უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებსა და ბაზრის მოთხოვნებთან, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გლობალური კონკურენციის პირობებში, საჭიროა ისეთი პროფესიონალების მომზადება, რომლებიც შეძლებენ თავი დაიმკვიდრონ ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე – ამ მხრივ, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ია, რომელიც რეგიონში ლიდერ პოზიციაზეა ეკონომიკის სწავლების მიმართულებით.
ISET-ს დღეს თამარ სულუხია ხელმძღვანელობს – არქიტექტორი/ურბანისტი, მეცნიერებათა კანდიდატი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. თამარი წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკის ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების პროგრამებს ხელმძღვანელობდა თურქეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და მოლდოვაში. 2019 წელს კი მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო სამშობლოში და სათავეში ჩადგომოდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასა (ISET) და ISET კვლევით ინსტიტუტს.
უმაღლეს განათლების როლი ქვეყნის განვითარებაში, გამოწვევები და შესაძლებლობები, გლობალური პანდემიის გავლენა – სწორედ ამ თემებზე უზიარებს რესპოდენტი საკუთარ მოსაზრებებს Forbes Woman-ის მკითხველებს.
მთავარი გამოწვევები, რომელთაც დღეს ქართული უმაღლესი სასწავლებლები უნდა პასუხობდნენ
უმაღლესი განათლების სისტემა დღეს ბევრად ახლოსაა საერთო ევროპულ და ზოგადად, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან, ვიდრე უკანასკნელი ათწლეულის დასაწყისში. თუმცა, არსებობს მრავალი მიმართულება, რომელთა გაუმჯობესებაც კვლავ გამოწვევად რჩება ქართული უნივერსიტეტებისთვის.
პირველი ასეთი გამოწვევა განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უკავშირდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთიანობაში გამოხატავს ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს საგანმანათლებლო სექტორში გვაქვს. აკმაყოფილებს თუ არა უნივერსიტეტი საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს, არის თუ არა იგი კონკურენტუნარიანი, ვამზადებთ თუ არა პროფესიონალებს, რომლებიც შეეფერებიან გლობალურ სამყაროს და საბაზრო მოთხოვნებს – ეს არის ძირითადი შეკითხვები.
მსურს ცალკე გამოვყო ერთი გამოწვევა – აკადემიური პერსონალი, რომელიც გადასცემს ცოდნას მომავალ თაობას. კვალიფიციური და საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური პერსონალის ჩართვა სწავლების პროცესში უნივერსიტეტის მისიის წარმატების საწინდარია. ადგილობრივი და გლობალური შრომის ბაზრის შესატყვისი პროფესიონალების მომზადება დიდწილად მაღალი დონის პროფესორების ყოლაზეა დამოკიდებული. სწორედ ამაზეა დაფუძნებული საყოველთაოდ აღიარებული უნივერსიტეტების წარმატება, იქნება ეს ოქსფორდის უნივერსიტეტი, ჰარვარდი თუ მრავალი სხვა. მათთან აკადემიური გუნდი სტუდენტებს გადასცემს მსოფლიო დონის ექსპერტიზას, პროფესიულ ფასეულობებსა და გამოცდილებას და ახალი კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე და სამეცნიერო სფეროში ყოველთვის სასურველი კანდიდატები არიან.
იმისთვის რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა მოვიზიდოთ მეტი მსოფლიო სტანდარტის პროფესორი. ამით უფრო ეფექტურად გავუმკლავდებით გამოწვევებს – კავშირი შრომის ბაზარსა და განათლების სფეროს შორის თვისებრივად გაუმჯობესდება. შესაბამისად, კურსდამთავრებულები შეძლებენ უფრო მარტივად იპოვონ თავიანთი კვალიფიკაციისთვის შესაბამისი სამსახური, ღირსეული ანაზღაურებით, და მეტი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა გლობალურ კონტექსტში
გლობალიზაციის ტემპისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ეკონომიკა კონკურენციაშია სხვა ქვეყნებთან და შესაბამისად უნდა გვქონდეს კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სისტემა. აუცილებელია ყურადღებით ვადევნოთ თვალყური გლობალურ პროცესებს ამ სფეროში და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიყოთ მყისიერი რეაგირებისთვის. დღეს ახლოს ვართ საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან – ვართ ბოლონიის პროცესის ნაწილი, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის (ENQA) წევრი, განათლების საფეხურები, უნივერსიტეტების მმართველობითი ფასეულობები და ორგანიზაციული კულტურა მეტად უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, თვისებრივად უმჯობესდება კურიკულუმები, შეფასების მეთოდოლოგია, სწავლების მეთოდები, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუციონალიზება ლოკალურ კონტექსტში. შესაბამისად, ბმა გლობალურ განათლებასთან სახეზეა, თუმცა ჩვენ განათლების გლობალურ რუქაზე ჯერ შეუიარაღებელი თვალისთვის არ ვჩანვართ.
უდიდესი განსხვავება ჩვენს უნივერსიტეტებსა და მსოფლიოს წამყვან სკოლებს შორის არის ის, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით მოწინავე პოზიციებზე მყოფ ქვეყნებში, განსხვავებით საქართველოსგან, ძლიერი ბმაა მეცნიერებასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. სამეცნიერო კვლევის არარსებობა ან სიმწირე ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის სუსტი წერტილია. უამრავი ჩვენთვის და მსოფლიოსთვის ცნობილი სამეცნიერო კვლევა სწორედ საუნივერსიტეტო ბაზაზე მიმდინარეობს, მათ შორის, პანდემიის პირობებში ყველასთვის ცნობილი ვაქცინების შემუშავება და გამოცდა. მეცნიერული მოღვაწეობა არის საწინდარი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კერის წარმატების, ცოდნის შემუშავების, დაგროვებისა და გადაცემის. ეს ბევრ მნიშვნელოვან შესაძლებლობას აჩენს ქვეყნისთვის, შესაბამისად, ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის გაწევა უფრო დაგვაახლოვებს გლობალურ გამოცდილებასა და ტენდენციებთან.
ამას ისევ მივყავართ პროფესურის, ანუ აკადემიური პერსონალის საკითხთან. ჩემი აზრით, უახლეს ცოდნასა და გამოცდილებასთან სწრაფად დაახლოების სტრატეგია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარების სასწავლო პროცესში ჩართვას ეფუძნება. დღეს ბევრი ქართველი ახალგაზრდა საყოველთაოდ აღიარებული უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ფლობს, თუმცა საქართველოში არ დაბრუნებულან. მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს მათი ჩართვა ჰიბრიდულ და ონლაინ სწავლებაში – ჩვენ შევძლებთ სტუდენტებს გავუზიაროთ მეთოდოლოგია, პრაქტიკა და თეორია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან. საქართველოს განათლების სისტემაში პანდემიამ ამის შესანიშნავი შესაძლებლობა შეგვიქმნა. ჩვენ, ISET, ამ შესაძლებლობას სულ უფრო მეტად ვიყენებთ და სასწავლო კურსში ერთვებიან ჩვენი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელთაც ჩვენთან სწავლის შემდეგ უკვე მოიპოვეს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ერთვებიან რა სასწავლო კურსში, ისინი გლობალური დონის ცოდნას, პროფესიულ სტანდარტსა და ფასეულობას უზიარებენ ჩვენს სტუდენტებს.
შრომის ბაზარი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია მის ადამიანურ რესურსებში ინვესტირება, მათ შორის, განათლებაში. შესაბამისად, განათლების სფეროს განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შორის ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო კავშირია.
დღევანდელ ციფრული ტექნოლოგიების გლობალურ სამყაროში შრომითი ბაზარი სწრაფად ვითარდება – ის მიყვება გლობალურ პროცესებს და აქვს შესაბამისი მოთხოვნები უნარებსა და ცოდნაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, განათლების სფერო ამზადებდეს პროფესიონალებს შესაბამისი ინტელექტუალური, სამეცნიერო თუ ტექნიკური უნარ-ჩვევებითა და შესაძლებლობებით, რათა მათ დააკმაყოფილონ ადგილობრივი და გლობალური შრომის ბაზრის მოთხოვნები.
ეს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდის, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად შესრულების საფუძველია. სამწუხაროდ, გვაქვს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ამ მიმართულებით, რაზეც შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლებიც მიგვითითებს. მაგალითად, საერთაშორისო კვლევით საქართველო 144 ქვეყანას შორის 125-ე ადგილზეა მუშახელის უნარების მიხედვით. ეს თავისთავად ახდენს გავლენას გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსზე, სადაც ასევე არ ვართ სახარბიელო პოზიციაზე.
სერიოზული გამოწვევაა უმაღლესი განათლების დონისა და ანაზღაურების სუსტი შესაბამისობა. საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირის ანაზღაურება მხოლოდ 26%-ით აღემატება უმაღლესი განათლების არმქონე პირისას, მაშინ, როდესაც OECD-ის წევრ ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 56%-მდე აღწევს. ეს მოტივაციური საკითხია – იკარგება განათლების უპირატესი სარგებელი. მაგრამ აქ პრობლემა მხოლოდ შრომით ბაზარში კი არ არის, არამედ სარგებლის სიმცირის მიზეზი უმაღლეს სასწავლებლებს უკავშირდება – ისინი არ უშვებენ იმ უნარებითა და ცოდნით აღჭურვილ პროფესიონალებს, როგორიც შრომის ბაზარს სჭირდება.
განათლების სექტორმა ყური უნდა უგდოს თუ როგორ აღიქვამენ დამსაქმებლები შრომის ბაზარზე არსებულ უნარებს. ჩატარებული კვლევის მიხედვით დღეს საქართველოში დამსაქმებლების 30% თვლის, რომ მათთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევა ადეკვატური ცოდნისა და უნარების არმქონე სამუშაო ძალაა. ამ გამოწვევასთან გამკლავების ერთ-ერთი გზა შესაძლოა გადიოდეს კერძო სექტორთან უნივერსიტეტების თანამშრომლობაზე. სასწავლო პროგრამების, სტრატეგიული დოკუმენტებისა თუ პროფესიული კვალიფიკაციების განსაზღვრის პროცესში უნდა ჩავრთოთ დამსაქმებლები, პროფესიული გაერთიანებები, ბიზნეს ასოციაციები – მუდმივად უნდა ვაკონტროლებდეთ მათ მოლოდინებსა და საჭიროებებს. ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმიზაციას, სადაც განათლებას, მეცნიერებას, ეკონომიკას და კულტურას შორის სტრატეგიული ინტეგრირებული ხედვა არსებობს.
ამ მიმართულებას ISET-ში სერიოზულად ვეკიდებით. აქ სამეცნიერო კვლევა და სწავლება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ასევე, მუდმივად ვადევნებთ თვალს ჩვენი კურსდამთავრებულების პოზიცირებას შრომით ბაზარზე და იმას თუ როგორ პასუხობს მათი ცოდნა და უნარები ბაზრის დინამიკას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტებს პროფესიული სტანდარტები, ეთიკა და ღირებულებები გავუზიაროთ. წარმატებაზე გარკვეულწილად მეტყველებს სტატისტიკა – ISET-ის კურსდამთავრებულების 90%-ზე მეტი თავისი პროფესიით მუშაობს, დასაქმების საერთო მაჩვენებელი კი თითქმის 100%-ია.
საქართველო – განათლების რეგიონალური ჰაბი
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 13-ჯერ გაიზარდა და 20,000-ს მიუახლოვდა. ეს რიცხვები მიგვანიშნებს, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი გვაქვს. თუმცა, მისი რეალიზება დაკავშირებულია მონდომებასა და სტრატეგიულ ხედვასთან. საქართველო სასურველი და პოპულარული ქვეყანა გახდა ტურიზმის კუთხით, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მისი საერთაშორისო განათლების ადგილად ჩამოყალიბებას, თუ ეს განათლების სექტორის სტრატეგიული მიმართულება გახდა. მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ის პროფესიული სფეროები, რომლებშიც კონკურენტული უპირატესობა გვაქვს რეგიონის კონტექსტში, გარდა მედიცინისა სადაც უკვე ნათელია ჩვენი საგანმანათლებლო ბაზრის მიმზიდველობა.
ISET-ის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგვიგროვდა. ჩვენთან ეკონომიკის მიმართულებით განათლება უკვე მიიღო 75 სტუდენტმა უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან და ამჟამად 25 უცხოელი სტუდენტი ეუფლება ეკონომისტის პროფესიას. მიმაჩნია, როგორც თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ შეძლო რეგიონის რუკაზე მოენიშნა თავი ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ შესაძლებელია მასშტაბების მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე, წარმატებით შეგვიძლია მთელი ქვეყანა მოვნიშნოთ რუკაზე განათლების რეგიონულ ჰაბად.
პანდემიის გავლენა
პანდემიამ ბევრ სერიოზულ პრობლემის მოტანასთან ერთად უნივერსიტეტებისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარაც გახსნა. ჩვენ უკვე შეგვიძლია ქვეყნის გარეთაც ვეძებოთ აკადემიური პერსონალი, უცხოურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით შევქმნათ სასწავლო მოდულები და კურსები, მათი კურსები იყოს ინტეგრირებული ჩვენს სასწავლო გეგმაში. ISET ამას უკვე წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა ევროპულ პარტნიორებთან. სწრაფი ადაპტაცია დღეს წარმატების საწინდარია.
სამწუხაროდ, პანდემიამ მნიშვნელოვნად გააღრმავა ინკლუზიურობის გამოწვევა. ჩვენს ქვეყანაში ადრე არსებულ სიძნელეებს დაბალშემოსავლიანი სტუდენტებისათვის დაემატა ტექნოლოგიურ რესურსებთან წვდომის პრობლემაც. შესაძლოა ინტერნეტთან, ან შესაბამის კომპიუტერულ მოწყობილობებთან შეზღუდულმა წვდომამ შეაფერხოს სტუდენტის სასწავლო პროცესი, აბიტურიენტების მომზადება გამოცდებისთვის და ა.შ. ამ ნაწილში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ერთად – სახელმწიფო და კერძო სექტორმაც უნდა ვიგრძნოთ.
პანდემიის პირობებში სახეზეა ეკონომიკური რყევები, უპრეცენდენტოდ რთული ვითარებაა შრომის ბაზარზეც – წელს ჩვენ მოგვიწევს მეტი მუშაობა სტუდენტებთან, რომლებიც აკადემიური წლის ბოლოს გადიან შრომის ბაზარზე. აქტიურად უნდა ჩავერთოთ მათი კონსულტირების ნაწილში, რათა დავეხმაროთ არსებულ მწირ შესაძლებლობებზე წვდომაში.
მომავლის ხედვა
ISET-ის ქვეყნისათვის საჭირო და მისი წამყვანი ეკონომიკური ინსტიტუციების მიერ მაღალმოთხოვნად ეკონომისტ ანალიტიკოსებს ამზადებს. გვაქვს დასაქმების უმაღლესი მაჩვენებელი, გარე შემფასებლებიც მიგვითითებენ, რომ სტუდენტებს ვაწვდით საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამის ეკონომიკურ განათლებას. ISET კვლევითი ინსტიტუტი კი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს. გვაქვს ამბიცია, მოვიზიდოთ მეტი სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ვიყოთ რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრი ეკონომიკის მიმართულებით და წვლილი შევიტანოთ რეგიონის მასშტაბით საქართველოს საგანმანათლებლო პოტენციალისა და რეპუტაციის გამყარებაში.