She’s Next | მედეა ტაბატაძე

პროფესიონალები, რომლებიც დიდი ორგანიზაციის ნაწილნი არიან, ხშირად საკუთარ განვითარებას ორგანიზაციის განვითარებაში ხედავენ, შესაბამისად, იშვიათია შემთხვევა, როდესაც ისინი ტოვებენ კორპორაციას და თავიანთ სერვისს უკვე როგორც გარეშე კონსულტანტები ისე აწვდიან. სწორედ ასეთი გამონაკლისია ჩვენი რესპონდენტი.

Visa და Forbes Woman Georgia ერთობლივი პროექტის, She’s Next ფარგლებში წარმოგიდგენთ ინტერვიუს მედე ტაბატაძესთან – მას 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საკონსულტაციო სფეროში. ამ მიმართულებით განვითარება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც კორპორაციის თანამშრომელი იყო.  გამოცდილებამ აფიქრებინა – რა შეიძლება მოხდეს, თუ მე მარტო მივიღებ გადაწყვეტილებას? საკუთარი ბედის სტრატეგიული განვითარება თავად უნდა გადაეწყვიტა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ახლანდელი გადმოსახედიდან, როგორი იყო ეს გადაწყვეტილება?

ახლანდელი გადმოსახედიდან გადაწყვეტილება სწორი იყო და შედეგითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა, ალბათ უკეთესიც შეიძლებოდა გამოსულიყო. შედეგები ყოველთვის მიზანია და არამარტო მოსაზრება.  რა ჩანაფიქრიც მქონდა, რომ კომპანიის სახელი „InSource“, განსხვავებულ სერვისთან ყოფილიყო ასოცირებული, ვფიქრობ შესრულდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო, კომპანიის მართვისას არის მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგებსაც ჩემ გარდა, სხვებიც იზიარებენ. დასაწყისში მუდმივად არსებობდა კითხვა – როგორ უნდა ვიმუშაოთ? ამ კითხვაზე პასუხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან თავად მე უნდა ვყოფილიყავი სტრატეგიც და აღმასრულებელიც ჩემი პატარა კომპანიისთვის.

მას შემდეგ, რაც ბიზნესის სამყაროში შეაბიჯეთ, რა სირთულეებს უკავშირდებოდა თქვენთვის ამ სფეროში აქტიური ჩართულობა?

იმ დროს, როდესაც შეიქმნა ინსორსი, საკონსულტაციო მომსახურება (თანაც HRM-ში) ძალიან ახალი იყო, არსებობდა მცირე გამოცდილება და საკონსულტაციო კომპანიების მცირე ნუსხაც. ეს სტარტაპისთვის გამორიცხავდა სხვისი გამოცდილების გათვალისწინების შესაძლებლობას და ამასთან, ნიშნავდა მცირე კონკურენციასაც, ბევრი ცდისა და შეცდომის დაგროვებას. ამას გარდა, მცირე იყო პარტნიორი კომპანიების ნუსხაც, რადგან საკონსულტაციო მომსახურების საჭიროება არც თუ ისე მკაფიო იყო 2011 წელს. თუმცა, ძირითად სირთულედ მიმაჩნია საჭირო ინფორმაციასა და რესურსებზე წვდომის სიმცირე, 9 წლის წინ ტექნოლოგიები და მისით სარგებლობის გამოცდილება მაინც მცირე იყო.

ახლა უამრავი რესურსია და საკმარისი გამოცდილებაც,  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასურველი ინფორმაციის მოძიებაც და  მხარდაჭერის მიღებაც. დღეს  საკონსულტაციო ბიზნესი  შეცვლილია და განვითარებული, კონკურენტუნარიანიც. ეს კი ადამიანების ცოდნამ და ტექნოლოგიების სინთეზმა შექმნა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად პრობლემურია გენდერის საკითხი თქვენს სფეროში. პირადად თქვენ, ყოფილხართ თუ არა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი?

მე ვფიქრობ, დღეს დისკრიმინაცია გენდერის ნიშნით, მეტნაკლებად რეგულირებადია. გაიზარდა ცნობიერება, ორგანიზაციებში გაჩნდა პროცედურები გენდერული თანასწორობის დასაცავად. თუმცა, გენდერული სხვაობის გამო განსხვავებული ქცევა, მაინც იგრძნობა. ასეთი რამ მახსენდება: არსებობდა და მგონი დღესაც არსებობს სტერეოტიპი,  რომ კაცები უფრო სწრაფად აზროვნებენ და  სტრატეგიულად.   ფრაზა „კაცივით ჭკვიანი ხარ“ – ეკუთვნოდათ ჭკვიან ქალებს, როგორც კომპლიმენტი, ხან მოგვწონდა კიდეც ასეთი შექება (მახსოვს, გამიხარდა), მაგრამ ეს კომპლიმენტი ცალსახდ დისკრიმინაციულია. ახლა, როდესაც უფრო მეტს ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე და ჩვენი ცნობიერებაც ამაღლდა დისკრიმინაციის თემაზე, ასეთმა „კომპლიმენტებმა“ იკლო.

საკონსულტაციო ბიზნესი, მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ, იგივე ცვილებებს გადის, რასაც ნებისმიერი ნებისმიერი სხვა სფერო. თუმცა, ადამიანური რესურსების მართვაში, ისევ მსოფლიოს მასშტაბით,  ქალების სასარგებლოდ დისბალანსია – ამ სფეროში უფრო მეტი ქალია, ვიდრე მამაკაცი.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რის გამოც ბიზნესის სამყარო სათანადო ტემპით ვერ ვითარდება საქართველოში?

მე ვფიქრობ, რომ განათლება და აქვე დავძენ განათლება მხოლოდ დიპლომი არ არის. მე ვგულისხმობ ისეთ უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება (განსხვავებული ხედვისთვის), ცნობისმოყვარეობა (რაც უფრო ხშირია კითხვა რატომ – უფრო მეტად ვითარდება მსჯელობის და დასკვნის გამოტანის უნარი), მუდმივი განვითარება (იფიქრო მუდმივ გაუმჯობესებაზე) და რისკის აღების უნარები (შექმნა და არ შეგეშინდეს რომ რაღაც შეიძლება არ გამოვიდეს).

ახლა ისეთი პერიოდია, როცა ყველანაირი ცოდნა თუ გამოცდილება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ ჩვენი უნარები, ცოდნა და ცოდნის მიღების მეთოდები  რომ 21-ე საუკუნის საჭიროებებს აცდენილია,  ამას მხოლოდ პანდემიას ვერ დავაბრალებთ.  ბევრი გამოწვევა არსებობს, ირღვევა სისტემები, დოგმებიც და ჩვენი მთავარი პრობლემა, მე მაინც მგონია, რომ განათლების დეფიციტია. ის, რაც დღეს ბიზნესის წამოწყებას სჭირდება, არის განსხვავებული აზროვნება, რომელიც არ მოდის კრიტიკული აზროვნების, ინტერესისა და ინდივიდის მენტალობის განვითარების გარეშე.

რა უნდა გაითვალისწინონ იმ დამწყებმა ანტერპრენერებმა, რომლებიც ქართულ ბიზნესში აპირებენ შემოსვლას?

ვფიქრობ, აუცილებელია მრჩეველის, იგივე ქოუჩის ყოლა, ვისაც მიმართავენ და  რჩევებს მიიღებენ. ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია დასავლურ ბაზარზე, სტარტაპის და გიგანტი კომპანიის ლიდერებს აუცილებლად ჰყავთ ქოუჩი, ხშირად ეს კონკურენტი კომპანიის CEO-ც კი არის, ვისაც მიმართავენ რჩევის ან კრიტიკის მოსასმენად.

მეორე, – რაღაცის დაწყებას  დიდი მოთმინება სჭირდება.  მეც მქონია გამოცდილება და სხვებისგანაც მომისმენია, რომ  როცა სტარტაპი ხარ, ცდილობ ბევრი რამე სცადო, არ გაქრე ბაზრიდან მალე და შემოსავალიც გქონდეს. ასეთ ქცევას ზიანის მოტანა შეუძლია მხოლოდ – ანტერპრენერები თავიანთი პირველადი მიზნიდან უხვევენ და  პროცესს მიაქვს რესურსი და ენერგია. როცა იწყებ, ზუსტად უნდა იცოდე რას იწყებ.

კონკრეტულად თქვენი სფეროსთვის დამახასიათებელ რა რჩევებს მისცემდით ქალ პროფესიონალებს, რომლებსაც ქონსალთინგში სურთ კარიერის აწყობა?

აუცილებელია სფეროსა თუ ინდუსტრიაზე, კონკურენტებზე, პოტენციურ კლიენტებსა და ეკონომიკაზე სიახლეების ცოდნა  და პროფესიული ცოდნის გამრავალფეროვნება. საკონსულტაციო ბიზნესის  ლიდერს წარმატებისთვის აუცილებლად სჭირდება ცოდნა, გამოცდილება და ნდობა კლიენტებისგან.

როგორ წარმოგიდგენიათ მომავლის ქალი ამ სფეროში, რა დამატებითი გამოწვევები შეიძლება მოიტანოს პანდემიამ და არაპროგნოზირებადმა ეკოსისტემამ?

საკონსულტაციო ბიზნესის, ანუ ცოდნით მომსახურების ბიზნესის გამოწვევა მონაცემების დაგროვებაა, ე.წ. data learning. ის, რაც სხვა ინდუსტრიებისთვის არის პრიორიტეტული, აქაც არანაკლებ საჭირო ხდება. პიონერი უკვე არსებობს McKinsey&Company, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის სხვადასხვა ანალიტიკურ რეპორტებს.  დღეს ყველაფერი ისეთი დინამიურია და ამასთანავე, ცოტა ბუნდოვანიც,  რომ ერთადერთი, რაც საკონსულტაციო ბიზნესს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, მეგა მონაცემების შეგროვების შესაძლებლობაა.

სამომავლო პერსონალური გეგმები – ზოგადი მიზანი, რისკენ მიდიხართ, რისთვის იბრძვით და შრომობთ, სად იქნებით რამდენიმე წლის შემდეგ?

რამდენიმე წლის შემდეგ აუცილებლად ვიქნები ისევ საკონსულტაციო ბიზნესში, თუმცა, კარგი ტექნოლოგიური მხარდაჭერით. ადამიანების ქცევის შესწავლა და ქცევითი ეკონომიკა ძალიან საინტერესოა, ვფიქრობ ქცევითი ეკონომიკა  და აკადემიური საქმიანობა არის ჩემი მომავალი.

რუბრიკა: Visa