელი ნაწილია, შეიძლება ითქვას რომ აუცილებელიც კი. ზრდა ხომ ამის გარეშე ვერ მოხდება, მაგრამ მთავარია თუ როგორ ვასწორებთ ამ შეცდომებს და როგორ ვსწავლობთ მათზე; როგორ ვაყალიბებთ აქამდე სუსტ მხარეებს ჩვენს სიძლიერედ.

პიროვნული ზრდა – საკუთარი თავის გაანალიზებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგი, რომლის გარეშეც ჩვენში ლიდერობის პოტენციალის განვითარება საკმაოდ რთულია.

და

პროფესიული წინსვლა – ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ცვლილებების მუდმივი სურვილი.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეკატერინე შარაშიძე-ვოსკამპმა გაანალიზა სჭირდება თუ არა განსხვავებული ლიდერული უნარები კერძო და საჯარო სექტორში წამატებულ საქმიანობას და ასევე ისაუბრა, თუ როგორ უნდა აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ საკუთარ თავში ლიდერობისთვის საჭირო უნარები.

„ქალს ყველაფერი შეუძლია – ოჯახზე ზრუნვა, შვილის აღზრდა, კარიერული განვითარება… არ არის საჭირო რომ ერთი აკეთო მეორის ხარჯზე – გააკეთე ყველაფერი. ჩემი აზრით, მთავარი აქ სხვა რამ არის. რაც უფრო მეტ მხარდაჭერას გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ, უფრო მეტად გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და მხარში დავუდგებით ერთმანეთს, უფრო გავძლიერდებით. არ დაგვავიწყდეს რომ საუკუნეების მანძილზე მამაკაცები მხარში ედგნენ ერთმანეთს. ჩვენ ქალებს, მეტად გვმართებს წარმატებაზე ორიენტირებული ისტორიების გაზიარება, ეს ხომ გადამდებია, ისევე როგორც ყველაფერი, რაც წარმატებას უკავშირდება.“ – ეკატერინე შარაშიძე-ვოსკამპის ეს სიტყვები კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის თავდაჯერებულობასთან და პიროვნულ სიძლიერესთან ერთად გულწრფელობა და გარშემომყოფთა მოტივაციით ინსპირირება ლიდერობისთვის საჭირო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.

ქალი, როგორც ლიდერი, სწორედ ასეთია – თავდაჯერებული, მებრძოლი, მიზანდასახული, საკუთარ საქმეში პროფესიონალი და სწორედ ის ადამიანი, რომელიც არასდროს იღლება სხვა ქალებს გაუზიაროს საკუთარი წარმატების ისტორია.

ამის კარგი მაგალითი კი თავად ეკატერინეა – მასთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ შეცდომების არ უნდა გვეშინოდეს და მუდმივად ერთმანეთის გაძლიერებაზე ვიფიქროთ.

იგივე ფილოსოფიას ეფუძნება თიბისიც და Forbes Woman-იც, განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური მიდგომა და ერთმანეთის გაძლიერებით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა – ეს ის რეცეპტია, რაც ჩვენს ქვეყნას მართლაც რომ ფანტასტიკურს გახდის.