მილანი არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთლიანად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. ქალაქში ცხოვრება ყოველწლიურად ძვირდება, რაც სტუდენტებს საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯების გადახდას კიდევ უფრო ურთულებს. მილანის შვიდ უნივერსიტეტში 180,000-მდე სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 65 000 სწორედ სწავლის მიზნით ჩამოდის.
შედარებით დაბალშემოსავლიან სტუდენტებს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებით სარგებლობის უფლება აქვთ, თუმცა არც აქ არის საკმარისი ადგილები. სტუდენტების მხოლოდ 38% კმაყოფილდება საცხოვრებლით სწავლის განმავლობაში.
მილანში ერთი თვის სტუდენტური ქირა ეროვნული საშუალო ქირის მოცულოვას ბევრად აღემატება. თუკი იტალიაში ერთი ოთახის ქირაობის საშუალო ღირებულება თვეში 402 ევროა, მილანში ეს თანხა 543 ევროს სცდება. ცენტრალურ უბნებში ან უნივერსიტეტის შენობებთან ახლოს მდებარე ოთახები კი თვეში 600 ევროზე მეტადაც კი ფასდება.
ამასთან, ქალაქში 314,000 ხანდაზმული ცხოვრობს, ძირითადად კი ქალები, რომლებიც იმაზე დიდ სახლებში ცხოვრობენ, ვიდრე მათ სინამდვილეში სჭირდებათ.
ამ პრობლემის გადასაჭრელად იტალიურმა ასოციაციამ „MeglioMilano“ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა „იშვილე სტუდენტი“. პროგრამის ფარგლებშიც 15 წლის განმავლობაში 600-მდე „კოჰაბიტაცია“ შედგა. აღნიშნულმა პრაქტიკამ სტუდენტებს ფინანსების დაზოგვის, ხოლო ხანში შესულ ადამიანებს მარტოობასთან გამკლავების საუკეთესო საშუალება მისცა.
საგულისხმოა, რომ მასპინძლების საშუალო ასაკი 79 წელია – შემთხვევების 76%-ში კი ქალია მასპინძელი.