თბილისი რეგიონის ყველაზე მასშტაბურ სტარტაპ ღონისძიებას მასპინძლობს. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მიმართავს. Startup Grind-ის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დიპოლომატიური კორპუსის წამომადგენლები. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ.

 

კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები არიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ. რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: startupgrind.ge