თიბისის მხარდაჭერით კომპანია „ბაია ფუდი“ 2023 წლიდან ნატურალურ ხილის სნექებს გამოუშვებს

კომპანია „ბაია ფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ დაფქულ-გადამუშავებული და ნატურალური, მშრალი ხილით გამდიდრებული ფაფების მიმართულებით მომხმარებლის საყვარელ, უკონკურენტო ბრენდად რჩება.

წლების განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა, თუმცა დევიზი – „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“ – არ შეცვლილა. სწორედ ამ დევიზს ეფუძნება კომპანიის ყველა ახალი წამოწყება თუ პროდუქტი, მათ შორის, ხილის ფაფებიც, რომელთა ხაზიც „ბაია ფუდმა“ 2019 წლიდან დაამატა და შავი ქლიავის, ალუბლის, ვაშლის, ბანანისა თუ გარგარის ფაფებს უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შესძინა.

დაფქული წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის, ქერის, სიმინდის ფაფები თავიდან ბავშვთა კვების ხაზით იყო ჩაფიქრებული, თუმცა საწარმოს გაფართოებისა და ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ „ბაია ფუდის“ ჯანსაღი, უჯრედისით მდიდარი ფაფები ყველა ასაკის მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი გახდა.

„ჩვენი პროდუქცია არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა თუ სტაბილიზატორებს. წიწიბურასა და ბრინჯის გარდა, ძირითადი ნედლეული – მარცვალ-ბურღულეული და ხილის ჩირებიც, რომლითაც ვამდიდრებთ ფაფებს, ქართული წარმოებისაა. მარცვალი ჩვენთან სპეციალური დანადგარებით, ეგრეთწოდებული რბილი დაფქვის მეთოდით იფქვება. ამ დროს ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტში ჯანსაღი ნივთიერებების შესანარჩუნებლად. დაფქული მარცვლეული კი გაცილებით მალე იხარშება, ვიდრე მთლიანი მარცვალი. ეს ყველაფერი ჩვენი ბრენდის ხარისხის და პოპულარობის საფუძველია. ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დაარსების დღიდან ჩვენი დევიზი და არჩევანია, რის გამოც ამ პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებელი სიამოვნებით მიირთმევს“, – ამბობს კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელი, ზვიად გრძელიძე.

სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტების დახმარებითა და საკუთარი ინვესტიციით, 50 კვ.მ იჯარით აღებულ ფართში ერთი სახეობის ფაფით დაწყებული საქმე დღეისათვის საკუთარ საწარმოს, 25 სახეობის პროდუქტს და 18 დასაქმებულს ითვლის, რომელთა რიცხვიც პერიოდულად იზრდება.

მიმდინარე წლიდან „ბაია ფუდი“ ახალი ხაზის – ხილის სნექების წარმოებასაც დაიწყებს. ადგილობრივი ხილისგან დამზადებული, შოკოლადით გამდიდრებული ტკბილეული უახლესი ტექნოლოგიითა და ახალი დანადგარებით დამზადდება, რომლებიც „ბაია ფუდმა“ ინოვაციების სააგენტოს მიერ დაწესებული გრანტისა და UNDP -ს პროექტის ფარგლებში შეიძინა.

თიბისის მხარდაჭერით უკვე დაწყებულია ხილის სნექებისთვის განკუთვნილი საწარმოს გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა. თიბისისავე დახმარებით, 2023 წლის დასაწყისში „ბაია ფუდი“ დანადგარების მონტაჟს დაასრულებს და გაზაფხულიდან ხილის სნექების პირველ რამდენიმე პროდუქტს გამოუშვებს.

2023 წელს განიხილება, ასევე, პროდუქციის გამრავალფეროვნება და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც. ექსპორტამდე კი ხილისა და ბურღულ-მარცვლეულის ფაფებს „მიუსლიც“ დაემატება.