TBC ბანკი უზბეკეთის საბანკო სექტორში შესვლას გეგმავს

თიბისი ბანკი უახლოეს მომავალში უზბეკეთში საბანკო საქმიანობის დაწყებას გეგმავს. TBC Bank Group-მა უკვე შეიტანა განაცხადი უზბეკეთის ცენტრალურ ბანკში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. აღნიშნულ ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Spot.uz ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეზე, გიორგი შაგიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმე თვის წინ თიბისიმ უზბეკური გადახდების სისტემის, Payme-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. მესამე კვარტალში Payme-ის მომხმარებელთა რაოდენობა 10,4%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონი შეადგინა. იმავე კვარტალში მოგების სახით კომპანიამ თითქმის 2.2 მილიონი ლარი მიიღო.

„ჯერ ვერ გეტყვით რა პროდუქტს შევთავაზებთ მომხმარებლებს, თუმცა, შემიძლია გაგიმხილოთ რომ ის მალე გამოჩნდება ბაზარზე. ჩვენ უკვე შევიტანეთ განაცხადი საბანკო ლიცენზიის მისაღებად და რეგულატორის პასუხს ველოდებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სხვა ინიციატივები, რომელთა განხორციელებასაც უზბეკეთში ვგეგმავთ.“ – განაცხადა TBC Bank Group-ის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ.

2019 წლის მაისში თიბისი ბანკმა უზბეკეთში პირველი სრულად ციფრული საბანკო პროდუქტის გაშვება დაანონსა. აღნიშნული პროექტისადმი დაინტერესება გამოხატეს EBRD-მა და სხვა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუციებმა.