ქალთა გაძლიერება ტექნოლოგიებში, როგორც გამოწვევა | ინტერვიუ ალიონა სინიოვასთან

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება სრულიად სხვა მიმართულებით აქვს მიღებული (ბიზნეს ადმინისტრირება და საერთაშორისო ურთიერთობები), თავისი კარიერა IT სფეროს დაუკავშირა, კერძოდ, ინფორმაციულ უსაფრთხოებას.

ალიონა სინიოვას ინტერესი ტექნოლოგიებისადმი ბავშვობიდან გაუჩნდა. თუმცა, იმ დროს, ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობდა შესაბამისი ფაკულტეტი, თან ეს უფრო კაცების პროფესიად მიიჩნეოდა, რომელიც ქალს „არ შეეფერება“. საუნივერსიტეტო განათლება თვითშესწავლით, საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალური ტრენინგებითა და სერტიფიცირებით ჩაანაცვლა. დღეს კი, ის ინფორმაციული უსაფრთხოების კონსულტანტია და ფრილანსერად მუშაობს. პარალელურად, პანდემიის დროს, არასამთავრობო ორგანიზაცია WICS დააარსა, რომლის მიზანიც ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებული ქალების ერთ სივრცეში გაერთიანება, საჭირო პროფესიული ინფორმაციებისა და გამოცდილებების გაცვლა და ურთიერთმხარდაჭერაა…

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რამ გამოიწვია თქვენი კარიერული გარდატეხა? 

ინტერესი IT სფეროსადმი ბავშვობიდან მქონდა, თუმცა მაშინ 12-14 წლის წინ გოგონებში არ იყო ეს მიმართულება პოპულარული. საზოგადოების ცნობიერებაც დაბალი იყო. ჩვენ არ ვიცოდით IT Support და ქსელის ადმინისტრირების გარდა თუ არსებობდა სხვა შესაძლებლობები. სკოლაში და უნივერსიტეტში, როგორც იცით, მაქსიმუმ HTML ენა ისწავლებოდა და კომპიუტერის ელემენტარული გამოყენება. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, მომეცა შესაძლებლობა დამეწყო მუშაობა IT სფეროში, რასაც სიხარულით დავთანხმდი. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ 19 წლიდან, როდესაც დავიწყე მუშაობა რეგიონალურ დირექტორად ქსელური მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიაში D-Link-ში, დაიწყო ჩემი კარიერა IT-ში. მუშაობის პროცესთან ერთად დავიწყე ნელ-ნელა ქსელების შესწავლა. თუმცა, საკუთარ თავს განსხვავებულ სპეციალობაში ვხედავდი. წლების მერე შემთხვევით აღმოვაჩინე კიბერუსაფრთოების ბიუროს ვაკანსია. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე მესწავლა ახალი პროფესია ‒ ინფორმაციული უსაფრთხოება.

რა უნარები და პიროვნული თვისებები დაგეხმარათ ამ გზის გასავლელად?

პირველი არის ცნობისმოყვარეობა. თუ რომელიმე სფერო მაინტერესებს, ძალიან მოტივირებული ვარ ვისწავლო ბევრი, რათა გავხდე პროფესიონალი. ეს თვისება ვლინდება, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე ჰობის დონეზეც. 

მეორე ის, რომ გამოწვევების არ მეშინია. არ აქვს მნიშვნელობა სფეროს სირთულესა თუ სპეციფიკას, თუნდაც ითვლებოდეს მამაკაცებით დომინირებულ სფეროდ.

დაბოლოს, მიყვარს სხვადასხვა სირთულის საკითხის მოგვარება, პროცესების გამარტივება, ოპტიმიზაცია. ტექნოლოგიები კი შექმნილია იმისათვის, რომ ან გაამარტივოს პროცესი ან მოაგვაროს გარკვეული სირთულე. ვფიქრობ, ყველაზე იდეალური პროფესია არის ის, სადაც მაქსიმალურად იყენებ შენს პიროვნულ თვისებებს. ამიტომაც ავირჩიე ინფორმაციული უსაფრთხოების სფერო, რადგან ჩემი მიდგომები, პიროვნული თვისებები და აზროვნება იდეალურად შეეფერება ამ სფეროს სპეციფიკას და სრულიად ვახდენ საკუთარი თავის პროფესიულ რეალიზებას.

რა არის ყველაზე საინტერესო გამოცდილება, რომელიც მიგიღიათ პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით?

ალბათ ყველა გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან დიდ საფუძველს გაძლევს ყოველ შემდეგ გამო­წვევას უფრო მომზადებული შეხვდე. თუმცა, ყველაზე უნიკალური გამოცდილება არის კიბერუსაფრთხოების ბიუროში მუშაობა. დავიწყოთ იმით, რომ ჩემამდე ორგანიზაციაში არ არსებობდა ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიცია, შესაბამისად, ყველაფრის თავიდან გაკეთება მიწევდა და თან ჩემთვისაც ახალი „ხილი“ იყო. მაგრამ ჩემი გუნდის დახმარებით, ერთად ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი და პროექტი დავნერგეთ. ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვის გარდა, ასევე კიბერუსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის წევრიც ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი კიბერ ინციდენტებზე რეაგირებაში, შემუშავებული მქონდა სხვადასხვა პროცედურა და პოლიტიკა, ვატარებდი კიბერ ჰიგიენის ამაღლების კურსებს და ტესტირებებს, და ასევე წარვადგენდი საქართველოს ნატო-სა და ევროპის სხვადასხვა ღონისძიებებში.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ასევე მრავალფეროვანი გამოცდილება მივიღე „ორიენტ ლოჯიკ“-ში მუშაობისას, სადაც გუნდთან ერთად განვავითარეთ ახალდაარსებული ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი, ავირჩიეთ სტრატეგიული პარტნიორები და ვენდორები, დავნერგეთ არაერთი საინტერესო ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილება, როგორც საბანკო-საფინანსო, სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორებში და ა.შ.

ვინ არიან ის ადამიანები, ვის რჩევასაც რადიკალური ცვლილებები გამოუწვევია? 

ასეთი პიროვნება ორია. ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე, რომელიც ასევე კიბერუსაფრთხოების სფეროში საქმიანობს. მეორე არის ჩემი ყოფილი უფროსი, იმ სამსახურის, რომელიც პანდემიისას დავტოვე. ის ჩემს კარიერაში და განვითარებაში „უხილავი ხელია“, რომელიც უსიტყვოდ, მითითებების გარეშე ახდენდა გავლენას ჩემი აზროვნებისა და მიდგომების ფორმირებაზე. საბოლო ჯამში კი დამეხმარა, მეპოვნა ჩემი თავი კარიერული თვალსაზრისით.

ჩემი დღევანდელი საქმიანობაც ჩემი სურვილის გამოხატვაა, ვიყო სხვებისთვის „უხილავი ხელი“. ამისთვის ბევრს ვშრომობ, ვხარჯავ უამრავ დროსა და რესურსს, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიო ‒ დავეხმარო სხვებს, რათა მიიღონ დასაწყისიდანვე სწორი, გაფილტრული ინფორმაცია, გაიარონ კარიერული გზა უფრო მარტივად და სწრაფად, ვიდრე მე.

რატომ არის კრიტიკულად აუცილებელი მეტი ქალი დაინტერესდეს და ჩაერთონ ამ სფეროში?

ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოების სფეროში, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, კომპეტენტური კადრების ძალიან დიდი დეფიციტია. მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, ამას მოწმობს ერთი და იმავე კომპანიების მიერ წლობით გამოცხადებული ვაკანტური ადგილები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარს სასწრაფოდ სჭირდება ახალი კადრები. მამაკაცები უფრო მეტად არიან, ზოგადად, ამ სფეროში წარმოდგენილები, ქალები კი, სამწუხაროდ, აუთვისებელ რესურსად რჩებიან. შესაბამისად, სფეროს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეტი ქალი ჩაერთოს ამ მიმართულებით. 

ასევე ყველანი ვაღიარებთ, რომ ქალებს განსხვავებული აზროვნება და მიდგომები გაგვაჩნია, ამიტომ ვფიქრობ, სფეროს მრავალმხრივი და დინამიკური განვითარებისთვის საჭიროა სხვადასხვა რესურსი და ხედვა.

თქვენი აზრით, რატომ არ აქტიურობენ ქალები და რა აბრკოლებთ მათ რეალიზდნენ იმ სფეროში, რომელიც თეორიულად ღიაა მათთვის?

პირველი მიზეზი არის საზოგადოებაში ინფორმაციისა და ცნობიერების ნაკლებობა. ქალებმა უბრალოდ არ იციან რამდენი შესაძლებლობა არსებობს მათთვის. ეს ხშირად გამოწვეულია სფეროსადმი სტერეოტიპული აღქმით. ისინი ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობისთვის აუცილებელია ტექნიკური, მათემატიკური ცოდნა. ხშირ შემთხვევებში ეს ასე საერთოდ არ არის. პირიქით, ამ სფეროში არსებობს უამრავი ქვესპეციალობა, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია მისი ცოდნის, ინტერესისა და უნარების შესა­ბამისი პოზიციის მოძიება და სასურველი ვექტორით განვითარება. კვლავ მივდივართ სწორი ინფორმაციის მოძიების კრიტიკულ მნიშვნელობამდე.

რაც შეეხება კულტურულ თუ სოციალურ სტერეოტიპებს, რა თქმა უნდა, დაბრკოლებაა. თუმცა, ჩემი პოზიცია შემდეგია: ნებისმიერი სტერეოტიპი თუ დაბრკოლება არის ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა ‒ გამოცადო საკუთარი თავი. მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ როდესაც ხარ პროფესიონალი, ასეთ დროს არც სქესს, არც ასაკს ან რაიმე სხვა სოციალურ ფაქტორს არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, როგორც პროფესიონალს არასდროს მიგრძვნია, ჩემი სქესის გამო უპატივმცემლობა ან დაკნინების მცდელობა.

რატომ გადაწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციის WICS დაარსება?

ათწლიანი გამოცდილების შედეგად აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველგან და ყოველთვის ერთადერთი ქალი ვიყავი ამ მიმართულებაში. ასევე არ მყოლია არც ერთი ქალი მენტორი ან ხელმძღვანელი. დღეს, უკვე 2021 წელია, და ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ქალია ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოების სფეროში.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

აქედან წამოვიდა იდეა შემექმნა WICS, რომლის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში ნაკლებად წარმოდგენილი ქალების გაერთიანება და დაკავშირება, მათი პოტენციალის და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, ცნობისმოყვარეობისა და ენთუზიაზმის გაღვივება აღნიშნული სფეროს მიმართ.

WICS არის და იქნება ღია თანამშრომლობის პლატფორმა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქალს, რომელიც უკვე საქმიანობს ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოების სფეროში ან სურს, რომ თავისი კარიერა დაუკავშიროს ამ სფეროს, შეუძლია გაწევრიანდეს და მიიღოს წვდომა რესურსებზე, ინფორმაციასა და კარიერულ შესაძლებლობებზე. ამიტომ, თუ ვინმე დაინტერესებულია ამ სფეროთი და აქვს სურვილი გახდეს ჩვენი პატარა საზოგადოების წევრი, ჩვენი კარი მათთვის ღიაა.

რა არის ამ ეტაპზე თქვენი, როგორც ლიდერი ქალის, გამოწვევა და მიზანი?

მინდა განვავითარო ინფორმაციული უსაფრთხოების საკონსულტაციო სფერო ისე, რომ დამკვეთებმა პრიორიტეტი მიანიჭონ საკონსულტაციო ორგანიზაციის კომპეტენციას და მისდამი ნდობას, და არ აირჩიონ სერვისი მხოლოდ ფასის მიხედვით. უსაფრთხოება ნიშნავს რისკების შემცირებას, შესაბამისად, თითოეული სერვისი თუ პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, მიმართულია ბიზნესის უწყვეტობისკენ, რისკების მართვისკენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ფასსა და ხარისხს, ცოდნას შორის კომპრომისი არ უნდა კეთდებოდეს.

ძალიან მინდა დავეხმარო ორგანიზაციებს გაათვითცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა მათი ორგანიზაციისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ორგანიზაციის ზომასა და საქმიანობის სფეროს.

10 წელი IT სფეროში – რა იყო ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ბოლო ათწლეულში გადადგით?

ყველაზე შორს რომ არ წავიდეთ, პანდემიის დროს გადავწყვიტე დამეტოვებინა სამსახური და ავირჩიე ე.წ. „ფრილანს“ სამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ვიდრე ოდესმე, სტაბილური სამსახური ყველაზე აქტუალურია. 

გადავაფასე ყველა ჩემი პრინციპი და მიდგომა და მივხვდი, რომ უნდა განვავითარო ჩემი იდეები და ვიმუშაო ჩემთვის საინტერესო პროექტებზე. ვიყო თავისუფალი პროექტის არჩევისას, არ წავიდე კომპრომისზე და გავაკეთო ისე, როგორც მე ვთვლი, რომ საუკეთესოა ორგანიზაციისთვის. ამიტომაც დავიწყე მუშაობა ინფორმაციული უსაფრთხოების კონსულტანტად და პარალელურად ვავითარებ ჩვენს პატარა ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიას „ინფინქს“-ს. ასევე, პანდემიის დროს რეალობად ვაქციე ჩემი სურვილი და დავაარსე WICS. თუ არა ასეთი დიდი გამოწვევების დროს, მაშინ როდისღა უნდა გადადგა გამბედავი ნაბიჯი იდეის რეალიზაციისთვის?!