ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენი ძლიერი მომავალია | ინტერვიუ სოფიო ბოჯგუასთან

თუ იმ ქვეყანაში დაიბადე ქალად, სადაც ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად გენდერული თანასწორობის მიღწევა რჩება; სადაც უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა; სადაც ქალების გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების კონცეფცია დაკავშირებულია მათ წინააღმდეგ მიმართული სტრუქტურული დისკრიმინაციის სისტემასთან და სადაც საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, დიდი შანსია, კითხვაზე – რაშია, შენი, როგორც ქალის ძალა? – პასუხი არც ისე ოპტიმისტური იყოს, რადგან ხშირად, ქართველი ქალების ყოველდღიურ გამოწვევად, სიცოცხლის უფლების დაცვა და დისკრიმინაციის სამართლებრივი, ადმინისტრაციული, სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა კომპლექსური ფაქტორების შეჩერება წარმოადგენს.

აღნიშნულ გარემოებებში, ქალები რთულად ახერხებენ სათანადო რეაგირებას თავიანთი ფიზიოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე. განსაკუთრებით, როდესაც საქმე გინეკოლოგიას ეხება, როგორც ახალგაზრდა გოგონები, ისე ზრდასრული ქალები, ხშირად არ არიან საკმარისად ინფორმირებულები, ხოლო ქალთა ჯანმრთელობის და სექსუალობის მიმართ გავრცელებულმა სტერეოტიპებმა შეიძლება კრიტიკულ ან თუნდაც ლეტალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

თუმცა, ამ მასშტაბური დისკრიმინაციული ფონის გარღვევა, სწორედ ერთეული შემთხვევებით იწყება, როდესაც ქალები იჯერებენ, რომ მიუხედავად მძიმე გარემო პირობებისა, თავდაუდებელი შრომის ფასად, ისინი ნებისმიერ ომს მოიგებენ, პირველ რიგში საკუთარ თავებს, შემდეგ კი სხვა ქალებს დაუმტკიცებენ, რომ ცვლილებები შესაძლებელია, აუცილებელია და ის თითოეული ჩვენგანით იწყება.

აი ამ მხრივ კი ქართველ ქალებს ნამდვილად გაუმართლა, რადგან ქალთა ჯანმრთელობის სპეციალისტი, კლინიკა “მიზოუნის” ექიმი-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი სოფიო ბოჯგუა ათასობით ქართველი ქალის არა მხოლოდ მკურნალი, არამედ ექიმი-იმედია, რომელსაც არასდროს დაავიწყდება შეგახსენოს, რომ “შენ შეგიძლია” და პრობლემის სიმძიმის მიუხედავად, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სოფიო აქტიურადაა ჩართული ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე ქალთა გაძლიერებისთვის საჭირო სხვადასხვა მიდგომების დანერგვაში.

თუ მისი პაციენტი ხარ, მაშინ შენ აუცილებლად გეყვარება საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, აუცილებლად იქნები ინფორმირებული, თუ როგორ აკონტროლო და დაიცვა თავი დაავადებებისგან, როგორ მოემზადო ორსულობისთვის და დაგეგმო მშობიარობის საკითხები ისე, რომ ერთი წუთითაც არ შეგეშინდეს, პირიქით, ამაყობდე, რომ დაიბადე ქალად და საკუთარი თავის განუმეორებელი შესაძლებლობების გჯეროდეს.

დინა ოგანოვა (UNFPA)

რამ გიბიძგათ თქვენი პროფესიის არჩევისაკენ?

ჯერ კიდევ ბავშვობაში, ზუსტად ვიცოდი, რომ მოძრაობა და განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო. მე იღბლიანი ვარ, რადგან ჩემი მშობლებისთვის მნიშვნელოვანი იყო მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა მქონოდა. ყოველთვის ვიცოდი – შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

მამა პედიატრია, რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ბავშვობაში მეც პედიატრობა მინდოდა, მერე ფსიქიატრობაზეც ვფიქრობდი, სექსოლოგობაზეც, მაგრამ საბოლოოდ ჩემი არჩევანი პირველი მშობიარობის ნახვამ განაპირობა, რომელიც ძალიან რთულად მიმდინარეობდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს პროცესი არც მე და არც სხვა ქალებს ასე მძიმედ არ უნდა გადაეტანათ. დღესაც სწორედ ამ გადაწყვეტილებას მივყვები, ვზრუნავ იმაზე, რომ „ჩემი“ ორსულები მშობიარობას მომზადებულები, გაცნობიერებულად ხვდებოდნენ. მათ იციან რა და როგორ უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათი შვილი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ დაიბადოს.

ამჟამად თქვენს ერთ-ერთ სამსახურს ქალთა კლინიკა “მიზოუნი” წარმოადგენს. რატომ გადაწყვიტეთ ამ სივრცეში მუშაობა?

„მიზოუნი“ ჩემი კომფორტის ზონა და პაციენტთან ურთიერთობის საოცნებო მოდელია. გინეკოლოგთან ვიზიტი საკმაოდ ინტიმური გამოცდილებაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალს შეეძლოს მისთვის კომფორტულ გარემოში დაელაპარაკოს ექიმს იმ სენსიტიურ საკითხებზე, რაც მას ადარდებს. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ამ კომფორტის შეგრძნების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მიზოუნში“ მე შემიძლია პაციენტს დავუთმო დრო, ვიზრუნო მასზე, მივცე ყველანაირი ინფორმაცია, რეკომენდაცია და რაც მთავარია, დაცულობის და კონფიდენციალურობის განცდა.

თქვენი გამოცდილებით, რამდენად მართებულად აღიქმება ჩვენს საზოგადოებაში ქალთა ჯანმრთელობის საკითხი? აქვთ თუ არა ქალების უმეტესობას ამ მხრივ საკმარისი ინფორმაცია? და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ მიმართულებით ინფორმაციის ნაკლებობამ?

ქალთა ჯანმრთელობის საკითხებში ინფორმაციის ნაკლებობამ შეიძლება ქალს დაუზიანოს ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა, მიიყვანოს უშვილობამდე და ფატალურ შედეგამდეც კი.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც გაცილებით მეტი რესურსი იხარჯება ქალთა ინფორმირებაზე, ასობით ათასი ქალი ხდება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს მსხვერპლი. თუმცა დროული რეაგირების შემთხვევაში კიბოს თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია.

ჩემი აზრით, ჩვენთან ბევრია სამუშაო ინფორმირებაზე, სკრინინგზე, პროფილაქტიკაზე.

ეს ის საკითხია, რაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ, თუ რა უნდა გავაკეთო პირადად მე, როგორც ექიმმა, რომ ჩემს პაციენტებს ჩემთან მოსვლის არ ეშინოდეთ, ვიზიტს თავს არ არიდებდნენ, რამდენი დრო უნდა დავუთმო და რამდენი ინფორმაცია უნდა მივცე, რომ გინეკოლოგს, მხოლოდ სამკურნალოდ კი არა, პროფილაქტიკის მიზნითაც მიმართავდნენ.

მნიშვნელოვანია ქალებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა შევაყვაროთ. ამაზე ინფორმირება სკოლიდან უნდა იწყებოდეს, თანაც არა მხოლოდ გოგოებისთვის, ვაჟებისთვისაც. მათ ბევრი უნდა იცოდნენ, როგორც საკუთარი, ასევე ქალის რეპროდუქციული საკითხების შესახებაც, რომ ჰქონდეთ მეტი ემპათია.

მშობლებმა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციაზე, მათ შორის პაპილომავირუსის ვაქცინაზე, რომ ბავშვი 9-დან 14 წლამდე ასაკში უნდა აიცრას და ვაქცინა ბიჭებისთვისაც არის საჭირო. ასევე უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ შვილებს საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ სქესობრივი ცხოვრების დაწყების, კონტრაცეფციის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.

ძალიან ბევრი რამის ცოდნაა საჭირო და ეს ინფორმაცია უბრალოდ ხელმისაწვდომი კი არ უნდა იყოს, არამედ ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა გვხვდებოდეს. თან ამაზე საუბრის არ უნდა გვერიდებოდეს.

ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენი მომავალია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ და საიდან მოვდივართ.

როდესაც საქმე ქალთა ჯანმრთელობას და კერძოდ გინეკოლოგიას ეხება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ჰქონდეთ ნდობა იმ კლინიკებისა და სპეციალისტების მიმართ, რომლებსაც საკუთარ ჯანმრთელობას მიანდობენ? მეორე მხრივ, სამედიცინო დაწესებულებების და სპეციალისტების მხრიდან რა სტანდარტების დაცვაა საჭირო?

ნებისმიერ ექიმთან მიმართვისას ნდობა აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა გინეკოლოგიაში, მგონია, რომ ამ ნდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისთვისაც კი, რომ უბრალოდ დაელაპარაკო ექიმს იმ თემებზე, რაზეც საზოგადოებაში არ ვლაპარაკობთ, აუცილებელია მას ენდობოდე. ოღონდ ენდობოდე არა მხოლოდ კვალიფიციურად, არამედ იცოდე, რომ ის საკითხს განსჯის გარეშე მიუდგება – პროფესიულად და არა პირადი მორალის გადასახედიდან.

ვფიქრობ, საკუთარი თავის პატივისცემის საკითხია, რომ პაციენტს ცუდად არ აგრძნობინოს თავი ექიმმა ან მედპერსონალმა.

ალბათ ეს დიდი რესურსის ჩადებას საჭიროებს, როგორც სამედიცინო პერსონალთან, ასევე განათლებაშიც, მაგრამ, მინდა პაციენტებს არ უწევდეთ მოისმინონ შეკითხვა „გათხოვილი ხარ?“ ნაცვლად ამისა – „გაქვს თუ არა სექსი?“

მინდა, პაციენტს ეჭვი არ უჩნდებოდეს, რომ კითხვა სქესობრივ პარტნიორებზე რისკ-ფაქტორების შეფასებისთვის ისმევა და არა პაციენტის პირადი ცხოვრების დეტალების გასაგებად.

პაციენტი უნდა გრძნობდეს, რომ მის ჯანმრთელობაზე ორივე მხარე ზრუნავთ.

გარდა სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის გავრცელებაში. რა მეთოდებით აკეთებთ ამას?

ინფორმირების მნიშვნელობა ყველაზე კარგად ონკოგინეკოლოგიაში მუშაობის გამოცდილებამ დამანახა. აქ ყველაზე მკაფიოდ ჩანს რომ ინფორმაციის ქონა, პროფილაქტიკა და დროული დიაგნოსტიკა ძალიან ხშირად არის ზღვარი მარტივ, სწრაფ და ძალიან ხანგრძლივ, მძიმე მკურნალობას შორის. ზღვარი, რომელიც ძალიან ხშირად გაცდენილი იყო.

სამწუხაროდ ასეთ სიტუაციებს, ექიმები ხშირად ვხვდებით.

გამიჩნდა სურვილი, რომ ექიმებმა საზოგადოების სხვა წევრებს გავუზიაროთ ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარებათ ამ ზღვრის აქეთ დარჩნენ. სწორედ ამ მიზნით დავაფუძნე არასამეწარმეო ორგანიზაცია „ექიმები საზოგადოებისთვის,“ სადაც ჩემი მეგობრები და კოლეგები ერთად ვცდილობთ მარტივ და გასაგებ ენაზე მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

ჩვენ შევეხეთ ისეთ თემებს როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდები, ორსულობა, მშობიარობის შემდგომი „ბლუზი,“ მენოპაუზა, ქალთა სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებები.

თქვენი უახლესი წამოწყებაა “სოფიო ბოჯგუას მშობლობის აკადემია.” ვისთვისაა ეს პროექტი და რა არის მისი მთავარი მიზანი?

მშობლობის აკადემია არის ჩემი ოცნების პროექტი. წლების განმავლობაში ბევრ ჩემს პაციენტთან მისაუბრია ოჯახის დაგეგმვაზე, შვილის გაჩენის სურვილზე, რეპროდუქციულ რესურსზე, კვების ჰიგიენაზე, ორგანიზმის ორსულობისთვის მომზადებაზე, ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ სირთულეებზე, ჯანმრთელი ორსულობისთვის საჭირო პრაქტიკებზე და რუტინებზე, მშობიარობისთვის დამახასიათებელი ტრავმების თავიდან არიდებაზე, მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციაზე, ბლუზზე და თანადგომაზე. ამ საკითხებზე საუბარი ძალიან ბევრი მომავალი დედისთვის არის საჭირო, არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, თვითონ საუბარიც კი ფასეულია, კითხვის დასმის შესაძლებლობა, შიშის ან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის განხილვა.

თუმცა ამ საუბრებში მხოლოდ ქალის მონაწილება არ არის სწორი. ეს თემები საერთოა ორივე მშობლისათვის და პარტნიორის ჩართულობა ყველა ამ ეტაპზე არის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ორსულობის, მშობიარობის და მშობლობის საწინდარი.

სწორედ ეს არის სოფიო ბოჯგუა მშობლობის აკადემია – ადგილი, ამჟამად ონლაინ ბაღი, სადაც მომავალი მშობლები და სხვადასხვა დარგის ექსპერტები ვსაუბრობთ ამ საკითხებზე.

დინა ოგანოვა (UNFPA)

ქალთა ჯანმრთელობის და სექსუალობის მიმართ გავრცელებულმა სტერეოტიპებმა რა კრიტიკულ ან თუნდაც ლეტალურ შედეგებამდე შეიძლება რომ მიგვიყვანეს? რა უნდა მოვიმოქმედოთ რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი შემთხვევები?

სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით მართლაც შესაძლებელია კრიტიკული და ლეტალური შედეგიც და ასეთი შედეგები არც თუ ისე იშვიათია. თუნდაც სქესის ნიშნით აბორტის პრაქტიკის არსებობა უკვე ცხადყოფს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბევრი შრომაა საჭირო ამ მიმართულებით. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ასეთი შემთხვევები? მეტად ინფორმირება, მეტი ჯანმრთელი აზრი, მეტი ურთიერთპატივისცემა სქესებს შორის და მეტი ემპათია.

რაზე არ ვსაუბრობთ, რაზეც უნდა ვსაუბრობდეთ?

დღესდღეობით, უმთავრესია ვისაუბროთ COVID 19-ის ვაქცინაზე, რომ მზად დავხვდეთ იმუნიზაციას და არ გადავდოთ ის. მისი შექმნა Katalina Kariko-ს რნმ თეორიას დაეფუძნა და წელს ის ალბათ ნობელიანტიც გახდება.

ასევე უნდა ვისაუბროთ ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინაციაზე ორივე სქესისთვის, ბავშვობაში და შემდგომ ასაკში, ამით უფრო შევამცირებთ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების რაოდენობას.

უნდა ვისაუბროთ მეტი კონტრაცეფციის მეთოდებზე და ოჯახის დაგეგმვაზე, ამით შევამცირებთ აბორტების რაოდენობას.

უნდა ვისაუბროთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ამით ძალიან ბევრ ადამიანს ვიხსნით სტრესისგან და გავუზრდით სიცოცხლის ხარისხს.

უნდა ვისაუბროთ რეპროდუქციულ ასაკზე და სხვადასხვა ფაქტორების გავლენაზე ქალის და ასევე მამაკაცის რეპროდუქციულ პოტენციალზე, ამით აღმოვფხვრით ძალიან მძიმე უშვილობის პრობლემას.

უნდა ვისაუბროთ სქესობრივ განათლებაზე, ამით ძალიან ბევრ ახალგაზრდას გავუმარტივებთ ცხოვრებას თავისთავად რთულ ასაკში.

უნდა ვისაუბროთ მეტი ჯანმრთელობის მართვაზე, სწორ და დროულ მედიცინაზე, პროფილაქტიკაზე, სკრინინგზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობებზე, მენოპაუზაზე, გენეტიკურ დაავადებებზე. უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც კი ადამიანს აწუხებს და ვეცადოთ, რომ მისი ცხოვრება ოდნავ მაინც უკეთესი გავხადოთ.

რა არის ის მიდგომები, რისი დანერგვაც ყველაზე მეტად გსურთ ლოკალურად, ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით?

ჩემს მიკრო სამყაროში ჩემი პაციენტები უკვე დროულად მოდიან შემოწმებაზე, იციან როგორ გამოიცნონ პათოლოგია, იციან როგორ არ დააგვიანონ შვილოსნობა, ვინაიდან ეს დეტერმინირებულია.

მინდა მეტი ვიმუშაო მენოპაუზაზე და მოვხსნა ეს საშინელი კლიშე, თითქოს მენოპაუზა სირცხვილია და დაბერებასთან ასოცირდება. მინდა ორსულობა და მშობიარობა ვაქციო ჩემი პაციენტების საოცარ და სასიამოვნო გამოცდილებად, შეგნებულ პროცესად.

მინდა მეტი ვისაუბრო მოზარდებთან, იმაზე თუ როგორ უნდა იზრუნონ საკუთარ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მოზარდობიდან.

კოვიდი და ქალები – ამ მხრივ რა პრობლემების წინაშე დავდექით ქალები, რისი გათვალისწინება გვმართებს ახლა ყველაზე მეტად? სიფრთხილის რა განსაკუთრებული ნორმების დაცვაა საჭირო ორსულებისთვის, რისკ-ჯგუფში მყოფი ქალებისთვის?

რეკომენდაციები ემყარება ისრაელის, ჩინეთის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის მეანგინეკოლოგთა ასოციაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრის (CDC) ორსულობის და მშობიარობის დროს COVID-19 ინფექციის მართვის გაიდლაინებს.

ორსულობის დროს იმუნურ და კარდიო-პულმონარულ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო, ორგანიზმი მეტად განწყობილია ვირუსული ინფექციით გამოწვეული რესპირაციული გართულებების მიმართ. თუმცა, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოსახლეობის ზოგად პოპულაციასთან შედარებით ორსულები უფრო მგრძნობიარენი არიან COVID-19-თან მიმართებაში, ან რომ მეტად მიდრეკილნი არიან მძიმე პნევმონიის განვითარებისკენ. COVID-19-ით ინფიცირებული ორსული ქალების ორსულობის შეფასებისა და მართვის შესახებ ინფორმაცია ძალიან მცირეა, ხოლო ვერტიკალური გადაცემის პოტენციური რისკი დღეისათვის უცნობია. არსებული ლიმიტირებული ინფორმაციის საფუძველზე და მსგავსი ვირუსული ინფექციების შესახებ არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, პაციენტთა კლინიკური მართვისთვის შემოთავაზებულია ექსპერტთა რეკომენდაციები.

თავისთავად COVID-19 ინფექცია არ წარმოადგენს მშობიარობის დაჩქარების მიზეზს.

COVID-19 ინფექციაზე დადასტურებული/სავარაუდო ქალების მშობიარობა უნდა ჩატარდეს იზოლირებულ/პრივატულ პალატაში. COVID-19 ინფექციაზე დადასტურებული/სავარაუდო ქალების მშობიარობის დროს შესაძლებელია როგორც ეპიდურული, ასევე, სპინალური ანალგეზიის გამოყენება. COVID-19-ით ინფიცირებული ორსულის მართვა უნდა მოხდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ (მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ინფექციური სნეულებების სპეციალისტი, ბებიაქალი, ვირუსოლოგი, მიკრობიოლოგი). აუცილებელია წახალისდეს ძუძუთი კვება, კორონავირუსით ინფიცირებულ დედას გარკვეული წესების დაცვით შეუძლია ახალშობილის ძუძუთი კვება.

რამდენად აისახება ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის საკითხი ჩვენს ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე? თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა დღესდღეობით ქალებში ამ მხრივ და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს?

ეს საკითხი ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანის ჯანმრთელობა განისაზღვრება ფიზიკური, მენტალური, სოციალური კეთილდღეობით და არამარტო ავადმყოფობისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობით. როგორც მენტალური ჯანმრთელობა არის დამოკიდებული ფიზიოლოგიურზე, ასევე პირიქით.

ჩემი პროფილიდან გამომდინარე, ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებად დავასახელებ მშობიარობის შემდგომ “ბლუზს” და მენოპაუზას. ორივე შემთხვევაში საჭიროა ამ მდგომარეობის დროული გამოვლენა, აღიარება და შემდეგ სწორი მართვა სპეციალისტთან ერთად, ხოლო მის დასაძლევად კი აუცილებელია ახლობელი ადამიანების თანადგომა.

რა არის თქვენი მიზნები? ოცნებები? სამომავლო გეგმები?

ჩემი მიზანია გავიზარდო პროფესიულად, შევძლო დავეხმარო მეტ ადამიანს, მაგრამ არ დავკარგო ის ურთიერთობა ჩემს პაციენტებთან, რაც დღეს მაქვს, არ ვიქცე გადაღლილობისგან გულგრილ ექიმად. ჩემი პროექტები „ექიმები საზოგადოებისათვის“ და „სოფიო ბოჯგუას მშობლობის აკადემია“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ამჟამად ვგეგმავ მეტ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას და ჩემს დისერტაციაზე მუშაობის დასრულებას. როგორც ექიმი, ვოცნებობ, რომ ქალებს ჰქონდეთ საკუთარი ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჩვევა.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი? რაშია ჩვენი, ქალების ძალა?

ზოგადად, ორივე სქესის ძალა არის განათლებაში, ცოდნაში, საკუთარი თავის და სხვის პატივისცემაში.

მშობიარობის მაგალითზე ვიტყვი – ორსულობა და მშობიარობა საზოგადოებაში თითქოს “შაბლონურად პოზიტიურად” აღიქმება, მაგრამ ქალებისთვის, ხშირ შემთხვევაში, ფარული ნეგატივით გაჟღენთილი გამოცდილებაა ხოლმე. ახალი სიცოცხლის დაბადების საოცარ მოვლენას ქალებისთვის დიდი ემოციური და ფიზიოლოგიური დატვირთვა ახლავს თან. სამწუხაროდ, სირთულეებთან, რომელიც ამ პროცესის თანმდევია გამკლავებას არ გვასწავლიან და არც დახმარების ხელს გვაწვდიან. პირიქით, ჩვენი პრობლემები, სტრესი, განცდები ზოგჯერ არასერიოზულად აღიქმება, მათ შორის ქალების მხრიდანაც. ხშირად გვესმის: “აბა რა გეგონა?” “ეს ჰორმონების ბრალია, ასე რომ იქცევი,” “ადრე სახლშიც მშობიარობდნენ, სად იყო გაუტკივარება და კომფორტი ჩვენ დროს.”

ასეთი გულგრილი მიდგომა ძალიან გულსატკენია, განსაკუთრებით ქალებისგან.

თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება, მხოლოდ მშობიარობით არ შემოიფარგლება. ძალიან ხშირად სწორედ ქალები ხდებიან ქალების განმკიცხველები, მაშინ როდესაც ასე ცოტაა საჭირო – თანადგომა და ემპათია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.