Photo Credits to Mono Photography Studio

ნანა შარიქაძე ხელოვნების დოქტორი და მუსიკათმცოდნეა. 1999 წლიდან ასწავლიდა კონსერვატორიაში, პარალელურად დაკავებული იყო სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმიანობით და ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თითქმის ყველა სტრუქტურულ თუ შემოქმედებით მიმართულებაში. 2005 წლიდან საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ნანა შარიქაძე დღეს კონსერვატორიის ახალი რექტორია, ახალი გეგმებითა და ახალი მიზნებით.

„სწავლების პრაქტიკა და ადმინისტრაციული საქმიანობის ერთობლიობა შანსს გაძლევს სხვადასხვანაირად რეალიზდე. ერთია, რას სწავლობ სამეცნიერო აქტივობებითა და აკადემიური მიმართულებით, ხოლო მეორეა, როცა შეგიძლია შექმნა ახალი შესაძლებლობები. ძალიან მაგარი კომბინაციაა ეს, როდესაც შეპყრობილი ხარ იდეებით და გაქვს სხვადასხვა შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენების ფუფუნებაც. თუკი ერთი სტუდენტის ცხოვრებას მაინც შეცვლი უკეთესობისკენ, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა.

ჩემ შემთხვევაში, ის საჭიროებები, რაც დღეს კონსერვატორიას უდგას, ძალიან ნათელია, რადგან მე კარგად ვიცი სასწავლებლის როგორც სუსტი მხარეები, ისე, თუ რაში ვართ ძლიერები და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს განვითარების პროცესში.

თავიდან, როდესაც კონსერვატორიაში დავიწყე მუშაობა, ნამდვილად არ იყო ამდენი შესაძლებლობა და ასეთი ძლიერი კონტაქტები, როგორიც დღესაა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სასწავლებელი ევროპულ კონსერვატორიათა გაერთიანების წევრია და სწორედ ამის დამსახურებაა ის შედეგებიც, რაც დღეს გვაქვს.“ – ნანა შარიქაძე

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა და თქვენი აზრით, როგორ შეგვიძლია არსებულ პრობლემებთან ბრძოლა?

ვთვლი, რომ მთავარი გამოწვევა ქართული საგანმანათლებლო სივრცის ევროპულის სწავლების ხარისხთან დაახლოებაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოში მუშაობისას დავინახე ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. ამის დასტური ევროპული ხარისხის მართვის სისტემაში გაერთიანებაა. საოცრად დიდ პასუხიმგებლობებთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიდი მონაპოვარია ჩვენთვის.

სახელოვნებო განათლება და კერძოდ უმაღლესი სამუსიკო განათლება დიდი გამოწვევების წინაშე დგას. კერძოდ, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უწყვეტი სამუსიკო განათლების მდგრადობის სისტემური უზრუნველყოფა, კონსერვატორიის ბიუჯეტის და შესაბამისად პროფესორ-მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პირველ რიგში კი სამეცადინო აუდიტორიების ახალი როიალებით აღჭურვა, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და სხვა.

არის დღეს სწავლება სტუდენტზე ორიენტირებული?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სტუდენტები თვითონ კარნახობენ უნივერსიტეტს თუ რა საჭიროებების წინაშე დგანან. ვთვლი, რომ ნებისმიერი სასწავლებელი თუ უნივერსიტეტი სწორედ სტუდენტებზე დგას და ეს დაწესებულებები ვალდებულები არიან მოუსმინონ მათ პრობლემებს და შემდეგომ მათ გადაჭრაზე იზრუნონ. ახალგაზრდები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები გადაწვეტილებების მიღების პროცესში. როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული მიმართულებით. ამ ყველაფერს ჩემ მაგალითზე ვამბობ. ვინაიდან, სწორედ ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა – ვაწყობ აქტიურ შეხვედრებს სტუდენტებთან, რათა გავიგო მათი საჭიროებების შესახებ და არსებული პრობლემები დავინახო მათი გადმოსახედიდან.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს კონსერვატორია?

გამოწვევები ბევრია, ზოგიერთი მასშტაბურიც კი. კონსერვატორია ამ გამოწვევებს სამწუხაროდ დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. პირველი, და ძალიან მნიშვნელოვანი – მუსიკის პედაგოგის სტატუსი. ვთვლი, რომ მათი სტატუსი უნდა გაუთანაბრდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგის სტატუსს. თუ ჩვენ არ გვეყოლება კადრები, ეს პრობლემას შეუქმნის არა მხოლოდ კონსერვატორიას, არამედ პირდაპირ აისახება ქართულ მუსიკალურ კულტურაზეც. პედაგოგი, როგორც პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული და პოპულარული. ჩვენ აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი ამას.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა შრომის ანაზღაურებაც. კონსერვატორია ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ძალიან მცირე ბიუჯეტი აქვს, შესაბამისად, სახელფასო ფონდი კრიტიკას ნამდვილად ვერ უძლებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა უკავშირდება სასწავლებლის ინსტრუმენტებს. კონსერვატორია ფლობს ძალიან დიდი ქონებას, რომლის ნაწილი აუცილებლად უნდა შეკეთდეს, ნაწილი კი გამოიცვალოს, რადგან შეკეთებას აღარ ექვემდებარება. მხედველობაში მაქვს სასწავლო როიალების სრულიად კატასტროფული მდგომარეობა. ამ პრობლემასთან გამკლავებას კი კონსერვატორია დამოუკიდებლად, სახელმწიფოს გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებს.

თქვენი აზრით, როგორია დღეს კონსერვატორიის სტუდენტების სტუდენტური ცხოვრება, რა სირთულეების წინაშე დგანან ისინი და როგორია თქვენი სამუშაო გეგმა?

კონსერვატორიაში სტუდენტური ცხოვრება მოიცავს კონცერტებს, მათ ორგანიზებას, ასევე საქველმოქმედო და გასვლით კონცერტებს. გარდა ამისა, ყოველწლიურად ჩვენი დაწესებულების დაახლოებით 25 სტუდენტი აგრძელებს სწავლას საზღვარგარეთ, ერთი სემესტრით ან ერთი წლით. ყველა ასეთი პროცესი უნივერსიტეტში გამჭვირვალეა.

ჩვენი სტუდენტებისთვის ამ ეტაპზე მთავარ პრობლემას საკლასო ოთახებთან წვდომა წარმოადგენს. სტუდენტები დამოუკიდებლადაც მეცადინეობენ, ზოგ მათგანს სახლში არ აქვს ინსტრუმენტი. ამ პრობლემის გადასაჭრელად სტუდენტებმა თავიანთი ინიციატივით დაიწყეს აუდიტორიების დაჯავშნის სისტემის შემუშავება. მათივე მოთხოვნაა გადაიხედოს სასწავლო გეგმა. ვაპირებ ყველა მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლო სტუდენტებთან და სამუშაო რეჟიმში, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ერთობლივად გადავლახოთ არსებული გამოწვევები.

გეგმავთ მასშტაბურ ცვლილებებს?

მასშტაბურია ყველა ცვლილება, რომელიც ისეთი ტიპის უმაღლეს სასწავლებელს უკავშირდება, როგორიც კონსერვატორიაა. ჩვენ პატარა სასწავლებელი ვართ და ყოველი ახალი გადადგმული ნაბიჯი ჯაჭვური რეაქციის მომტანია.

ჩემი სამუშაო გეგმა სასწავლო პროცესში აკადემიური პერსონალის და სტუდენტების აქტიურ ჩართვას გულისხმობს. ასევე, ვაპირებ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა ბიუჯეტია. ვაპირებ მივმართო ყველა რელევანტურ სტრუქტურას და ორგანიზაციას და დავიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.

როგორც ქალს, რაიმე წინააღმდეგობა თუ შეგხვედრიათ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და ზოგადად, რას ფიქრობთ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემაზე ჩვენს ქვეყანაში?

მე საკმაოდ მტკიცე და ძლიერი ხასიათი მაქვს, ვცდილობ ყოველთვის დავიცვა ჩემი პოზიცია და მკაფიოდ გამოვხატო სათქმელი. სამწუხაროა და ხშირ შემთხვევაში საგანგაშოც კი ინფორმაცია მორალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ. ვთვლი რომ, თუკი ქვეყანაში ზოგადი განათლების დონე მეტად განვითარდება და დაიხვეწება, ნაკლებ პრობლემებს შევეჩეხებით ამ მიმართულებით.

თქვენი აზრით, როგორ უნდა მივცეთ ქალებს მოტივაცია, რომ გაძლიერდნენ?

ქალებმა უნდა იზრუნონ საკუთარი განათლების გაუმჯობესებაზე, უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და არ შეეშინდეთ.

როგორ ფიქრობთ, რაშია ქალების ძალა?

ნებისმიერი ადამიანის ძალა არის საკუთარ თავში. უნდა გჯეროდეს საკუთარი საქმის და არასდროს უნდა დანებდე. თუ დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ, თუ შეპყრობილი ხარ იმ იდეით, რასაც ემსახურები, ყველაფერი გამოგივა. ხოლო, თუ ვიღაც შენს დაჩაგვრას მოინდომებს, აუცილებლად უნდა დაიწყო საუბარი, თან ხმამაღლა.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თქვენს სფეროში ხედავენ თავს, მაგრამ უჭირთ პირველი ნაბიჯების გადადგმა?

იყვნენ აქტიურები და დაუშვან შეცდომები. სტუდენტობა სწორედ ის პერიოდია, როდესაც შეცდომები უნდა დაუშვან, შემდეგ კი სწორედ ამ შეცდომებზე ისწავლონ.

მინდა ახალგაზრდებს ვურჩიო, რომ სწავლის პროცესშივე დააკვირდნენ რა არის მათი სისუსტე, შემდეგ ამ სისუსტეებს ჩაუღრმავდნენ და დაიწყონ მუშაობა ამ მიმართულებით.

მესმის, რომ კომფორტულია აკეთო მხოლოდ ის, რაც კარგად გამოგდის. თუმცა, აუცილებლად უნდა დაიწყონ იმ მიმართუელბით ფიქრი და მუშაობა რაშიც არც ისე ძლიერად გრძნობენ თავს. ეს უმნიშნელოვანესია პროფესიის დაუფლების გზაზე.

ასევე, მინდა გაითვალისწინონ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიღწევები, მაგრამ არა ყველაფრის ფასად, მითუმეტეს თუ ხელოვანი ხარ.