Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: https://apply.socialimpactaward.net/georgia/. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ივნისი. 30 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა Social Impact Award-ის ორგანიზატორებთან და ჟიურის წევრებთან, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დასვას პროგრამასთან დაკავშირებული შეკითხვები. შეხვედრის ბმული აქ.
შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს 6 ფინალისტ გუნდს. ფინალისტები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი, რომელიც მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც წელს ბელგრადში (სერბეთი) გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
Impact Hub Tbilisi-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 150-მდე ახალგაზრდამ (45 გუნდი), გამოვლინდა 22 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამა ხორციელდება ტერაბანკისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით.