თამარ დოლიძე ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტობისთვის ემზადებოდა, ბოლო წუთებში მიხვდა, რომ სტომატოლოგია უფრო აინტერესებდა. პროფესიული არჩევანით ბედნიერია, მეტიც, საკუთარი თავი სტომატოლოგიის გარეშე ახლა ვერც კი წარმოუდგენია. მის გადაწყვეტილებაზე ასევე დიდი გავლენა მამამ, თამაზ დოლიძემ, იქონია, რომელიც ამიერკავკასიაში იმპლანტაციის ფუძემდებელი გახლდათ. პროფესიული არჩევანის გაკეთებიდან დიდი დრო გავიდა და უკვე 18 წელია თამარი ერთ-ერთ წარმატებულ სტომატოლოგიურ კლინიკას ‒ „მედი-დენტ+“-ს ხელმძღვანელობს, რომელიც 2005 წელს თავად დააფუძნა.
თამარ დოლიძემ პირველადი განათლება თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიაში მიიღო, ის პროფესიით ორთოპედ-სტომატოლოგია. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქ. მოსკოვში გაემგზავრა და კლინიკური ორდინატურის ორწლიანი სრული კურსი გაიარა. მოსკოვშივე დაიცვა 2000 წელს იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე საკანდიდატო დისერტაცია. თბილისში დაბრუნებულმა, 2001 წელს მუშაობა სამედიცინო აკადემიაში ორთოპედიის კათედრაზე კათედრის ასოცირებულ პროფესორად დაიწყო, პარალელურად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკაში ექიმ-ორთოპედად საქმიანობდა. 2002 წლიდან თამარი ამავე ინსტიტუტში კათედრის ასოცირებული პროფესორია, 2016 წლიდან კი ‒ კათედრის სრული პროფესორი.
„ექიმების ოჯახში გავიზარდე. დედა პედიატრია, თუმცა ჩემს პროფესიულ მომავალზე გავლენა მამამ იქონია. მამა, თამაზ დოლიძე, ამიერკავკასიაში იმპლანტაციის ფუძემდებელია და მეც ოჯახური ტრადიციის გაგრძელება გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ვფიქრობდი. პროფესიული არჩევანით ბედნიერი ვარ, რადგან ამ გადმოსახედიდან ერთი წუთიც ვერ წარმომიდგენია ჩემი განვლილი ცხოვრება სტომატოლოგიის გარეშე“.
კარიერული გზა თამარმა დამოუკიდებლად გაიარა, თუმცა პროფესიული განვითარების გზაზე მამა მუდმივად მხარს უჭერდა და ფასდაუდებელ რჩევა-დარიგებებს აძლევდა. თამაზ დოლიძის, როგორც პირველი იმპლანტოლოგისა და საუკეთესო ორთოპედ-სტომატოლოგის სახელი, სტომატოლოგიის სფეროში დღესაც კარგად ახსოვთ.
აქტიური პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, თამარ დოლიძე თავიდანვე ჩართული იყო აკადემიურ საქმიანობაში, წლებია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორია.
„2001 წლიდან ძალიან ბევრმა ნიჭიერმა და მიზანდასახულმა სტუდენტმა გაიარა ჩემს ხელში, ბევრი წარმატებულ სტომატოლოგად ჩამოყალიბდა. რამდენიმე ყოფილი სტუდენტი ჩემს კლინიკაშიც აგრძელებს პრაქტიკულ მუშაობას. სტუდენტებთან ურთიერთობა დიდ სტიმულს მაძლევს, მხოლოდ მე არ ვზრდი ახალ თაობას, ისინიც მზრდიან მე, რადგან სტუდენტებთან ურთიერთობა მუდმივად საკუთარ თავთან მუშაობას მოითხოვს. ბედნიერებაა, რომ კარგი მომავალი თაობა იზრდება და სტომატოლოგიური ასპარეზი თამამად შეგვიძლია ამ ნიჭიერ მომავალ კოლეგებს მივანდოთ. ვაპირებ აკადემიურ სფეროში დიდხანს დავრჩე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს მომავალ თაობას გავუზიარო“.
2005 წელს თამარ დოლიძემ საკუთარი კლინიკა დააფუძნა. „მედი-დენტ+“-ის ულამაზესი ლოგოც თამაზ დოლიძის შექმნილია. 18 წლის განმავლობაში კლინიკამ დიდი პროგრესი განიცადა და გაფართოვდა. დღეს „მედი-დენტ+“ ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს სტომატოლოგიურ ბაზარზე. კლინიკაში მუდმივად ინერგება ახალი ტექნოლოგიები და მკურნალობის უახლესი მეთოდები. „მედი-დენტ+“ პაციენტებს სთავაზობს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას: თერაპია, ორთოპედია, ქირურგია, ბავშვთა სტომატოლოგია, დენტალური იმპლანტოლოგია, ორთოდონტია. 2007 წლიდან წარმატებულად ტარდება დენტალური იმპლანტაციის ოპერაციები. კლინიკა ბავშვებს თბილ და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. კლინიკაში კბილების გათეთრება ტარდება უახლესი მეთოდით, ზუმის აპარატის გამოყენებით, კბილების მხატვრული რესტავრაცია უახლესი სხივგამყარებადი ჰელიო კომპოზიტებით; ვინირება როგორც თერაპიული, ასევე ორთოპედიული მეთოდით, პრესკერამიკული მასალის გამოყენებით; პაროდონტოლოგიური დიაგნოსტიკა Florida Probe-ის საშუალებით. ასევე კბილების მკურნალობა მიკროსკოპის გამოყენებით. მოწინავე ადგილი უკავია ორთოპედიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. იარაღების სტერილიზაცია ყველა გაიდლაინის დაცვით წარმოებს.
რადგან კვალიფიკაციის ამაღლება თამარ დოლიძის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, კლინიკა პერსონალის კვალიფიკაციაზე ზრუნვას სხვადასხვა სემინარსა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობით უზრუნველყოფს. თავად თამარს სულ მცირე 30 საერთაშორისო ფორუმში აქვს მონაწილეობა მიღებული ‒ საკუთარი ნაშრომის წარდგენით როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
„ჩვენს კლინიკაში აბსოლუტურად ყველა დარგის სპეციალისტი გვყავს, პაციენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ვემსახურებით, ციფრული სტომატოლოგია ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი მოწინავეა. ჩვენთან ყველანაირი რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი“.
მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, თამარ დოლიძე ცდილობს პაციენტებს გადაუდებელი დახმარება დაუყოვნებლივ გაუწიოს ‒ კლინიკაში გვიანობამდე დარჩეს, ან სამუშაო დღის დაწყებამდე მივიდეს. თამარი პაციენტებს უარს არც სატელეფონო კომუნიკაციაზე ეუბნება.
აქტიური პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, თამარ დოლიძე მისივე დაფუძნებული სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯმენტითაა დაკავებული, ეს კი ცხოვრების დატვირთულ წესს ნიშნავს.
„კლინიკის დაფუძნებისას, როცა გუნდს ვაყალიბებდი, პროფესიულ უნარებთან ერთად, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ექიმების ადამიანურ მახასიათებლებსაც. დღემდე ამ მიდგომით ვხელმძღვანელობ. პაციენტთან ექიმის ურთიერთობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტომატოლოგისთვის, არამედ ნებისმიერი პროფილის ექიმისთვის. აუცილებელია სპეციალისტმა ზუსტად იცოდეს როგორ დაამყაროს ურთიერთობა პაციენტთან. თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ პიროვნულ მახასიათებლებზე დაყრდნობით არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ექიმი პროფესიონალი უნდა იყოს, რათა მას პაციენტების მხრიდან ნდობა ჰქონდეს“.
ბაზარი სტომატოლოგიური კლინიკებით გაჯერებულია, თამარისთვის ჯანსაღ კონკურენციას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, სჯერა, რომ კონკურენტული გარემო ხელს უწყობს სტომატოლოგიური სფეროს განვითარებას და პაციენტებისთვის მაღალი დონის მომსახურების შეთავაზებას.
„მე, პირადად, კონკურენტებს დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ აუცილებელია კონკურენცია იყოს ჯანსაღი და ყველა იცავდეს კოლეგიალობას. მიწევს ვაღიარო, რომ ამ მხრივ საქართველოში ცოტა გვიჭირს. ჯანსაღი კონკურენციის გარეშე ვერც სტომატოლოგიური დარგი წავა წინ. ჩვენ, სტომატოლოგები, საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობთ, დიდ ფინანსურ რესურსსა და ძალისხმევას ვდებთ ჩვენს პროფესიულ განვითარებაში“.
თამარ დოლიძის უახლოესი გეგმა კლინიკის გაფართოებას უკავშირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მისმა შვილმაც ოჯახური ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტა.
„მე მამის კვალს გავყევი, თუ ჩემი შვილი ჩემს კვალს გაჰყვება, ცუდი არ იქნება, მე მისთვის არაფერი დამიძალებია, თუმცა ვერ დავმალავ, რომ მისი არჩევანი არ გამხარებია“.