Sony PlayStation-ის ევოლუცია: 1994 – 2020

Photo Credits to Typeroom

თერთმეტ ივნისს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა Sony-მ, ახალი თაობის კონსოლის, PlayStation 5-ის თეთრი ფერით გაფორმებული ფუტურისტული დიზაინი წარმოადგინა. „გვინდოდა, რაღაც გულადი და გაბედული შეგვექმნა, რაღაც ისეთი, რაც პროგრესსა და მომავალს დაგვანახებდა და 2020 წლისათვის შესაფერისი იქნებოდა“ – თქვა Sony PlayStation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ რაიანმა CNET-თან ინტერვიუში.

დღეს ვიდეოთამაშების კონსოლების სფეროში იაპონური კომპანია Sony ერთ-ერთი ლიდერია – 2020 წლის მარტისათვის, ჯამურად, მსოფლიოში 450 მილიონი კონსოლი გაიყიდა. 2018 წელს, თამაშებმა და ქსელურმა სერვისებმა, რომლის ნაწილია სათამაშო კონსოლი PlayStation, Sony-ს შემოსავლების 27% შეადგინა. 2000 წელს, თამაშების წილი მხოლოდ 9 პროცენტს შეადგენდა. დღეს, PlayStation-ს 94 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთაგან 37 მილიონი – PS Plus-ის ფასიანი გამომწერია.

Sony საკმაოდ ისტორიული კომპანიაა, რომელიც დროის ცვლილებას არ შეუშინდა და მუდმივად ცვალებად საბაზრო მოთხოვნებს შეეწყო. 1946 წელს, რამდენიმე იაპონელმა მეგობარმა Tokyo Telecommunications Engineering Corporation ჩამოაყალიბა – კომპანია, თავდაპირველად რადიო-მოწყობილობების შეკეთებით იყო დაკავებული. 1958 წელს ამ კომპანიას Sony დაერქვა. საინტერესოა ამ სახელწოდების ეტიმოლოგია. ის ორი ლათინური სიტყვის შერწყმით შეიქმნა: sonic – ანუ ხმა და sonny – ახალგაზრდა ბიჭი.  როგორც ჩანს, კომპანიის დამაარსებლებს, თავიდანვე, მისი განვითარების ფართო ხედვები ჰქონდათ და სახელიც შესაფერისი შეურჩევიათ.

დროთა განმავლობაში, Sony სხვადასხვა ინდუსტრიებს მოედო, მათ შორის ელექტრონიკას, მუსიკას, ფინანსურ სერვისებს, ფოტოგრაფიასა და ვიდეოთამაშებს. 1993 წელს შეიქმნა Sony Computer Entertainment, ხოლო მომავალ წელს, Sony-მ პირველი სათამაშო კონსოლი – PlayStation – გამოუშვა, რითაც ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ფეხი საბოლოოდ აიდგა.

საინტერესოა PlayStation-ის შექმნის ისტორია: 1989 წელს, ორი იაპონური კომპანია – Nintendo და Sony – შეთანხმდნენ, რომ ვიდეოთამაშების კონსოლს ერთად შექმნიდნენ. უშუალოდ ეს კონსოლი, Super Nintendo-ს გაგრძელებლად მიიჩნეოდა, რომელსაც სი-დი-რომი ექნებოდა. მოგვიანებით, შეთანხმება ჩაიშალა, რადგან Nintendo-მ კონტრაქტი სხვა ტექნოლოგიურ გიგანტს – Philips-ს –  გაუფორმა. არშემდგარი პროექტის ერთ-ერთი პროტოტიპი, 2020 წელს აუქციონზე, 360 ათას დოლარად გაიყიდა.

Nintendo PlayStation-ის პროტოტიპი / Photo Credits to Heritage Auctions

PlayStation – 1994

Nintendo-სთან გაწყვეტილი შეთანხმების შემდეგ, ახალი სათამაშო კონსოლის შექმნას Sony-მ სამი წელი მოანდომა. თუმცა, სანამ უშუალოდ ამ კონსოლს მიმოვიხილავთ, ერთი საინტერესო ისტორიული კაზუსი გავიხსენოთ. მას შემდეგ, რაც Sony-სა და Nintendo-ს შორის არსებული შეთანხმება ჩაიშალა, Sony-მ მისი ერთ-ერთი კონკურენტი კომპანიის Sega-ს აღმასრულებელ დირექტორს ტომ კალინსკეს წინადადებით მიმართა. უკანასკნელმა ეს წინადადება Sega-ს სამმართველო საბჭოს აცნობა, თუმცა მათ ის იმ წამსვე უკუაგდეს და მოიმიზეზეს, რომ Sony-ს კარგი აპარატული უზრუნველყოფის შექმნა, უბრალოდ არ შეეძლო.

ასე და ამგვარად, კორპორაციული ბრძოლის ველზე, Sony კვლავ მარტო აღმოჩნდა. კომპანია მალევე წამოდგა ფეხზე და აპარატული უზრუნველყოფის გარდა, თამაშების წარმოებაზეც დაიწყო ფიქრი. თავდაპირველად, Sony ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობდა, ხოლო 1993 წელს, მათ ვიდეოთამაშების დეველოპერი ინგლისური კომპანია Psygnosis შეიძინეს და თამაშების წარმოება თვითონაც დაიწყეს. ამ პერიოდს ეკუთვნის ისეთი ცნობილი თამაშები, როგორებიცაა Ridge Racer, Crash Bandicoot, Tekken და Tomb Raider.

Sony PlayStation-ის წარმატება, ერთი მხრივ, კომპანიის ფინანსურმა შესაძლებლობებმა განაპირობა, რადგან მათ შეძლეს, საკუთარი პროდუქტი, ერთი წლის განმავლობაში, ოთხი კონტინენტის ბაზარზე შეეტანათ. პირველად PlayStation იაპონურ ბაზარზე გამოჩნდა, 1994 წლის დეკემბერში, სადაც ასი ათასი კონსოლი უმალვე, პირველივე დღეს გაიყიდა. ამავე წლის მაისში, Sony-მ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შეაღწია, სადაც რვაასი ათასი კონსოლი გაყიდა, ხოლო წლის ბოლომდე ევროპისა და ოკეანიის ბაზრებზეც მოხვდა.

პირველი PlayStation – 1994 წ. / Photo Credits to Gamespot

თავდაპირველ PlayStation-ს შემდეგი მონაცემები ჰქონდა: ერთბირთვიანი პროცესორი 33MHz სიხშირით, ოპერატიული მეხსიერება (RAM) – 2 მეგაბაიტი და ვიდეო მეხსიერება – 1 მეგაბაიტი, ხოლო ეკრანის გარჩევადობა 640×480-ზე. ამას გარდა, კონსოლის პირველ თაობას არ ჰქონდა შიდა მეხსიერება და ის 128 კილობაიტის მოცულობის მეხსიერების ბარათებს საჭიროებდა. თუმცა, სხვა იმდროინდელ კონსოლებთან შედარებით, ყველაზე მნიშნველოვანი განსხვავება, მაინც სი-დი-რომის არსებობა გახლდათ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კონტროლერი, რომელზეც დიზაინერმა ტეიიუ გოტომ იმუშავა. იმის გამო, რომ კონტროლერს მიმართულების ორი ღილაკის გარდა ოთხი ჰქონდა, მან ვიდეოთამაშების დეველოპერებს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა.

ამ დროს, Sony-ს მთავარი კონკურენტები Sega Saturn და Nintendo 64 იყვნენ.

2018 წელს, Sony-მ თავდაპირველი სათამაშო კონსოლი თავიდან შექმნა, თუმცა ზომაში ის, 45%-ით შეამცირა. კონსოლს, ასევე, ის რევოლუციური კონტროლერები მოჰყვება, რომელთაც ანალოგური მართვა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. კონსოლზე ჩაწერილია ოცი თამაში ოთხმოცდაათიანებიდან, მათ შორის Final Fantasy VII, Rayman, Twisted Metad და Tom Clancy’s Rainbow Six.

PlayStation Classic – 2018 წ.

PSone – 2000

საკუთარი ტექნოლოგიური ქმნილებების გამარტივებისა და ზომაში შემცირების ტრადიციას, Sony-მ ჯერ კიდევ 2000 წელს ჩაუყარა საფუძველი, როცა პირველი მოდელის უფრო მცირე ვერსია შექმნა. ბაზარზე მისი გამოჩენის დღიდან, მსოფლიოში 28 მილიონ კონსოლზე მეტი გაიყიდა. PSone-ის თავდაპირველი ვერსიის გარდა, Sony-მ ისეთი მოდელი გამოუშვა, რომელსაც ხუთინჩიანი თხევადკრისტალური დისპლეი ჰქონდა.

PSone – 2000 წ.

PlayStation 2 – 2000

2000 წელი Sony-სთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. PSone-ის გარდა, მათ კონსოლის სრულიად ახალი ვარიაცია – PlayStation 2 გამოუშვეს, რომელიც კომპანიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი აღმოჩნდა. მსოფლიოში PlayStation 2-ის თითქმის 157 მილიონი კონსოლი გაიყიდა. ამას გარდა, ამ კონსოლისათვის 3800-ზე მეტი თამაში შეიქმნა, რომელთა ჯამურმა გაყიდვებმა ერთნახევარ მილიარდს გადააცილა.

PlayStation 2-ს შემდეგი მონაცემები ჰქონდა: ერთბირთვიანი პროცესორი 294MHz სიხშირით, ოპერატიული მეხსიერება (RAM) – 32 მეგაბაიტი და ვიდეო მეხსიერება – 4 მეგაბაიტი, ხოლო ეკრანის გარჩევადობა 1920×1080-ზე. ამას გარდა, გეიმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ კონსოლში 40 გიგაბაიტის მოცულობის მყარი დისკი ჩაედგათ და საჭიროების შემთხვევაში, 8 მეგაბაიტის მოცულობის დამატებითი მეხსიერების ბარათები გამოეყენებინათ.

PlayStation 2-ზე ახალი თაობის თამაშები გამოჩნდა, რომელთაგან რამდენიმე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, მათ შორის, Grand Theft Auto III, Jak and Daxter, Rachet & Clanck. ამას გარდა, Sony-ს ამ კონსოლზე გამოვიდა რამდენიმე დამატებითი გასართობი მოწყობილობები EyeToy კამერა, SingStar mics და Buzz! Buzzers.

ამ დროს, Sony-ს მთავარი კონკურენტები Sega Dreamcast, Nintendo GameCube და Microsoft Xbox იყვნენ.

PlayStation 2 – 2000 წ.

PlayStation 2 Slimline – 2004

საკუთარ ტრადიციას Sony-მ არც 2004 წელს უღალატა, როცა PlayStation 2-ის უფრო თხელი და ჩუმი ვარიაცია გამოუშვა, რომელსაც ასევე ეთერნეტის ჩაშენებული პორტი ჰქონდა.

PlayStation 2 Slimline – 2004 წ.

PlayStation 3 – 2006

2001 წელს, სამმა გიგანტმა კომპანიამ Sony-მ, Toshiba-მ და IBM-მა გადაწყვიტეს მიკროპროცესორებზე ერთად ემუშავათ და შეიძლება ითქვას, რომ PlayStation 3 ამ სამი კომპანიის ერთობლივი შრომის შედეგია. ეს კონსოლი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან ის პირველი იყო, რომელშიც ბი-დი დისკი გამოიყენეს.

პირველად, PlayStation 3 იაპონიის ბაზარზე 2006 წლის ნოემბერში გამოჩნდა, სადაც ერთ დღეში მხოლოდ 82 ათასი კონსოლი გაიყიდა. ერთ კვირაში, კონსოლი აშშ-შიც იყიდებოდა. იმისათვის, რომ კონსოლი ეყიდათ, ადამიანები მაღაზიებთან ღამეებს ათენებდნენ. შტატ ვირჯინიის ერთ ქალაქში, მაგალითად, პოლიციას შეკრებილი ადამიანების დაშლაც კი დასჭირდა. შტატ კენტუკის ერთ-ერთ ქალაქში, ტექნიკის მაღაზიასთან შეკრებილ ადამიანებს, ვიღაცამ ცეცხლი გაუხსნა, ხოლო ინდიანაში, ღამისთევის შედეგად მაღაზიიდან გამოსული ადამიანები დააყაჩაღეს.

PlayStation 3 რამდენიმე ტექნოლოგიურ სიახლეს აერთიანებდა: ის იყო პირველი კონსოლი, რომელსაც Wi-Fi-სთან ჰქონდა წვდომა. ამას გარდა, სწორედაც ამ კონსოლის დროს შეიქმნა PlayStation Network, რომლის წყალობით სხვადასხვა პროგრამების გადმოწერა შეიძლებოდა. ამ დროს შეიქმნა PS Plus სერვისიც, რომლითაც გეიმერებს დამატებით კონტენტთან ჰქონდათ წვდომა. კონსოლს მოყვებოდა DUALSHOCK 3 კონტროლერი, რომელსაც მოძრაობის ამოცნობა და ვიბრირება შეეძლო. 2007 წელს, კონსოლის დამატებით აპარატურას PlayStation Eye კამერა დაემატა.

ამ დროს Sony-ს მთავარი კონკურენტები Nintendo Wii და Microsoft Xbox 360 იყვნენ.

PlayStation 3 – 2006 წ. / Photo Credits to Premier Pawn

PlayStation 3 Slim – 2009

საკუთარი კონსოლების დახვეწის ტრადიციას Sony-მ არც ამჯერად არ გადაუხვია და უნდა ითქვას, რომ PlayStation 3 ორჯერაც კი განაახლა.

PlayStation 3 Slim ბაზარზე 2009 წლის სექტემბერში გამოჩნდა. წინამორბედ კონსოლთან შედარებით ის უფრო თხელი და ჩუმი იყო და აღაც PlayStation 2-ის დისკებს კითხულობდა.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე გამოჩენიდან ერთ თვეში მსოფლიოში მილიონი კონსოლი გაიყიდა. 2010 წელს, კონსოლის დამატებით აპარატურას PlayStation Move-ის მოძრაობის სენსორი დაემატა, რომელმაც ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

PlayStation 3 Slim – 2009 წ.

PlayStation 3 Super Slim – 2012

კონსოლი PlayStation 3 Super Slim, ვიზუალურად, ორივე წინამორბედ მოდელს წააგავს, თუმცა ამავდროულად, ის 20%-ით – ზომაში და 25% – წონაშია შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი არაფრით განსხვავდება წინა მოდელებისგან, გარდა დიზაინისა და შიდა მეხსიერების.

PlayStation 3 Super Slim – 2012 წ.

PlayStation 4 – 2013

PlayStation 4-ზე მუშაობა, Sony-მ ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, მას მერე, რაც 2007 წელს, კონსოლის შემქმნელი მარკ სერნი მიხვდა, რომ PS3-ის რთული პროცესორი, ვიდეოთამაშების დეველოპერებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ამის გამო, 2008 წელს მან კომპანიის ხელმძღვანელობას მიმართა და პროექტის დაწყების უფლება მოიპოვა.

ამ მიდგომის წყალობით, PS4-ს განსაკუთრებული შეფასება ხვდა წილად და გაყიდვებით ის Sony-ს სათამაშო კონსოლებს შორის მეორე ადგილას აღმოჩნდა. PlayStation 4-ს პერსონალური კომპიუტერის მსგავსი აგებულება ჰქონდა, რომლისაც დეველოპერებს ბევრი რამ გაეგებოდათ. სწორედ ამის გამო, ეს კონსოლი მათთვის, ერთი სიამოვნება იყო.

ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე PlayStation 4 2013 წლის 15 ნოემბერს გამოჩნდა, სადაც ერთ დღეში მილიონი კონსოლი გაიყიდა. მას შემდეგ, ჯამურად, PlayStation 4-ის სხვადასხვა მოდელების 110.4 მილიონი კონსოლი გაიყიდა.

სწორედ ამ კონსოლზე გამოვიდა ლეგენდარული ვიდეო თამაში GTA V, რომელიც დღემდე, 130 მილიონი გაყიდული თამაშით, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ვიდეოთამაშის სახელს ატარებს.

ამ დროს, Sony-ს მთავარი კონკურენტები Nintendo Wii U და Microsoft Xbox One იყვნენ.

PlayStation 4 და PlayStation Camera – 2013 წ. / Photo Credits to Gamespot

PlayStation 4 Slim – 2016

კონსოლის ეს ვარიაცია, იმავე ტრადიციის გაგრძელებაა, რომელსაც Sony-მ ჯერ კიდევ 2000 წელს ჩაუყარა საფუძველი. PlayStation 4 Slim, მისი წინამორბედისნაირი მონაცემების მატარებელია, თუმცა ის ზომაშია შემცირებული.

PlayStation 4 Slim – 2016 წ. / Photo Credits to Sony Corporation

PlayStation 4 Pro – 2016

PlayStation-ის იმ დროისთვის არსებულ მოდელებს შორის, PS4 Pro ტექნოლოგიურად ყველაზე ძლიერი იყო – მას განსხვავებული ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები ჰქონდა და თან, 4K რეზოლუციაზე შეეძლო ფუნქციონირება.

PlayStation 4 Pro – 2016 წ. / Photo Credits to Sony Corporation

PlayStation 5 – 2020

უშუალოდ კონსოლის გარდა, Sony-მ DualSense კონტროლერის, HD ხარისხის კამერის, კონტროლერის დამტენისა და Pulse 3D ყურსასმენების დიზაინებიც წარადგინა.

კონსოლისა და მისი აღჭურვილობის ფასები კომპანიას ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუმცა შემქმნელმა მარკ სერნიმ აღნიშნა, რომ „პროდუქტის განვითარებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, კონსოლის ფასი გეიმერებისთვის მიმზიდველი იქნება“. ჯიმ რაიანმა კი განაცხადა, რომ PS5-ის ოფიციალური ვიდეოთამაშების შექმნა უფრო ძვირია, ვიდრე PS4-ის, რაც, ხშირ შემთხვევაში, გასაყიდ ფასზეც აისახება. მან ასევე განაცხადა, რომ Sony კონსოლის უდისკო, სრულად ციფრულ ვერსიასაც გამოუშვებს.

PlayStation 5 და სხვა მოწყობილობები – 2020 წ. / Photo Credits to Sony Corporation

კონსოლის გარდა Sony-მ ოცზე მეტი ვიდეოთამაში წარმოადგინა, მათ შორის, Spider Man: Miles Morales, NBA 2K21, Ghostwire Tokyo, Horizon: Forbidden West, Gran Turismo 7 და Hitman III.

ბაზარზე Sony-ს ახალ კონსოლს 2020 წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში, უნდა ველოდოთ.