SpaceX აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის რაკეტების სამეთვალყურეო თანამგზავრებს დაამზადებს

აშშ-ის კოსმოსური განვითარების სააგენტომ (U.S. Space Development Agency) ილონ მასკის SpaceX-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია 149 მილიონ დოლარს მიიღებს და პენტაგონისთვის რაკეტების სამეთვალყურეო თანამგზავრებს დაამზადებს.

SpaceX-ს უკვე აქვს გამოცდილება თანამგზავრების დამზადებაში, ვინაიდან Starlink მისიის ფარგლებში ასამდე თანამგზავრი გაუშვა ორბიტაზე. უშუალოდ Starlink მისიისათვის აგებული თანამგზავრების ასაწყობი პლატფორმა ვაშინგტონში კონკრეტული კონტრაქტის მიზნების განხორციელებასაც დაეხმარება.

აშშ-ის კოსმოსური განვითარების სააგენტოს განმარტებით, SpaceX ოთხ თანამგზავრს დაამზადებს, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ფართოკუთხოვანი ინფრაწითელი რაკეტების ამომცნობი სენსორებით.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კოსმოსური განვითარების სააგენტომ მსგავსი კონტრაქტი L3 Harris-თანაც გააფორმა, რომელიც კიდევ ოთხ ამგვარ თანამგზავრს დაამზადებს. შესაბამისად, ჯამში პენტაგონი რვა თანამგზავრს მიიღებს.

გეგმის მიხედვით, თანამგზავრები 2022 წლის შემოდგომისათვის მზად უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ SpaceX სახელმწიფოს დავალებით პირველად მუშაობს პროექტზე და მისი წარმატების შემთხვევაში, აშშ კიდევ 30 თანამგზავრის შეკვეთას გეგმავს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.